„რა ხდება, თუ აბიტურიენტი გამოცდის ან წინა დღეს ავად გახდა და გამოცდაზე ვერ მიდის?“ – NAEC-ის განმარტება
რაც უფრო ახლოვდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ინტერესიც საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ერთიორად იზრდება.
„თუ აბიტურიენტი გამოცდის დღეს ავად გახდა და ვერ მიდის გამოცდაზე, ამ შემთხვევაში რა ხდება და როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი?“, – სწორედ ამ კითხვით მიმართა EDU.ARIS.GE-ს არაერთმა მკითხველმა და პასუხის მიღების მიზნით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 29 ივნისს დავუკავშირდით.
NAEC-ის ცნობით, ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გონივრულ ვადაში, მინიმუმ წინა დღით, უნდა წარადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) და დაელოდოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას. დოკუმენტაციის წარდგენა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გამოსაცდელს დამატებითი სესია ჩაუტარდება.
აი, რა გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში:
“თუ გამოცდების მსვლელობის დროს, წინა დღეს, ან წინა პერიოდში გახდა ცუდად, ეს უნდა დადასტურდეს 24 საათის განმავლობაში ფორმა ასით [ფორმა №IV-100/ა] და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: ელიზბარ მინდელის N9. ან სასწრაფოს თუ იძახებთ, ან თქვენ თუ მიდიხართ კლინიკაში ექიმი გასცემს შესაბამის ფორმა ასს იმის შესახებ, რომ პაციენტს აქვს ჯანმრთელობის ეს კონკრეტული პრობლემა, რომელიც ითვალისწინებს მის დასვენებას… ესაჭიროება ასეთი სახის მკურნალობა, დანიშნულება, პროცედურები, რაც ითვალისწინებს პირის კლინიკაში ყოფნას რამდენიმე დღით, ან რამდენიმე საათით, რაც აფერხებს მის გამოცდაზე გასვლას.
“ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, ფორმა ასი [ბეჭდით], სადაც ახსნილია რა აწუხებს პაციენტს, მისი ეს მდგომარეობა ქმნის თუ არა კლინიკაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში დატოვების საჭიროებას, სახლში გაჩერების საჭიროებას, წოლით რეჟიმს თუ არსებული მდგომარეობა არ შეუშლის მას ხელს გადაადგილებაში, ჯდომასა და ფიქრში… აი, ეს ყველაფერი თუ იქნება დადასტურებული, მაშინ შესაძლებელი იქნება დოკუმენტის წარდგენა და მისი გათვალისწინება. გამოცდების ცენტრში წარდგენილ ფორმა ასს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და პასუხიც იქნება”.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ გამოცდების ცენტრის პასუხი აბიტურიენტის მიმართვის შემდეგ უარყოფითი იყოს, NAEC-ში გვიპასუხეს, რომ უბრალო მიზეზის გათვალისწინება ვერ მოხდება.
“ვთქვათ თითი გაეჭრა და ეს არ შეუშლის მას ხელს, რომ გამოცდაზე მივიდეს, დაჯდეს, დაწეროს, იაზროვნოს და იფიქროს, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმა ასი არ იქნება დაკმაყოფილებული. ხოლო თუ ავადობა იქნება დადასტურებული და აბიტურიენტის განაცხადი დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, შემდეგ შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული – [აბიტურიენტს ჩაუტარდება გამოცდის დამატებითი სესია]. ამაზე უკვე ინფორმაცია მიწოდებული ექნება აბიტურიენტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან. პასუხის შეტყობინების დრო კი დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე”.
ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზებით: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) დაუძლეველი ძალის გამო.
ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
დამატებითი გამოცდების პერიოდი ძირითადი გამოცდების დასრულების შემდეგ, სპეციალური გრაფიკით ინიშნება და გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები გათანაბრებაში არ მონაწილეობს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რუკის დავალებაზე აბიტურიენტმა ეს უნდა იცოდეს – ისტორიის საგამოცდო ტესტის რომელ ნაწილზე როგორ ვიმუშაოთ (ინტერვიუ ლექტორთან)
by ARIS.GE-განათლება
-
„განათლების რეფორმის კომპლექსური განხორციელების შემდეგ, სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“ – ირაკლი კობახიძე
by ARIS.GE-განათლება
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება