თსუ-ის აკადემიური საბჭო ფინალური გამოცდების დასწრებულ ფორმატში ჩატარებას სამართლიანად მიიჩნევს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, სტუდენტების არაერთი მოთხოვნისა თუ აქციის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეებს არ ხვდება, თუმცა 5 ივნისს, მან ტელეკომპანია “იმედის” ღამის ეთერში ისაუბრა და უპასუხა კითხვას, არის თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გამოცდები ონლაინ რეჟიმში არ ჩატარდება.
რექტორის თქმით, ვერანაირი მექანიზმებით ვერ იცავენ, რომ ნამდვილად ერთნაირი პირობები შეექმნას იმას, ვინც აბარებს ონლაინ და ვინც არ აბარებს ონლაინ.. “კამერით ვერ ვამოწმებთ ნამდვილად აბარებს თუ არა. გამოცდების პროცესი არის სწავლების პროცესი და შეფასების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია…”.
დამატებითი ცენტრები – თსუ-ის პასუხი ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარების მოთხოვნაზე
“როდესაც აღარ არის პანდემიური მდგომარეობა ქვეყანაში, ალბათ, სხვა რამეზეც უნდა ვიფიქროთ და უპირველესად, უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე და ფიქრობდეს, რომ ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის სპეციალისტი გამოვუშვათ, რომელიც კონკურენტული იქნება დასაქმების ბაზარზე. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დისტანციური გამოცდები დისტანციური განათლება… ეს იყო არჩევანი, როდესაც მართლა იდგა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ამ ეტაპზე კი, ალბათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ სწავლების ჩვეულ რეჟიმს. ძალიან ბევრი უნივერსიტეტია ქვეყანაში, რომელიც ჩვეულებრივ გამოცდებს დაუბრუნდა”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
თსუ-მ დღეს, 6 ივნისს, დამატებით განმარტა, რომ თსუ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ემხრობა აკადემიური საბჭოც და მისი რეკომენდაციით, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში ან ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, საგამოცდო პერიოდში თსუ საერთო საცხოვრებელში უფასოდ განთავსებას შესთავაზებს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელა და ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა. აკადემიური საბჭო ქვეყანაში არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნის თაობაზე”, – აცხადებს თსუ-ის ადმინისტრაცია.
ასევე იხილეთ:
თსუ-ის სტუდენტების ნაწილი ონლაინ გამოცდების მოთხოვნით, რექტორთან შეხვედრას ცდილობს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება