„თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ“ – დისტანციური სწავლისა და სწავლების ავ-კარგი ქართულ რეალობაში
„დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არ არის“ – ასე აფასებენ დისტანციურ სწავლებას პედაგოგები და მშობლები, ანუ ის ადამიანები, რომელთა მხრებზეც, ძირითადად, ონლაინ სწავლების სირთულეებმა გადაიარა. ნაწილი სწავლების მეთოდს, რომელიც ახალმა რეალობამ მოიტანა, სკეპტიკურად უყურებს, ზოგს კი მაქსიმალური სარგებლის მიღების იმედი აქვს.
კორონავირუსის გამო, საქართველოს სკოლები ონლაინ სწავლებაზე სხვადასხვა დროს გადავიდნენ. ზოგი მანამ, ვიდრე სამინისტრო ამას ოფიციალურად გადაწყვეტდა, ზოგიც მაშინ, როცა ტექნიკურად ეს მათთვის შესაძლებელი იყო. ყველა, და მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი აღიარებს, რომ „ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად, დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ“, მაგრამ ასევე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედაქალაქის სკოლებმა, ასე თუ ისე, ფეხი აუწყვეს ახალ რეალობას, რეგიონების სკოლებში კი საკითხი გაცილებით სერიოზულად დგას, ვინაიდან მათ, პირველ რიგში, ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ.
სტატიაში შევეცადეთ, დისტანციური სწავლების შესახებ, მშობლებსა და პედაგოგების აზრი გადმოგვეცა. გაგვეგო იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც მათი პრაქტიკით უკვე დაგროვდა. გაგვეგო სირთულეებზე, რომლებიც ამ პროცესში შეხვდათ და იმ წარმატებების თაობაზეც, რასაც მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ანონიმური კომენტარების შემთხვევაში, რესპონდენტები, მეტ სითამამეს იჩენდნენ. მათ შორის მშობლებიც, რომლებსაც უჭირთ ღიად თქვან ის, რომ მათი შვილების სკოლები ბავშვებს იმ მინიმუმსაც არ აძლევენ, რისი მიღებაც დისტანციური სწავლების მეშვეობითაა შესაძლებელი.
ჯაჭვის ერთი რგოლი – მასწავლებლები
მაგდა მიქაბერიძე თბილისის #45 საჯარო სკოლის პირველი კლასს ქართულს, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლის. გახანგრძლივებული არდადეგების დაწყებისთანავე მაგდამ საკუთარ მოსწავლეებთან სახალისო დავალებების გაგზავნა დაიწყო. ვინაიდან მისი მოსწავლეები პატარები არიან, მაგდა ამბობს, რომ შუამავლის როლს მშობლები ასრულებენ. მათ ფეისბუკის მეშვეობით ეკონტაქტება. ძირითადი პლატფორმა კი, რომლის საშუალებითაც ტესტებს, დავალებებს და ლაივ გაკვეთილებს ამზადებს, Microsoft teams არის.
„დავალებების შესრულების კუთხით, კლასის ჩართულობით, კმაყოფილი ვარ. “თიმსში” ატვირთულ ტესტს საშუალოდ 22 მოსწავლე ასრულებს. დარჩენილ სამ მოსწავლეს სხვა ტიპის დავალებებს ვთავაზობ. ასევე, სახალისო დავალებების შესაქმნელად learningapps.org-ს ვიყენებ, ხანის აკადემიის ვიდეოებს და ტესტებს მათემატიკის სწავლებისას, ასევე სილქნეტის საშინაო სკოლის ვიდეოგაკვეთილებსაც ვუგზავნი. მოსწავლეებისთვის ტესტებს Microsoft Forms – ის საშუალებით ვქმნი. ტესტის საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს თითოეული სწორი პასუხისა თუ შეცდომის შესახებ უკუკავშირი მივცე და განმავითარებელი კომენტარი დავუწერო.
„მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებებიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი, სიახლეზე განსხვავებულად რეაგირებს. შესაბამისად, შედეგიც განსხვავებულია. მშობლების თქმით, მოსწავლეებს მოსწონთ სახალისო დავალებების შესრულება და დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ. რაც შეხება ლაივ გაკვეთილებს, საშუალოდ 16 ბავშვი ახერხებს ჩართვას. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი ჩართვები ნაკლებად ეფექტურია კონკრეტულად ჩემი კლასის შემთხვევაში, რადგან პირველ კლასში ჯერ კიდევ არ აქვთ მისწავლეებს გამომუშავებული ხანგრძლივი კონცენტრაციის, მოსმენის უნარი. კლასში მუშაობისას ვერბალურ კომუნიკაციასთან ერთად აქტიურად ვიყენებ არავერბალურ კომუნიკაციას და გაგების პროცესი გაცილებით უკეთ მიმდინარეობს. დისტანციურ რეჟიმში კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთულდება“, – გვიყვება პედაგოგი.
მაგდა ჩვენთან სირთულეებზეც საუბრობს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა მოსწავლეების არათანაბარ პირობებში ყოფნაა – მათი ნაწილი სოფლებშია წასული, სადაც ინტერნეტი შეზღუდულია, კომპიუტერებთან წვდომა არ აქვთ და მხოლოდ ტელეფონების მეშვეობით კონტაქტობენ. მეორე პრობლემა კი ტექნოლოგიური უნარების ფლობის კუთხით არასათანადო მზაობაა, რამაც იმ შედეგის მისაღწევი გზა, რაც მაგდას მოსწავლეებთან ახლა აქვს, კიდევ უფრო გაართულა.
„კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არის ის, რომ თითოეულ ტესტს, დავალებას ვქმნი მე, რაც ძალიან დიდ დროით რესურსს მოითხოვს. თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ, რასაც დაემატა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი გამოკითხვა, რომლის საშუალებით დამრიგებლებმა გამოვიკვლიეთ მოსწავლეების მზაობა ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქონის კუთხით.
„შინაარსობრივ კუთხეს რაც შეეხება, საკმაოდ რთულია პირველი კლასის მოსწავლეებს ახალი მასალა შესთავაზო. მუშაობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს შენელებული ინტერნეტკავშირი. მეც სოფელში ვარ და ინტერნეტის სიჩქარე საგრძნობლად შემცირდა, რაც დიდი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. მშობლების ნაწილს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მოსწავლეები იმაზე დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. არაერთხელ აღვნიშნე, რომ პირველი კლასის შემთხვევაში მშობლებიც ჩართულები არიან ლაივ გაკვეთილში, რადგან მოსწავლეები ტექნოლოგიებს ჯერ ვერ ფლობენ. ამიტომ, გაკვეთილის ჩატარება ხშირად ოჯახის წევრების თანდასწრებით მიწევს, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, როგორც მე, ისე სხვა მოსწავლეებს. ჩემი აზრით, ლაივ ჩართვებს არ უნდა ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი. ტესტური დავალებების მიცემა, სამოტივაციო ვიდეოების გაგზავნა და ინდივიდუალური კონტაქტი გაცილებით ეფექტურია“,- დასძენს ის.
მიუხედავად ამ და არაერთი სხვა სირთულისა, დამღლელი და ხარვეზებით აღსავსე პროცესისა, რასაც დისტანციური სწავლების პრაქტიკული სამოქმედო გეგმის არარსებობა იწვევს, სიტუაციის დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში, მაგდა კონკრეტულად მისი კლასის მაგალითზე ამბობს, რომ წლიური მიზნის მიღწევა შესაძლებელია. თუმცა დასძენს, რომ ამისათვის აუცილებელი მასწავლებლის, მშობლის და მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა და მონდომებაა.
მაგდა არ გამორიცხავს, რომ წარმატება, რომელსაც მან დისტანციური სწავლების კუთხით საკუთარ მოსწავლეებთან მიაღწია, მისი მონდომების გარდა, დიდწილად იმის დამსახურებაცაა, რომ ისინი პატარები არიან – უფრო მორჩილი ბუნებითა და მარტივი პროგრამით. მაღალ კლასებში კი, მისი აზრით, შესაძლოა ყველაფერი უფრო რთულად იყოს.
ქეთი ქერაშვილი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის V-XI კლასებს გეოგრაფიასა და “ჩვენ საქართველოს” ასწავლის. ამბობს, რომ სკოლებში თანდათან ინერგება სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სასწავლო პლატფორმა, რის ფარგლებშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს ელექტრონული კლასების შექმნა და მოსწავლეთა დამატება. სანამ ეს პროცესი დასრულდება, მისი სკოლის თითოეულმა კლასმა სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნა ჯგუფი, სადაც ყველა მასწავლებელი და შეძლებისდაგვარად ყველა მოსწავლეა გაწევრიანებული და მათ ყოველდღიურად, ცხრილის მიხედვით, ახალი დავალებები ეძლევათ.
ქეთის სკოლაში ზოგიერთი მასწავლებელი ვიდეოს იღებს ახალი გაკვეთილის ასახსნელად, ზოგი Silk school-ის ვიდეოს ტვირთავს, ზოგი კი Zoom –ის აპლიკაციას იყენებს. ინტერნეტშივე იტვირთება სხვადასხვა ელექტრონული რესურსი, რომელიც მოსწავლეს ცოდნის დამოუკიდებლად მიღებასა და გაღრმავებაში ეხმარება.
„მე მოსწავლეებს დისტანციურ გაკვეთილს სწორედ Zoom –ის აპლიკაციის საშუალებით ვუტარებ. ახსნილი დავალების გამოსაკითხად კი სხვადასხვა საშუალებას მივმართავ. მაგალითად, ვორდის ფაილში ვადგენ კითხვებს, რომელზედაც მოსწავლემ უნდა უპასუხოს და უკან გადმომიგზავნოს. ვაძლევ კონტურულ რუკებს და ვთხოვ რომ ელექტრონულად შემივსონ და გადმოგზავნონ. ასევე, შევუდგინე დავალებები, რომლებიც ინფორმაციის ანალიზზე იყო გათვლილი, მოსწავლეებმა განვლილ თემაზე პრეზენტაციები შექმნეს. იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად აითვისეს ახალი მასალა, Google Forms-ის დახმარებით ელექტრონული ტესტირება მოვუწყვე.
„რაც შეეხება შედეგებს, სხვადასხვა კლასში დავალებები სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეთა რაღაც ნაწილი ქალაქგარეთაა და არ აქვთ მუდმივი ინტერნეტ კავშირი. თუმცა, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მიცემულ დავალებებს აქტიურად ასრულებენ, ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, ახალი მასალის ასათვისებლად, ნამდვილად ეფექტური იქნება“, – აღნიშნავს ქეთი.
ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულედ, რომელსაც მუშაობის პროცესში წააწყდა, ქეთიც სწორედ იმას ასახელებს, რომ მოსწავლეთა ნაწილის მუდმივი ინტერნეტკავშირი, ან გამართული, ქსელში ჩართული მოწყობილობა არ აქვს. ზოგიერთს ქალაქგარეთ თან არ აქვთ წაღებული სახელმძღვანელოები, ნაწილს არ გააჩნია ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ- ჩვევა, არ იციან როგორ შეასრულონ დავალება ელექტრონულად, არ აქვთ და არ იცინ ელექტრონული ფოსტის მოხმარება და ა.შ.
„ასევე ძალიან რთულია ამდენი გადმოგზავნილი დავალების გადმოწერა, დახარისხება, შემოწმება და უკუკავშირის მიცემა. ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. მოუთმენლად ველოდები Teams-ის გამართვას, სადაც აღარ იქნება საჭირო დავალების გადმოწერა და შესწორებულის უკან გადაგზავნა. Teams იმის კომფორტს გვაძლევს, რომ თითოეული მოსწავლის დავალება ინტერნეტსივრცეშივე შევამოწმოთ და მივცეთ უკუკავშირი გადმოწერა-გადაგზავნის გარეშე და ესეც დაგვიზოგავს დროს“, – ამბობს ქეთი.
კითხვაზე, რამდენად ხარისხიანია დისტანციური სწავლებით მიღებული ცოდნა და თუკი სემესტრის ბოლომდე სწავლის განახლება ვერ მოხერხდა, ჩაითვლება თუ არა პროგრამა სრულყოფილად გავლილად, რაც სემესტრის დახურვის შესაძლებლობას მოგვცემს, ქეთი გვპასუხობს, რომ ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება სისტემის თითოეული რგოლი თავის საქმეს.
ქალბატონი ნინო კი თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, კერძო სკოლები, საჯარო სკოლებზე მეტად არიან დაინტერესებულნი, მოსწავლეებს მაქსიმალურად დისტანციური სწავლების ეფექტური სისტემა შესთავაზონ, რათა მშობლებს არ გაუჩნდეთ პროტესტი, რომ მათი შვილები ახალს აღარაფერს სწავლობენ და ფულის გადახდა არ შეწყვიტონ, რაც, თავის მხრივ, სკოლის არსებობასა და პედაგოგების ანაზღაურებას განსაზღვრავს.
„ელექტრონულ სწავლებაზე საგაზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე გადავედით. ამ ეტაპზე, ძირითადად, დავალებებს ვადგენ, ვუგზავნი, შემდეგ მათგან შესრულებულ სამუშაოს ვიღებ, ვამოწმებ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ვუწერ ანალიზს – რა შეცდომები დაუშვა, როგორ გამოასწოროს და უკან ვუბრუნებ. ამავე რეჟიმში ვხსნი ახალ მასალასაც. მათემატიკის შემთხვევაში ეს სისტემა, ასე თუ ისე, ეფექტურია, მაგრამ ნამდვილად მეეჭვება მაგალითად ქართულის, ან ისტორიის შემთხვევაშიც ასე იყოს, რადგან ამ საგნებში მასწავლებლის ახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს. Zoom-ში ჩართვას ვგეგმავთ, მაგრამ ხარვეზით მუშაობს. ახლო მომავალში ვიდეოგაკვეთილების ჩაწერას დავიწყებთ“, -ამბობს ქალბატონი ნინო.
რაც შეეხება, ამ ყველაფრის შედეგსა და დისტანციური სწავლებით მიღებულ ხარისხს, ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ცალსახად იმის თქმა, რომ იგი ვერ ამართლებს და მხოლოდ მოვალეობის მოხდაა, ან ამართლებს და ბავშვები ისეთივე ცოდნას იღებენ, როგორც კლასებში – რთულია. იმის დასადგენად, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ახალი სისტემა მოსწავლეებისათვის, იგი ამბობს, რომ კონტროლის მექანიზმია საჭირო, რომელიც არ არსებობს.
„მთავარ პრობლემად სწორედ ეს მიმაჩნია – ვერავინ ვერაფერს აკონტროლებს – ვერც სამინისტრო სკოლებს, ვერც დირექტორი პედაგოგებს და ვერც პედაგოგი მოსწავლეებს. თუკი ჩემი ყველა მოსწავლე კეთილსინდისიერად შეასრულებს იმას, რასაც გავგზავნი, მოუსმენს ახსნილს, კითხვებს დამისვამს და შენიშვნებს გაითვალისწინებს, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მათ ამ სემესტრის პროგრამა გაიარეს, მაგრამ მე ხომ არ ვიცი რამდენად აკეთებენ ისინი ამას? იქნებ დავალება უფროსმა დამ დაუწერათ, ან დედა დაეხმარათ? დაფასთან რომ გამომყავს ბავშვი და შეცდომას უშვებს, რამდენიმე მსგავს ამოცანას იქვე ვაკეთებინებ მანამ, სანამ არ დავინახავ, რომ შეცდომა გაიაზრა და გამოასწორა. ელექტრონულად ხომ ვერ ვიზამთ ამას? ასე რომ, ნამდვილად ვერავინ გეტყვით რამდენად ხარისხიანად გაივლიან ჩვენი მოსწავლეები 2020 წლის პროგრამას“, – მიიჩნევს ქალბატონი ნინო.
ჯაჭვის მეორე რგოლი – მშობლები
დისტანციური სწავლების ერთ-ერთი და ასევე უმნიშვნელოვანესი რგოლი მშობლები არიან, რომელთა მოთმინებაზე, მოქნილობაზე, მოხერხებულობაზე, სიძლიერესა და ნერვებზეც გადის ეს პროცესი. მათ დიდ ნაწილს აქამდე სრულიად უცნობ ტექნოლოგიურ საკითხებში გარკვევა მოუწია. მათი უმეტესობა კი ისევეა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, როგორც თავად მოსწავლეები. თითოეული მათგანი შეძლებისდაგვარად ერგება ახალ რეალობას.
თამარ ჩაფიჩაძის შვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასელია. კლასმა ონლაინ გაკვეთილები ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ სკოლები სამინისტროსგან დავალებას ოფიციალურად მიიღებდნენ. გაკვეთილები, თავდაპირველად, მხოლოდ ვიდეოზარებს გულისხმობდა. მოგვიანებით კი მთელი კლასი ზუმის პროგრამაში დარეგისტრირდა და სწავლებაც შედარებით გამარტივდა.
თამარის შვილის კლასს დღეში ორი, 40-წუთიანი გაკვეთილი აქვს. ამბობს, რომ ეს დრო საკმარისი არაა სრულფასოვანი გაკვეთილების ჩასატარებლად, მაგრამ მესამე კლასის პროგრამა მარტივია და გასავლელი მასალაც არც ისე ბევრია. თუმცა, მისივე თქმით, ონლაინ სწავლებამ კლასის მშობლებში დიდი დაბნეულობა შეიტანა და მათი ნაწილი დღემდე ვერ ახერხებს გარკვევას.
ერთ-ერთ ნაკლად მას ის მიაჩნია, რომ მასწავლებელი ინდივიდუალურად ვერ ახერხებს თითოეული მოსწავლისათვის ნასწავლი მასალის გამოკითხვას. ასევე ისიც, რომ თითოეული საგანს კლასის დამრიგებელი ხსნის.
„ამ პროგრამაში არ არიან ინგლისურის, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლები. მხოლოდ დამრიგებელია ჩართული, რომელიც ყველა ამ მასწავლებლისგან იღებს დავალებას და მერე ბავშვებს უგზავნის. ეს არ მომწონს, კარგი იქნებოდა ინგლისურის მასწავლებელი მაინც იყოს და უშუალოდ ეკონტაქტოს ბავშვებს. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არ არის. მით უმეტეს, ჩემი შვილი ახლა სოფელშია და ინტერნეტიც არ უწყობთ ხელს. მე მასთან ერთად არ ვარ, რადგან ვმუშაობ და მიწევს ტელეფონით ვამეცადინო და ჩავიბარო ნასწავლი.
„საერთო ჯამში, ონლაინ სწავლება, რა თქმა უნდა, ახლოს ვერ არის იმ შედეგთან რასაც ჩვეულებრივი სწავლებით მიიღებდნენ, მაგრამ მგონია რომ თუ მშობლები ძალისხმევას ჩადებენ და მასწავლებელთან ერთობლივად იმუშავებენ, სემესტრს დავხურავთ. ოღონდ მიმაჩნია, რომ ეს დაწყებით კლასებშია შესაძლებელი. მაღალ კლასებში ასეთი სწავლებით სემესტრის სრულფასოვნად გავლა წარმოუდგენლად მეჩვენება. როგორც ვიცი, მასწავლებლებსაც მიღებული აქვთ მითითება, რომ ბავშვები მეტისმეტად არ გადატვირთონ და მაქსიალურად შეეცადონ, რომ სემესტრის პროგრამა დაძლიონ“,- გვეუბნება თამარი.
მარიამს კი სამი შვილი ჰყავს და სამივე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დადის. მარიამი ამბობს, რომ ის, რასაც სკოლა ონლაინ სწავლებად „ასაღებს“, რეალურად, მოვალეობის მოხდაც კი არაა.
„უმცროსი შვილების მასწავლებლები, კვირაში ერთხელ, თითო-ოროლა ლინკს გვიგდებენ. ეს ან ფილმის, ან რაიმე სტატიის, ან სასკოლო ტექსტის ლინკებია. სულ ეგაა მათი „მუშაობა“. არანაირი ახსნა, არანაირი კომენტარი, არანაირი დავალება. მაგალითად ქართულისა და ინგლისურის მასწავლებლები იმ ტექსტებს, რომლებიც წიგნშიც წერია, ფოტოს უღებენ და გვიგზავნიან. არანაირ ახსნას არ აყოლებენ და გამოდის, რომ ბავშვებმა უბრალოდ ახსნის გარეშე უნდა დაიზეპირონ. ის ტექსტი ხომ წიგნში ისედაც გვაქვს, ფოტოს გადაღება რა საჭიროა, თუკი არც ახსნას მოაყოლებენ და არც რაიმე სხვას? რაღაშია მაშინ მასწავლებელი საჭირო? გადავუშლი თავად წიგნს და ვასწავლი. ზოგიერთ საგანს მე თავად ვუხსნი, მაგრამ უცხო ენები არ ვიცი და ვიტანჯებით, ბავშვები ვერაფერს იგებენ. მხოლოდ მათემატიკის მასწავლებელი წერს ვიდეოგაკვეთილებს კვირაში ერთხელ, სადაც ხსნის ახალ მასალას და გვიგზავნის. დანარჩენები – არა.
„რაც შეეხება უფროს შვილს, მისი მასწავლებლები საერთოდ არ ვიცით სად არიან და რას აკეთებენ. რაც არდადეგები დასრულდა და ონლაინ სწავლა დაიწყო, ერთხელ გამოჩნდნენ მხოლოდ, მათაც ორიოდე ლინკი ჩააგდეს ჯგუფში და ეგ იყო. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ახსნების გარეშე. მაქსიმუმ, რომელიმე მასწავლებელმა, გუგლში ნაპოვნი რაიმე დოკუმენტური ფილმი ჩააგდოს. ესეც სულ ერთ-ორჯერ იყო. მას მერე აღარავინ გამოჩენილა. დამრიგებელთან რომ ვაყენებთ ამ საკითხს, გვეუბნებიან, რომ ახლა ჯერ სისტემის აწყობის რეჟიმში არიან (Microsoft Teams) და უნდა მოვითმინოთ. ამ დროს ვიცი, რომ სხვა სკოლები უკვე დიდი ხანია საკმაოდ კარგად მუშაობენ. თუ რაიმე ახალ პროგრამას ტესტავენ კი ბატონო, მაგრამ იმას რა უდგას წინ, რომ იმ პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედებამდე ელემენტარულ დონეზე მაინც ეკონტაქტონ ბავშვებს, თუნდაც სოციალური ქსელების მეშვეობით გამოუგზავნონ დავალებები და შეამოწმონ მათი შესრულება? გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინგლისურის არც ერთი გაკვეთილი არ ჰქონიათ. დედაჩემი მასწავლებელია და რომ ვუყურებ რამდენ რამე აკეთებს, რამდენნაირ ხერხს სთავაზობს მოსწავლეებს, მშურს. ჩვენი მასწავლებლები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ ვიგებთ. ცუდი ისაა, რომ მშობლების დიდ ნაწილს ეს არ ადარდებს – სოფლებში წავიდნენ ოჯახებიანად და არ ინტერესდებიან რას აკეთებს სკოლა. მგონია, რომ სწორედ მაგიტომ გათამამდნენ – არავინ აკონტროლებს და არაფერს სთხოვენ“, – აცხადებს მარიამი.
საერთო ჯამში, მარიამი ფიქრობს, რომ თუკი სემესტრის ბოლომდე სწავლის აღდგენა ვერ მოხერხდა, მის შვილებს და იმ კონკრეტლი სკოლის მოსწავლეებს პროგრამა მინიმუმიც კი არ ექნებათ შესრულებული. შესაბამისად, სკოლამ 2020 სასწავლო წლის დახურვის თაობაზე პრეტენზია არ უნდა გამოთქვას.
ჯაჭვის მესამე რგოლის – მოსწავლეების აზრი, დისტანცურ სწავლებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ნათლად იყო დაფიქსირებული ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც EDU.ARIS.GE-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვყნდა და რომელიც აბიტურიენტებს ეძღვნებოდა. თითოეული მოსწავლე, რომელთაც აღნიშნული სტატიის მომზადების პროცესში ვესაუბრეთ, დისტანციურ სწავლებას უარყოფითად აფასებდა. არადა, ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენ ხანს მოუწევთ მათ ახალ რეალობაში ცხოვრება.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება