GE

ჩააბარებენ თუ არა მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები წელს შიდა სასკოლო გამოცდებს და რა ელით გასულ წლებში ჩაჭრილებს?

მას შემდეგ, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებიც მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდების მსგავსად წელსვე მოიხსნება, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და მოსწავლეები ინტერესდებიან: ჩააბარებენ თუ არა სკოლის შიდა გამოცდებს? მოუწევთ თუ არა მე–11 და მე–12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე გასულ წლებში ჩაჭრილებს გამოცდების ჩაბარება და რა ფორმით?

როგორც EDU.ARI.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუმარტეს, უწყება მუშაობს ამ საკითხებზე და მისი რეგულირება აუცილებლად მოხდება, რა ფორმით და როგორ, ამას უახლოეს დღეებში იტყვიან.

ამას ემატება ისიც, რომ მიუხედავად გამოცდების მოხსნის გადაწყვეტილებისა, განათლების მინისტრმა ცალსახად თქვა, რომ სკოლის მოსწავლეებს კომპეტენციის დადასტურება როგორც მე–11 ისე მე–12 კლასებში აუცილებლად მოუწევთ და გამოცდებს თავად სკოლები ჩაატარებენ. ამაზე, მინისტრმა ბატიაშვილმა დამატებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

EDU.ARIS.GE შეეცადა, პასუხი ამ საკითხზეც მიეღო.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თემაზე კომენტირებისას განგვიცხადეს, იმის მიუხედავად, რომ მე–11 და მე–12  კლასელები წელს საატესტატო გამოცდებს არ ჩააბარებენ, თითოეულ სკოლას აქვს უფლება თავად ჩაუტაროს მოსწავლეებს შიდა სასკოლო გამოცდები, როგორც ამას ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ან პირდაპირ სრულიად უგამოცდოდ, ნიშნების საფუძველზე გადაიყვანოს მოსწავლე დამამთავრებელ კლასში.

ამ პასუხის გათვალისწინებით, გაჩნდა ლოგიკური კითხვა, რომელ ვარიანტს ირჩევენ სკოლები, ჩაატარებენ თუ არა გამოცდებს?

EDU.ARIS.GE თბილისის რამდენიმე სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, პოზიციები განსხვავებულია, ზოგიერთი გეგმავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში იმოქმედოს, ზოგიერთი კი ჯერ საბოლოო პოზიციას ვერ აფიქსირებს და გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლის შიგნით კონსულტაციების გავლას აპირებს.

„ჩვენ ისედაც ვტოვებთ კლასში იმ მოსწავლეებს, ვისაც არ აქვს საჭირო შედეგი წლის ბოლოს. ჩვენთან შიდა გამოცდები არ არის და ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად. ახლაც სკოლა დაადგენს, აქვს თუ არა  მოსწავლეს კომპეტენცია საიმისოდ, რომ გადავიდეს შემდეგ კლასში. ვიღაც ამისთვის გამოცდას ჩაატარებს, ვიღაც შემაჯამებელი წერით დაადგენს და ვიღაც მოსწავლის ნიშნების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს დადგენილია ეროვნული სასწავლო გეგმით, ამ დოკუმენტის შესაბამისად ხდება კლასიდან კლასში გადაყვანა. აქ ყველა კლასზეა საუბარი და არა მხოლოდ მე–11 ან მე–12 კლასზე. საატესტატო გამოცდების გამო არც გადაგვყავდა და არც გადმოგვყავდა კლასიდან კლასში, ვეყრდნობოდით ესგ–ს და ასე იქნება ახლაც. ეს გამოცდები მოსწავლის მომდევნო კლასში გადასვლას არ გვიწყვეტდა. ჯერ მოსწავლემ კლასი უნდა დაძლიოს, გადავიდეს ესგ–ის შესაბამისად მოაგროვოს საჭირო ქულა და შემდეგ გადიოდა იმ საატესტატო გამოცდაზე დამატებით კომპეტენციის დადასტურებისთვის. უბრალოდ, ახლა აღარ დადასტურდება მოსწავლის კომპეტენცია კომპიუტერული გამოცდით და ვიღაც გადავა მომდევნო კლასში, ვიღაც არ გადავა.

„ალბათ, ორ-სამ გამოცდას თუ ჩაატარებს სკოლა, ორ გამოცდაზე მეტის დანიშვნის უფლება არ გვაქვს საერთოდ და თუ ცვლილება არ შევიდა მეტი ვერც ჩატარდება. ყველა სკოლა იხელმძღვანელებს როგორც აქამდე ხელმძღვანელობდა ეროვნული სასწავლო გეგმით“, – ამბობს თბილისის #97 სკოლის დირექტორი ქეთევან მეურმიშვილი ჩვენთან საუბარში.

ფუტკარაძე ლიანა, #133 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენთვის ახალი არ არის შიდა სასკოლო გამოცდების ჩატარება, მე–7 კლასის ზევით თითქმის ყველა საფეხურზე ხდება გამოცდების ჩატარება ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა პრინციპის დაცვით. ამიტომ, ამაში ჩვენთვის სიახლე არაფერი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვზომავთ მოსწავლეების ცოდნის და კომპეტენციის დონეს და ამის მიხედვით ვგეგმავთ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. გამოცდები ჩატარდება კომბინირებული სახით, როგორც ადრე ვიყენებდით “G CAT” ტესტირების მეთოდს, რომელსაც გამოცდების ცენტრი გვთავაზობდა, ახლაც ამ მეთოდით ვაპირებთ ჩატარებას. ჩვენ ვიზიარებთ მინისტრის პოზიციას, რომ ერთიანი არ იყოს ეს საატესტატო გამოცდები და თავად სკოლებმა შეაფასონ თავისი მიღწევის დონე და მოთხოვონ  მოსწავლეებს ის რაც ასწავლეს.“

როგორც 160-ე სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაჩიამ EDU.ARIS.GE– ს განუცხადა, ის ჯერ კონსულტაციების გავლას გეგმავს კოლეგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, ამიტომ ჯერ გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით შეაფასებს მისი სკოლა მე–11 ან მე–12 კლასელებს, არ მიუღია.

„შიდა სასკოლო გამოცდებს ჩვენ აქამდეც ვატარებდით, მე–11 კლასში არ ჩაგვიტარებია, იმიტომ რომ „კატის“ გამოცდებს აბარებდენენ. წელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ვფიქრობთ გავივლით კონსულტაციებს მასწავლებლებთან, მშობლებთან და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ ჩავუტარებთ თუ არა შიდა სასკოლო გამოცდებს.“

ამ დროისათვის, ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, უცნობი რჩება ფორმა და პრინციპი, როგორ აიღებენ ატესტატს 2019 წელს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, როგორც რეფორმის პრეზენტაციისას ითქვა, “ატესტატის გაცემა მოსწავლის აკადემიური მოსწრების საფუძველზე უნდა მომხდარიყო”. მეტი დეტალი აღნიშნულის შესახებ დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში გაცხადდება.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მე–12 კლასის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე გაუქმდა მე–11–სთან ერთად – მამუკა ბახტაძე

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური