GE

„თუ სკოლებში სწავლა 1-ლი მაისიდან განახლდება, სასკოლო პროგრამის დამთავრებას ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ეკატერინე დგებუაძესთან მოკლე ინტერვიუ ჩავწერე (20/03/2020) და პირველად გავიფიქრე, რომ სამინისტროს გეგმა გააჩნია. არა მეგობრებო, განათლების განვითარების გეგმას არ ვგულისხმობ, აქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციაში და ეს, ჩემი აზრით, დღეს მთავარია.

თუ სკოლებში სწავლა 1 მაისიდან განახლდება, ეკატერინე დგებუაძის თქმით, ახალი სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სასკოლო პროგრამის დამთავრებას ივნისის ბოლომდე მოახერხებენ, აბიტურიენტები კი, ეროვნულ გამოცდებზე წელს გონივრული შეღავათებით ისარგებლებენ .

„1-ლი აპრილიდან, სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს მეორე არხის საშუალებით უყურებენ. გაკვეთილები განათლების სამინისტროს საიტებზეც განთავსდება, დისტანციურ სწავლებაზე სკოლებისა და მოსწავლეების ნაწილი გადავა, ასევე ყველა სხვა შესაძლო არხებს გამოვიყენებთ“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.

კითხვაზე, თუ რამდენი მოსწავლისა თუ მასწავლებლის ჩართვას გეგმავს სამინისტრო დისტანციური სწავლების პროცესში, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, გარდა იმისა, რომ დისტანციური ინტერაქტიული სწავლება სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი ახლა არ არის.

დარწმენუბული ვარ, რომ ქალბატონ ეკატერინეს დისტანციური სწავლების მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებულ მთავარ მიმართულებებში განათლება არ შედის. შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული მიმართულებები დღეს ჯანდაცვა, სამოქალაქო წესრიგი, მარაგების მართვა და ეკონომიკა გახლავთ.

თქვენ სხვანაირად განსაზღვრავდით პრიორიტეტებს? დისტანციურ სწავლებაზე ახლა უზარმაზარი თანხები გამოვყოთ და შეზღუდული გადაადგილების პირობებში ეს სისტემა მალე დავნერგოთ? ვაშლების დარიგებასა და იყალთოში ჰაერის პრეზენტაციის, ასევე „ახალი სკოლის“ პროექტის დასამარების (სამინისტორს ენაზე „გაფართოების“) დროს, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარებაზე, ალბათ, ნაკლებად ვფიქრობდით.

ქალბატონი ეკატერინე საუბარში არ ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართვა აუცილებლად კარგად და ყველგან მოხერხდება, მაგრამ დასძინა, რომ განათლების სამინისტრო ამისათვის ყოველდღიურად მაქსიმუმს აკეთებს, გეგმების ნაწილი კი, მისი თქმით ხვალ, ორშაბათს გაჟღერდება.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში სიტუაციის რთული განვითარების შემთხვევაშიც, სასწავლო წელი მაინც რამენაირად დაიხურება და ზედმეტ პრობლემას ეს საკითხი წელს მოსახლეობას არ შეუქმნის. ბავშვების განათლებაზე კი, სახელმწიფო მეტად ზრუნვას მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ გააგრძელებს.

პირველ რიგში კორონავირუსს მივხედოთ!

გკ

რა უფლებები მიეცა მთავრობას განათლებასთან მიმართებით საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ – პრეზიდენტის დეკრეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm