GE

თუ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა სტიპენდია შენთვის მნიშვნელოვანია, 1 დღე კიდევ გაქვს – გახდი განათლების ინვესტორი

„განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განვითარებისათვის“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ჯაოშვილი, ვისაც სკოლის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ვესაუბრეთ.

სკოლის სასტიპენდიო ფონდი კერძო თუ იურიდიული პირებისგან, ყოფილი კომაროველებისგან შემოწირულობებს 1-ელი ივლისის ჩათვლით მიიღებს. 4 ივლისს კი, „კომაროველის დღეზე“ სკოლის გამორჩეული მოსწავლეები სხვადასხვა კატეგორიაში სწორედ ამ 500 ლარიანი სტიპენდიებით, საზეიმოდ დაჯილდოვდებიან და თავიანთი დონორების გაცნობის შესაძლებლობაც ექნებათ.

1-ელი ივლისის ჩათვლით კი, კომაროვის კურსდამთავრებულებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი წარმატება მომავალი თაობების შესაძლებლობად აქციონ. დიდწილად, სწორედ კომაროვის სკოლის მოსწავლეები ახერხებენ საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო შეჯიბრებებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში საბუნებისმეტყველო მიმართულებით, რაც იმის დასტურია, რომ აქ ინვესტიცია არ იკარგება.

ანგარიშის ნომერს ნახავთ აქმინიმალური შემოწირულობა 500 ლარია.

თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ 1 დღე – გავხადოთ ბავშვები კიდევ უფრო ბედნიერები!

„მე მგონია, რომ კომაროვის სულ ყველა მოსწავლე იმსახურებს სტიპენდიას და ეს სიმართლეა. ეს ბავშვები იმხელა კონკურსს და წნეხს გადიან მისაღებ გამოცდაზე და შემდეგაც, აქ სწავლა არ არის ადვილი. მეც აქ ვსწავლობდი 90-იან წლებში და ახლანდელი რომ შევადაროთ, გაცილებით მაღალი დონეა, ბავშვები გაცილებით მშრომელები არიან, უდიდეს შრომას დებენ. სტიპენდია არცერთისთვის არ დამენანება, 1050 მოსწავლე გვყავს ყოველწლიურად და რომ იყოს საშუალება, ათასივეს ეკუთვნის სხვადასხვა კატეგორიებში. კატეგორიების ჩამონათვალსაც სიამოვნებით გავზრდიდი კიდევ“, – ამბობს სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში.

როგორც ბატონი ვახტანგისგან გავიგეთ, 29 ივნისის მონაცემებით, უკვე 13 მოსწავლის სტიპენდიაა შეგროვებული და იმედი აქვს, 1-ლი ივლისის ჩათვლით მონაცემები უკვე 20 ბავშვის გახარების შესაძლებლობას მისცემთ.

გამარჯვებული მოსწავლეები შესაბამის კატეგორიებში, შესაბამისი რეიტინგებისა და საგნების მიხედვით დაჯილდოვდებიან. რეიტინგს სკოლაში შექმნილი, კომაროვის სკოლის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური სასტიპენდიო კომისია, მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისად ადგენს.

„ჩვენი სასტიპენდიო პროგრამა რამდენიმე წელია, რაც არსებობს და დაწესებულია რამდენიმე ტიპის სტიპენდია. ჩვენი იდეა არის გამორჩეულად მონდომებული ბავშვების წახალისება არამხოლოდ ფიზიკისა და მათემატიკის, არამედ ყველა მიმართულებით. დღევანდელ თაობაში გვინდა ჩვენი ყოფილი, ბუმბერაზი პედაგოგების პოპულარიზაცია, ვის მხრებზეც დგას კომაროვის სკოლის ავტორიტეტი, იმ ადამიანების, რომლებიც ამჟამად აღარ არიან ჩვენს გვერდით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანია ყოფილი კომაროველების სკოლასთან ბმა, მათი, ვისაც ახსოვს თავიანთი მასწავლებლები და ძალიან დიდი სიამაყით რიცხავენ ხოლმე თანხას ჩვენი მოსწავლეების სასტიპენდიო ფონდში.

სტიპენდიის პრინციპი გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ მინიმალური შემოწირულობა გვაქვს 500 ლარი, ანუ ის ოდენობა, რაც ერთი ბავშვის სტიპენდიაა. ვინაიდან არ გვინდა, სოციალური ფონდის სახეს ატარებდეს და ვიღაცამ 10 ლარი ჩარიცხოს, ვიღაცამ 20. ვფიქრობთ, ჩვენი მიდგომა სტიპენდიის დამფინანსებელსა და დაჯილდოებულ მოსწავლეს შორის მიკუთვნებულობას აჩენს“, – აცხადებს ვახტანგ ჯაოშვილი.

როგორც სკოლის დირექტორი გვიხსნის, იურიდიული საკითხების მოგვარება 4 ივლისიდანვე დაიწყება და გამარჯვებულები კუთვნილ სტიპენდიებს არა ყოველთვიურად, არამედ ერთიანად, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში უკვე მიიღებენ.

სტიპენდიის შესახებ, ანუ როგორ შეგიძლია გახდე სტიპენდიის დონორი:

დეტალები სტიპენდიის შესახებ: კომაროვის სკოლის სტიპენდიების დებულება

თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში მიჰყევით ბმულს: მიბმულ ფაილში

შესაძლებელია, შემომწირველმა 5000 ლარიც გაიღოს, რაც 10 ბავშვის სტიპენდია იქნება და როგორც ირკვევა, წელსაც არიან ისეთი შემომწირველები, ვინც ორი ბავშვის სტიპენდია დააფინანსა. ასეთ დროს კატეგორიების მითითება შეგიძლიათ, ვისი სახელობის სტიპენდიას აფინანსებთ. ახლა მაგალითად ერთ კატეგორიაში 4 სტიპენდიაა შემოსული და აქედან რეიტინგის შესაბამისად, 4 საუკეთესო უნდა შეირჩეს.

„რაც ჩაირიცხება, სტიპენდიებს იმის მიხედვით გავანაწილებთ. აქამდე ყველაზე მეტი ყოფილა 15. ვფიქრობ, წელს გამორჩეული წელი გვექნება და ვინაიდან ბოლო დღეებში უფრო აქტიურდებიან ხოლმე შემომწირველები, იმედი გვაქვს, პირველი ივლისის ჩათვლით ვიყოჩაღებთ და 20-მდე სტიპენდიატი გვეყოლება“, – ამბობს ვახტანგ ჯაოშვილი.

კომაროვის სკოლაში კიდევ არსებობს „ოქროს სტიპენდია“, სადაც ჯილდო მეტია და ეს სტიპენდია არ გროვდება შემოწირულობით, თავად სკოლა ნიშნავს იმ მოსწავლეებისთვის, ვინც საუკეთესოები არიან, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებისთვის. (შარშან მაგალითად იყო 1000 ლარი პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეზე და 700-700 ლარი მეორეზე).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური