„თითოეული მასწავლებლისგან, სემესტრის ბოლოს, ნიშანთან ერთად დაიწერება წერილი“ – მიხეილ ჩხენკელი განმავითარებელ შეფასებაზე
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახლა, პანდემიის შემდგომი სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეების შეფასება მასწავლებლებისგან დაიწყება განმავითარებელი და კომპლექსური დავალებების მიცემის თვალსაზრისით და როცა გამოჩნდება, თუ რა ხარვეზი აქვს მოსწავლეს, რომელიც დისტანციური სწავლებით არის განპირობებული, მისი აღმოფხვრა გასული მასალის გადამეორებით და სხვა მიდგომებით მოხდება.
ამის შესახებ მინისტრმა დისტანციური სწავლების მონიტორინგზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
„იმის გამო, რომ დისტანციური სწვლების აწყობა ქვეყანაში ფაქტობრივად ნულიდან მოხდა, ამის გამო აკადემიური სწავლების ხარისხმა არ უნდა იზარალოს. ზოგადად და მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით წარიმართა. ჩვენ ვიცით სკოლები, სადაც იყო ხარვეზები, მაგრამ ცალკეული სკოლების გამოწვევებს და პრობლემებს ნუ განვაზოგადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ასევე ძალიან წარმატებული მაგალითებიც, სადაც მასწავლებლების ინოვაციური მიდგომით, სამინისტროს მეთოდოლოგიური რჩევების გათვალისწინებით, ძალიან ძლიერი გაკვეთილები შედგა. მაგრამ ვიმეორებ, ეს ვერ ჩაანაცვლებს რეალურ საგაკვეთილო პროცესს.
„თქვენ აღნიშნეთ, როგორი ეფექტი ექნება ამას ცოდნაზე. შეფასების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ითქვა ქვიზები და ა.შ. კი, არის ეს ინსტრუმენტი, მაგრამ როდესაც ისევ ონლაინ რეჟიმში ხარ, თვითონ ქვიზის, ან საკონტროლოს ან გამოცდის აკადემიური ვალიდურობა, არ არის ისეთი, როგრც ეს იქნებოდა საკლასო ოთახებში. ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს ახალ იდეას და ჩვენ შემოვიღეთ შეფასების ახალი სისტემა, რომ გარდა ნიშნების, რომელიც ცხადია, დარჩა, ჩვენ შემოვიღეთ განმავითარებელი შეფასება, რაც გაცილებით უფრო სიღრმისეულია ბავშვის აკადემიური პროგრესისთვის. ეს დამატებით შრომას მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია და თითოეული მასწავლებლისგან, სემესტრის ბოლოს, ნიშანთან ერთად დაიწერება წერილი. ტექსტურად მოხდება აღწერა, თუ რა მიღწევებს მიაღწია ამა თუ იმ მოსწავლემ, რა გამოწვევები არსებობდა და ა.შ. კი, ნიშანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიშანი დისკრეტულია. წერილს მოაქვს გარკვეული ინფორმაცია, სიღრმისეულად, თუ რა გამოწვევები ჰქონდა კონკრეტულად, რაზე უნდა იმუშაოს უფრო მეტად ბავშვმა… ცხადია, მხოლოდ ნიშანი ამას არ ამბობს, თუნდაც ქვიზი იყოს“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
განათლების მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ წერილის გამოყენების არაერთი შესაძლებლობა იქნება და განსაკუთრებით მას გამოიყენებს მოსწავლის შემდგომი მასწავლებელი.
„განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა თითოეული მოსწავლის შემთხვევაში დაიწეროს, რომ ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ყურადღებაა საჭირო, ამაზე მეტი მეცადინეობა და სხვ. ასევე, ეს ინსტრუმენტი გამოყენებული უნდა იყოს, როგორც წამახალისებელი დოკუმენტი, ანუ, ამ დარგში მოსწავლემ მართლაც გამოიჩინა ძალიან საინტერესო ხედვა, განსაკუთრებული, ასე ვთქვათ კრეატიული აზროვნება. ესეც მნიშვნელოვანია და ეს ინფორმაციაა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის და ასევე უკვე შემდგომი მასწავლებლებისთვისაც. როდესაც ბავშვი გადავა სხვა კლასში, იქ მასწავლებელი რომ ნახავს რა არის ამ ბავშვის ძირითადი მისწრაფებები, რა არის მისი ძლიერი მხარე, რა არის სისუსტე, გამოიყენებს წინა მასწავლებლების აი ამ განმავითარებელ შეფასებას და ცხადია, უფრო მორგებული იქნება სასწავლო პროცესი ინდივიდუალურ ბავშვზე. ეს არის განათლების სისტემის ყველაზე მთავარი, რომ თითოეულ ბავშვს მოვარგოთ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საკლასო ოთახში.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, კომპლექსური დავალებების პროცესში მოსწავლეები ჯგუფურად იმუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნდებიან უკვე განვლილი მასალის გამეორებასაც.
შესაბამისად, პანდემიის შემდგომი სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ახლა დაიწყება ბავშვების მასწავლებლებისგან შეფასება სწორედ განმავითარებელი თვალსაზრისით და კომპლექსური დავალებების მიცემის თვალსაზრისით. ჩვენ გვესმის, რომ ის ნაწილი, რაც ბავშვებმა გაიარეს დისტანციურად, შეიძლება იყოს ხარვეზებით. უნდა ინახოს რა არის ეს ხარვეზი და ამიტომ სკოლაში ახლა, პარალელურად, ძველ მასალასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს მიეცემათ კომპლექსური დავალებები. ეს იქნება შემოქმედებითი პროექტები, სადაც ბავშვები ჯგუფურად იმუშავებენ და ვნახავთ. თუ არის ჩავარდნა რაღაც მიმართულებით, და რაღაც კონკრეტული საკითხი ბავშვებმა ვერ აითვისეს დისტანციურად, მაშინ უკვე ვისარგებლებთ იმით, რომ ჩვენ დავბრუნდით საკლასო ოთახში და მოხდება ამ საკითხის გამეორება და აქცენტირება სწორედ აი ამ შესაძლო ხვრელების აღმოფხვრაზე”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება