GE

„თითოეულ მოსწავლეს პირველ რიგში ეს სჭირდება..“ – რა როლი აქვს არაფორმალურ განათლებას სწავლების თანამედროვე პროცესში

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნინი მახარაშვილი

სკოლის ასაკში ფანჯარაში ყურებისას, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გვიოცნებია და წარმოგვიდგენია ის გარემო, სადაც მოწყვეტილი ვიქნებოდით რუტინულ გაკვეთილებს, სადღაც მოლზე ვისხდებოდით, წავიკითხავდით, დავწერდით, თავისუფლად გამოვხატავდით ჩვენს აზრებს და ამასობაში მივიღებდით იმ ინფორმაციას, რაც შემდეგ ცხოვრებაშიც გამოგვადგებოდა. წლების განმავლობაში ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვითი სკოლა იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, მსგავსი სტილით განათლების მიღება თუ ხდებოდა, სანამ თავად არ აღმოვჩნდი მსგავს გარემოში და არ გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ფორმალურ განათლებას მიჩვეულს, ბაღის ასაკიდან უნივერსიტეტის კედლებით დამთავრებული და შემდეგ კი, უკვე სამსახურში, წინ გადამეშალა იმ ოცნების სკოლის მოდელი, რომელსაც ამდენი წელი ფანჯრის მიღმა „ვხედავდი“.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველა მხრიდან ინფორმაციული „აფეთქება“ და ტექნოლოგიური ეპოქა გვიპყრობს, სამყარო სრულიად სხვა გამოწვევის წინ დადგა და ვფიქრობ, ფორმალური განათლების ტიპი ისე ვეღარ პასუხობს ამ გამოწვევებს, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც, ნახევარი საუკუნის წინ. ამასობაში მასწავლებლებიც სხვა რეალობაში აღმოვჩნდით და დავიწყეთ ფიქრი, როგორ მივაწოდოთ გაკვეთილები ისე, რომ მოსწავლეთათვის საინტერესოც იყოს, მოტივაციის მიმცემიც და ამავდროულად, შემეცნებითიც.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განათლების სასკოლო სისტემა ფორმალურ განათლებას ეყრდნობა, ამ ყველაფერზე სრულად უარის თქმა ვერ მოხერხდებოდა, თუმცა გარკვეული აქტივობების დაგეგმვა და მორგება ნამდვილად შეიძლებოდა, თუ მოსწავლეთა მხრიდანაც იქნებოდა მზაობა და სწორი უკუკავშირი.

დავიწყე ფიქრი და პრაქტიკულად გადმოტანა იმ აქტივობების, რაც თავად გამოვცადე საკუთარ თავზე და შედეგი დავინახე. პირველ რიგში, რაც თითოეულ მოსწავლეს სჭირდება არის ცოდნა იმისა, რა სურს მასწავლებელს მისგან? რატომ სწავლობს კონკრეტულ თემას? რაში გამოიყენებს ის მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში? თუ მოსწავლეებს აღნიშნულ თემებზე გავუმახვილებთ ყურადღებას, მათი გონება უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ ახალი ინფორმაცია მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლით, მთავარია, გასცეთ მოსწავლეს პასუხი, რატომ ასწავლით? შეიმუშავეთ წესები მათთან ერთად.

სანამ გაკვეთილს დაიწყებთ, შეგიძლიათ შეიტანოთ ე.წ. „ენერჯაიზერები“, როდესაც მოსწავლე არის დაღლილი, 5 წუთიანი დასვნება, მით უმეტეს, ბოლო გაკვეთილებზე, არ არის საკმარისი და მათ სჭირდებათ მეტი ენერგია, მეტი მოტივაცია, მხიარულება და გამოცოცხლება, ეს ყველაფერი კი ამაში დაგეხმარებათ.

მაგალითად, შეხვედით გაკვეთილზე და კლასში დაძაბული გარემოა, გინდათ მოსწავლეები უფრო დაახლოვოთ და საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, მეტი მხიარულება შეიტანოთ. შესთავაზეთ „ბინგო“. მიეცით რამდენიმე კითხვა, რომელსაც დაუსვამენ ერთმანეთს. მაგალითად: „მე ვცეკვავ… მე საჭმელს ვაკეთებ… მე ვატარებ ველოსიპედს…“ და ვინც პირველი შეავსებს აღნიშნულ კითხვარს, დაიძახებს „ბინგო“. ეს აქტივობა, განმუხტავს სიტუაციას, ამავდროულად მეტ ინფორმაციას გაიგებენ ერთმანეთზე.

არაფორმალურ განათლებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობით ურთიერთობებს და დემოკრატიულ მიდგომებს. არ არსებობს ლიდერი, რადგან ყველა ლიდერია და ყველას აქვს რაღაც უნარი, რითიც შეუძლია ჯგუფს დაეხმაროს და თანაბრად იყვნენ ჩართულნი აქტივობაში. ამიტომ ჯგუფური სამუშაოს მიცემა, აუცილებლად უნდა მოხდეს გამჭირვალედ, მიუკერძოვებლად და შემთხვევითობის პრინციპით. დააყენეთ მოსწავლეები წრეზე და გადაათვლევინეთ, თუ გსურთ მაგალითად, ოთხი ჯგუფი ოთხამდე ან შეგიძლიათ ხილი აირჩიოთ, მაგალითად: ვაშლი, ატამი, მსხალი, საზამთრო და გუნდები ასე, შემთხვევითობის პრინციპით შექმნათ. ამით ყველა თანაბარ სიტუაციაში იქნება, არ ექნებათ განცდა, რომ თქვენ ხართ მიკერძოებული და ვინმეს „ინტერესს“ იცავთ.

აუცილებლად განსხვავებული თემები მიეცით სამუშაოდ და დრო განუსაზღვრეთ. მიეცით თავისუფლება, როგორც თავად სურთ, ისე წარადგინონ პრეზენტაციები. ზოგი ფორმატზე გააკეთებს პრეზენტაციას, ზოგი თეატრით წარმოადგენს თავის სათქმელს,ზოგი კი რაღაც ახალ პროდუქტს შექმნის. აუცილებელია, თავად აირჩიონ რა სახით სურთ. მთავარია იცოდნენ, რომ თემას არ უნდა აცდნენ. ამით თავიანთ ნიჭს გამოავლენენ, რაც მეტ თავდაჯერებულობას შესძენთ და რა თქმა უნდა, მოტივაციასაც გაუზრდით.

წარმოიდგინეთ, ხართ მოსწავლე, რა გსურდათ მაშინ? ალბათ, სწავლა ნაკლებად “მწარე” ყოფილიყო, არა?! წარმოიდგინეთ, ზიხართ საკლასო ოთახში, გარეთ პირველი თოვლია და ერთი სული გაქვთ გარეთ გაიქცეთ. რას იტყოდით, მასწავლებელი რომ შემოსულიყო და ეთქვა, გარეთ გვექნება გაკვეთილი, ჩაიცვით ქურთუკებიო? ან ცივი დღეების შემდეგ, პირველად რომ გამოეჭყიტა მზეს და სკოლის ეზოში, ექსპრომტად გემსჯელათ, ორი სამშობლოს თემაზე, ცრემლიანი თვალებით შეგეხედათ მოსწავლეებისთვის და ამოგეკითხათ, გეგრძნოთ, გაგეგოთ ზღვის ტალღების ხმა? ალბათ, იმდენად ტკბილი იქნებოდა ის ტკივილი, წლების შემდეგ გაიხსენებდით, არა?

ზოგჯერ საჭიროა, პულსს დავადოთ ხელი, გავიგოთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მომავლად გვესახება და ილიას „ბედნიერ ერზე“ მსჯელობისას, ჭიქა ჩაიც დავლიოთ მათთან ერთად, თუნდაც იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ მათი ზოგჯერ ჩახშული, სადღაც დაკარგული სიტყვების არსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური