GE

„მსურველთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა“ – თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლას გეგმავ

იმისთვის, რომ პედაგოგმა თუ მასწავლებლობის მსურველმა კონკრეტულ საგანში უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლოს, ერთ-ერთი გზა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლაა.

თავის მხრივ, ამ პროგრამაზე ჩარიცხვაც არ არის მარტივი, რადგან მასწავლებელს თუ მასწავლებლობის მსურველს, ჯერ საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება უწევს, შემდეგ კი იმ უნივერსიტეტის შიდა გასაუბრების/გამოცდის წარმატებით ჩაბარება, სადაც მასწავლებლის მომზადების პროგრამა უნდა გაიაროს.

EDU.ARIS.GE მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის მსურველთა
დახმარების მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორსა და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელს, ქალბატონ, ქეთევან ჭკუასელს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი, პროგრამის გავლის მსურველებს მათთვის საჭირო ინფორმაციასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს უზიარებს, რომელიც პროგრამის წარმატებით გავლის საწინდარია.

– ქალბატონო ქეთევან, პირველ რიგში გვინდა, დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ. განუმარტეთ მათ, რა არის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა და ვის შეუძლია ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

– კარგია, რომ ამ თემაზე სასაუბროდ დამიკავშირდით, ვინაიდან, მიუხედავად საზოგადოების ინფორმირებულობისა, მსურველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ფლობს ინფორმაციას პროგრამაზე ჩარიცხვის პირობების შესახებ და ხშირად აგვიანებს რეგისტრაციას. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა 2016 წლიდან ფუნქციონირებს, ის მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი გზაა და ერთ წელიწადს მოიცავს. პროგრამაზე ჩარიცხვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც დასრულებული აქვთ მინიმუმ საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და მაგისტრთან გათანაბრებული სასწავლო საფეხურები. პროგრამა მოიცავს ზოგადპედაგოგიკურ დისციპლინებს, პედაგოგიურ პრაქტიკას და ამა თუ იმ კონკრეტული საგნის დიდაქტიკებს. ცხადია, პროგრამის შინაარსი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებლის მომზადების დარგობრივ მახასიათებელს. პროგრამა შესაძლოა, ამზადებდეს როგორც 7-12, ასევე, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს.

– აქვე გვაინტერესებს, რამდენად მაღალია კონკურენცია, იკლო თუ იმატა პედაგოგობის მსურველთა რიცხვმა?

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თითქმის ყველა უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე კონკურსი საკმაოდ მაღალია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსურველთა დიდი ნაწილი, წინა წლებთან შედარებით, ახალგაზრდა თაობაა, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა და გაცნობიერებული აქვთ მასწავლებლის პროფესიის არჩევანი. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ პროგრამაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ადვილია, აუდიტორია მოტივირებულია და „სწავლის სწავლის“ უნარები გამომუშავებული აქვთ, მიუხედავად დღის ბოლოს სერიოზული სალექციო დატვირთვისა, აუდიტორია მუდამ სავსე და აქტიურია.

– გვითხარით, რა აუცილებელი ეტაპების გავლაა საჭირო, რომ მსურველი ამ პროგრამაზე ჩაირიცხოს, ასაკი შეზღუდულია?

– ამ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სტუდენტს, როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ საბაკალავრო საფეხური დასრულებული, ან სამაგისტრო და მასთან გათანაბრებული საფეხური. მომავალი მსმენელი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე სასურველი საგნის მიხედვით. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, პირი რეგისტრირდება მისთვის სასურველ უნივერსიტეტში და იქ აბარებს იმ კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ დადგენილ გამოცდას შესაბამისი ფორმატით. აქვე მინდა ვუთხრა მომავალ მსმენელებს, რომ რეგისტრაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამი აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს და თუ ვერ მოასწრებთ დარეგისტრირებას, მომავალ წლამდე ვერ ჩააბარებთ გამოცდას. შესაბამისად, ვერც მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხებით. თავად უნივერსიტეტებში კი ამ პროგრამაზე რეგისტრაცია აგვისტოს ბოლოს წარმოებს.

– თსუ-ში მხოლოდ წერითი გამოცდა ბარდება, რატომ შეირჩა ეს ფორმატი და რას ასრულებენ გამოსაცდელები?

– ამჟამად თსუ-ში გამოცდა ტარდება ანალიტიკურ წერაში და ის სტუდენტის მიერ სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. საკითხები ძირითადად ეყრდნობა და აფასებს სტუდენტის მიერ სწავლის წინა პერიოდში განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს.

მართალია, წერითი გამოცდა რთული ჩასატარებელია, მაგრამ დიდი კონკურსის პირობებში, ამ ფორმატის გამოცდა ძალიან კარგი შერჩევის მეთოდია. ყველა უნივერსიტეტს გარკვეული რაოდენობის ადგილები აქვს დაფინანსებული და წერითი ქულის მეშვეობით ძალიან ადვილია დაფინანსებული კადრის შერჩევა. ამას გარდა, სტუდენტის პრეტენზიის პირობებში მასთან ნაშრომის საშუალებით საუბრობ, რაც საკმაოდ ობიექტური და არგუმენტირებულია. რა თქმა უნდა, თუ გამოცდა შესაბამისი წესების დაცვით არის ორგანიზებული, მისი ნებისმიერი ფორმატით ჩატარება კადრის ობიექტური შერჩევის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ამჯერად ეს გზა ავირჩიეთ.

ჩვენს უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს ვეტყვი, გამოცდაზე საკითხის სახით მოცემული იქნება ზოგადი განათლების თემატიკიდან რომელიმე აქტუალური საკითხი, რომელზეც სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. ჩვენ გამოცდის წინ ვატარებთ საკონსულტაციო შეხვედრას ყველა სტუდენტისთვის, სადაც გამოცდის პირობებზე ვესაუბრებით, იმისთვის, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება შეძლონ, საჭიროა იმსჯელონ, წარადგინონ და დაიცვან  საკუთარი პოზიცია, რომელსაც მისაღებ გამოცდაზე თემის სახით შეასრულებენ.

– ყველა მსურველი, რომელიც წარმატებით გაივლის შესარჩევ კონკურსს კვლავ უფასოდ ისწავლის, ხომ არ არსებს გამონაკლისი შემთხვევები?

– ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის მხოლოდ ის სტუდენტი, რომელიც თავისი ქულების მიხედვით მოხვდება დაფინანსებულ ადგილზე. სხვა სტუდენტს, რომელმაც გადალახა საგამოცდო ბარიერი, სურვილის შემთხვევაში შეუძლია, რომ პროგრამაზე საკუთარი ანაზღაურებით ისწავლოს. გადასახადსაც სახელმწიფო განსაზღვრავს, დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით.

– იმისთვის, რომ პროგრამაზე ჩაირიცხონ მხოლოდ საგამოცდო ზღვრის გადალახვა საკმარისია?

– თუ სტუდენტმა იმდენი ქულა დააგროვა, რომ მოხვდა დაფინანსებული ადგილების რაოდენობაში, ის ჩაირიცხება სახელმწიფო დაფინანსებით. თუ საგამოცდო ბარიერი გადალახა  და ვერ მოხვდა დაფინანსებულთა სიაში, შეუძლია, განცხადების საფუძველზე, ამ პროგრამაზე თვითდაფინანსებით ისწავლოს.

– თეორიულ საკითხებთან ერთად, პროგრამის მონაწილეებს სასურველ სკოლაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაც კვლავ ექნებათ?

– რასაკვირველია, პროგრამაზე ჩარიცხულები კვლავ გაივლიან პრაქტიკას სკოლაში, ეს სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

– რას ეტყოდით დღეს მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის მსურველებს?

– მასწავლებლობა ძალზე რთული და საინტერესო პროფესიაა, ის ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. მომავალი თაობა კი, თავის მხრივ, ქვეყნის მომავალს, მის ავკარგიანობას, მის კეთილდღეობას განსაზღვრავს. დღეს ჩვენი ქვეყანა და სკოლა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რატომ არ უნდა მიიღოთ ეს გამოწვევა და არ უნდა იღვაწოთ თქვენი ქვეყნის, თქვენი შვილების და მომავალში შვილიშვილების, თქვენი ხალხის საკეთილდღეოდ?!

ასევე იხილეთ:

ცნობილია რომელი უნივერსიტეტი რა წინაპირობით მიგიღებთ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე – დეტალები

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური