თსუ-სა და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის „წერის არქიტექტურა“ გამარჯვებული გამოვლინდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის “წერის არქიტექტურა” გამარჯვებული გამოვლინდა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჩხიკვაძემ წარმატებით შეასრულა დასკვნითი დავალება და მისი ნაშრომი მონაწილეებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. კურსის ბოლოს მინი კონკურსის დავალება, რომელიც ახალი ნაშრომის დაწერას, კერძოდ კი სიზმრის აღწერას გულისხმობდა, სტუდენტებს ანა კორძაია-სამადაშვილმა მისცა.
„მნიშვნელოვანი პროექტია „წერის არქიტექტურა“, წამახალისებელი ძალაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა იწყებს წერას, მოყვარული მწერლებისთვის, ახალგაზრდებისთვის“,- განაცხადა ანი ჩხიკვაძემ.
პროექტის ფინალური ეტაპისთვის შერჩეულმა პრაქტიკული კურსის 20-მა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდის ტრენინგები გაიარეს. კურსის მონაწილეებმა გაიცნეს თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები და მათგან ისწავლეს თუ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები.
პრაქტიკულ კურსს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები – ბექა ადამაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია – სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ.
„მასტერკლასი უკვე მეორედ ჩატარდა თსუ-ის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში და მასში 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სასაჩუქრე ვაუჩერით დავაჯილდოვეთ, ასევე ფინალის ყველა მონაწილეს გადავეცით თსუ-ის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები. მასტერკლასის ყველა მონაწილეს, ფინალისტს ველოდებით „შემოდგომის ლეგენდაზე“ შემოდგომაზე“,- აღნიშნა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
პროექტის გამარჯვებულს თსუ-მ საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი, კომპანია “სილქნეტმა” მობილური ტელეფონი გადასცა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტის დახურვა და მონაწილეთა დაჯილდოება ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოხდა.
“წერის არქიტექტურა” თსუ-სა და “სილქნეტის” ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის – “შემოდგომის ლეგენდა” ფარგლებში განხორციელდა. „სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო არ გამოვტოვეთ და წელსაც, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ჩავატარეთ წერის მასტერკლასი. მასტერკლასი წარმატებით ჩატარდა ონლაინრეჟიმში. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორმეტწლიანი პარტნიორობისთვის და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისთვის“,- განაცხადა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.
ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდის” ისტორიაში შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი “წერის არქიტექტურა” უკვე მეორედ ჩატარდა. პრაქტიკული კურსი სპეციალურად “შემოდგომის ლეგენდის” ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი