GE

ტოლერანტობის დღეს მოსწავლეებმა ბულინგის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია

ბულინგი, სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები – ეს ის თემებია, რომლებიც, სკოლის მოსწავლეებთან ერთად მანდატურებმა და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით განიხილეს.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, 16 ნოემბერს, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და ღონისძიებები გამართა, სადაც დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები და მანდატურები სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ ესაუბრნენ.

ბავშვებთან შეხვედრების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები. ღონისძიებები გაიმართა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში.

მოსწავლეები გაეცნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ისტორიას, მოეწყო ფილმის ჩვენება-განხილვა ადამიანის უფლებების თემაზე, ჩატარდა საკლასო აქტივობების ციკლი: ,,ჩემი, შენი, ჩვენი მეგობრობა’’, ,,ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური იტყობინება, რომ ჩატარებული ღონისძიებების დახმარებით, მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ, გაანალიზეს სტერეოტიპული მიდგომებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების უარყოფითი შედეგები, გაუძლიერდათ თანაგრძნობის უნარები განსხვავებული ადამიანების მიმართ და უკეთ შეძლეს თანასწორობის, როგორც ღირებულების დაცვისა და ქცევებში ასახვის მნიშვნელობის გააზრება. პროექტის მონაწილე ბავშებისთვის დაიწყო ესეების კონკურსი: „მე ვირჩევ თანასწორობას და მრავალფეროვნებას”, “მე რომ მშვიდობის ელჩი ვიყო”.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 16 ნოემბერს აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური