GE

„ტესტს რთული საკითხები დაემატა, დრო კი კვლავ უცვლელი დატოვეს“ – რა პრობლემებზე საუბრობენ ისტ-ის საგნის გამოცდაზე გასული მასწავლებლობის მსურველები

“თუ უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით არ გაქვთ მიღებული, ამ გამოცდის ჩაბარების შანსი მცირე გექნებათ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებლობის მსურველი, რომელმაც დღეს, 21 ივლისს, საგნის გამოცდას კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკულ ნაწილში ჩააბარა, თეორიული ნაწილი კი – 20 ივლისს.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიმხელს, ის თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციაშია დასაქმებული და სურს, რომ საათობრივი დატვირთვაც ჰქონდეს.

“ამჟამად დასაქმებული ვარ სკოლის ადმინისტრაციაში. უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით მაქვს მიღებული, თუმცა ჩემი პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩემთვის გამოწვევა არ არის. თეორიულ ნაწილში მომზადება არ გამივლია, ტესტებით ვმეცადინეობდი და ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს”.

გამოსაცდელის ინფორმაციით, სკოლებში ისტ-ის სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია, რაც მისთვის მთავარი მოტივაცია გახდა, რომ სწორედ ამ საგნის გამოცდაზე გასულიყო.

რესპონდენტს ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს ისტ-ის საგნის სწავლების პროცესში, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

“მთავარი გამოწვევა მაინც რესურსებია. არ გვაქვს საკმარისად გამართული ტექნიკა და ამის გამო, ბავშვმა რომ გარკვეული საკითხები ისწავლოს, დროც მეტი სჭირდება”, – გვითხრა სკოლის თანამშრომელმა და საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.

ჩვენი მეორე რესპონდენტი კი, საჩხერის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ისტ-ის ყოფილი პედაგოგი, პრობლემებზე ღიად საუბარს არ გაურბის და საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს.

თეა ტაბატაძე EDU.ARIS GE-ს უყვება, რომ საგნის გამოცდაზე მეორედ გასულს სხვადასხვა კუთხით აქვს უსამართლობის გრძნობა და გვიხსნის, რატომ.

მისთვის უსამართლოა, რომ პირი, რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და რამდენიმე წელი სკოლაშიც ასწავლიდა, ახლა იძულებულია, საგნის გამოცდა ჩააბაროს და ფიქრობს, რომ შეეძლო სკოლაში იმ დიპლომის საფუძველზეც ესწავლებინა, რომელიც 4-წლიანი სწავლის შემდეგ, უნივერსიტეტში მიიღო.

“მოგეხსენებათ, გამოცდისთვის მეცადინეობაა საჭირო მხოლოდ ცოდნა არასაკმარისია, კონკრეტულ დავალებებში უნდა მოემზადო, ამის დრო კი მოქმედ პედაგოგებს ნაკლებად აქვთ. გასულ წელს პირველად გავედი ამ საგნის გამოცდაზე. მაშინ უკვე ვასწავლიდი სკოლაში ისტ-ის საგანს. ვერ ჩავაბარე გამოცდა, სულ რამდენიმე ქულა დამაკლდა სერტიფიცირებისთვის იმ მიზეზით, რომ საკითხებისთვის არც კი გადამიხედავს, არ მქონდა მეცადინეობის დრო. თან ვფიქრობდი, უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და ისეთი რა საკითხები იქნება-მეთქი.

“დღეს უსამართლობის გრძნობა მაქვს, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისტ-ის საგამოცდო ტესტს წელს რთული საკითხები დაემატა, სამუშაო დრო კი კვლავ უცვლელი დატოვეს. ეს, რა თქმა უნდა, მიჩენს უსამართლობის განცდას, რადგან ტესტი გართულდა, ჩვენთვის კი სამუშაო დრო არ გაუზრდიათ. ახლა მეტი დრო მაქვს გამოცდაზე მომზადებისთვის, რადგან აღარ ვასწავლი სკოლაში, თეორიული ნაწილი უკვე ჩავაბარე და კმაყოფილი ვარ, პრაქტიკული გამოცდა გადამწყვეტია და დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილსაც კარგად გავართმევ თავს”, – აცხადებს გამოცდის ჩასაბარებლად თბილისის 175-ე სჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში მისული აპლიკანტი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობს, მისი თქმით, საგამოცდო ტესტს უკავშირდება. სკოლაში დასაქმების შემთხვევაში, მან კომპიუტერული ტექნოლოგიების საგანი მე-6 კლასის ჩათვლით უნდა ასწავლოს, საგამოცდო ტესტი კი, როგორც თეა ამბობს, იგივე ცოდნას სთხოვს, რაც, მაგალითად, აიტი სპეციალისტს უნდა ჰქონდეს. თეა ფიქრობს, რომ ასეთი მოცემულობა ლოგიკას არ ექვემდებარება.

“რასაც ტესტში გვთხოვენ, ეს ნამდვილად არ არის ის, რაც შეიძლება, რომ სკოლაში, მე-5 და მე-6, დაწყებითი კლასის მოსწავლეს ჩვენ ამ საგანში მივცეთ. რაც აიტი სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ჩვენც იმავეს გვთხოვენ – წვრილმანების ცოდნას. მაგალითად, რომელ კაბელში შემოდის ინტერნეტი – ტექნიკური და დეტალური ცოდნა რასაც ჰქვია… ეს არ შედის დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამაში და ჩვენ რატომ გვთხოვენ და გვიდგენენ ასეთ საგამოცდო პროგრამას?! ვფიქრობ, ეს მოცემულობა ლოგიკას არ ექვემდებარება”, – აღნიშნავს თეა ტაბატაძე.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური