„ტელესკოლა“ მოზარდებს ინტერნეტსივრცის რისკებზე ინფორმაციას არ აწვდის – ომბუდსმენის რეკომენდაცია სამინისტროს
კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციური სწავლების პარალელურად, მოზარდების მხრიდან ინტერნეტის მოხმარების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინტერნეტსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ კი ბავშვებს და მათ მშობლებს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ.
ამის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია (ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების შესახებ) საუბარი, რომელიც ნინო ლომჯარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაუგზავნა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის შესაბამისი დადგენილება არ ითვალისწინებდა მასწავლებლის მიერ მოსწავლის ოჯახისთვის ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას და ამ საკითხს არც „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განკუთვნილი საათები ეთმობოდა.
„საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N205 დადგენილება არ ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგნის მასწავლებლის, დამრიგებლის ან სხვა უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, კონსულტაცია გაუწიოს მოსწავლესა და მის ოჯახს ინტერნეტსივრცის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. ცხადია, აღნიშნული ასევე მოიაზრებს კიბერბულინგსა და მისი დაძლევის გზებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ამ მიმართებით იდენტური შინაარსი აქვს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაწესებული შეზღუდვების პირობებში სასწავლო პროცესის განხორციელების წესს ადგენს“,- ნათქვამია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთ-ერთ საგნობრივ ჯგუფად ტექნოლოგიებს გამოყოფს, რომელშიც ერთადერთი სავალდებულო დისციპლინა „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ერთიანდება. მიუხედავად ამ საგნის არსებობისა, ბავშვის უფლებათა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საპირისპიროდ, იგი მხოლოდ V-VIII კლასებში ისწავლება და მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს დაწყებით და საბაზო საფეხურებს. დაწყებითი საფეხურზე ამ საგნის სწავლის შედეგებში ციფრული მოქალაქეობის კომპონენტი კი პრაქტიკულად არ არის ინტეგრირებული.
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მითითებით, პანდემიის პირობებში სახელმწიფოთა მიერ სასწავლო კურიკულუმებში მოცემული მიზნების ხელახალი პრიორიტეტიზაცია და მათი ახალ რეალობაზე მორგება მნიშვნელოვანია. ამ ჭრილში აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ პროექტი „ტელესკოლის“ პლატფორმა, როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სასწავლო დაწესებულებებთან ერთად, ამ პროექტის მეშვეობით ხორციელდებოდა. „ტელესკოლის“ ცხრილი კი არ მოიცავს საგნის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ გაკვეთილებს. სახალხო დამცველის მიერ „ტელესკოლის“ პროექტის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მასში არ არის წარმოდგენილი ისეთი ვიდეოები, რომლებიც მოსწავლეებს სპეციალურად ციფრული მოქალაქეობისა და ინტერნეტსივრციდან მომდინარე რისკების თაობაზე აწვდის ინფორმაციას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების დონე არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ომბუდსმენი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.
„უზრუნველყავით ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნის მეშვეობით იმგვარად, რომ სრულფასოვნად დაინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
უზრუნველყავით მოსწავლეთა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისათვის ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლებაში ტრენინგ პროგრამების შემუშავება/ჩატარება, ამასთან მათი განთავსება „ტელესკოლის“ პლატფორმაზე“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას მიმართვაში.
„ტელესკოლა“ – ვინ და როდის გაზომავს ხარჯსა და სარგებელს
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება