GE

თუ მოსწავლე CAT-ის გამოცდაზე ჩაჭრილია, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ატესტატს მიიღებს

ყველა მოსწავლე, რომელიც კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე (CAT)​ ჩაიჭრა, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, უფლებამოსილია, ატესტატი მიიღოს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასევე, ის მოსწავლეები, რომლებიც CAT-ის გამოცდებზე რაღაც მიზეზის გამო არ გავიდნენ, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლიეს, უფლებამოსილი არიან, ატესტატი მიიღონ. როგორ მიიღებენ, რა პროცედურები იქნება და ამისთვის სად უნდა მივიდნენ, ამაზე განათლების სამინისტრო ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

მოსწავლეების ინტერესის საგანს წარმოადგენს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხიც. წლევანდელი აბიტურიენტებს აინტერესებთ ეხება თუ არა რაიმე სახის ცვლილება მისაღებ გამოცდებს და მოუწევთ თუ არა მათ წელს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

„დღესაც რამდენიმე ზარი იყო ამის შესახებ. ზოგს ჰქონია, რომ უნარების გამოცდა არ ჩაბარდება და ა.შ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები წელს არ იგეგმება. ერთადერთი ცვლილება, რომელიც უკვე დაანონსდა, ეხება იმას, რომ თუ სტუდენტმა ერთზე მეტი არჩევითი საგანი ჩააბარა და ერთ-ერთში ჩაიჭრა, ამ შემთხვევაში არ კარგავს შანსს, გრანტი მიიღოს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები როგორც მე–11, ისე მე-12 კლასელებისთვის წელსვე მოიხსნება.

ამავე თემაზე:

ჩააბარებენ თუ არა მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები წელს შიდა სასკოლო გამოცდებს

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური