„უცოდინარ მასწავლებელს ერთნაირად აშინებს კამერაც და პროფესიონალი შემმოწმებელიც” – როგორ შეფასდა მინისტრის ინიციატივა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაანონსებულ სიახლეს, რომ პედაგოგთა შეფასებას ვიდეოგაკვეთილით, სხვა ალტერნატივა ჩაანაცვლებს, განათლების სპეციალისტები აფასებენ.
ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ საგაკვეთილო პროცესს სავარაუდოდ სხვა კლასების მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.
აღნიშნულ ინიციატივას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თავად პედაგოგებში. ნაწილი თვლის, რომ დასწრების მექანიზმი კარგი ალტერნატივაა, ნაწილს კი დამსწრეთა ობიექტურობასთან მიმართებაში აქვს კითხვები და კორუფციასაც ახსენებს:
“ნუ ცდილობთ პედაგოგების არათანაბარ პოზიციაში გადანაწილებას და ,,ოროსნების” გულის მოგებას; ვიდეოგაკვეთილი ობიექტური შეფასების უალტერნატივო მექანიზმია, სხვა დანარჩენი-აღმოფხვრილი კორუფციის მონატრება. არც ერთ პედაგოგს არ გაუჭირდება მაქებრების მოძიება და რა იქნება მერე?! ისევ ერთ დიდ ქვაბში მოიხარშება ცოდვა-მადლი. ეს რეფორმა გატარდება, ან კრახით დამთავრდება, რასაც არავის აპატიებენ; ამიტომ, სოციალური პრობლემების მოგვარებაში შეუწყეთ ხელი ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველაფერი კარგად იქნება. უცოდინარს ერთნაირად აშინებს კამერაც და პროფესიონალი შემმოწმებელიც”.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად ობიქტური იქნება კოლეგა პედაგოგების მიერ მასწავლებლის გაკვეთილის შეფასება და ხომ არ მივიღებთ არაკომპეტენტურ დასკვნას.
ამ კითხვით ჩვენ განათლების საკითხების სპეციალისტებს მივმართეთ. ასეთი დაკვირვების ეფექტიანობის შეფასებისას, პოზიციები განათლების ექსპერტებშიც განსხვავებულია. როგორც სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ მოსიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეიძლება, ალტერნატიულ ვერსიას ნეპოტიზმის საფრთხე ახლდეს.
თამარ მოსიაშვილი
,,თუ გადაწყდა, რომ გარე დაკვირვების ალტერნატივად დამკვირვებლები შემოიყვანონ, ეს დამატებით ძალიან ბევრ რესურს საჭიროებს. სქემა ისე არის აგებული, რომ მისი იმპლემენტაცია ითხოვს ძალიან დიდ თანხებს და ადამიანურ რესურსს, რომელიც ამ ქვეყანას არ აქვს – ამიტომაც ცალსახაა, რომ სქემა უნდა შემსუბუქდეს. მიზანი ერთია, მასწავლებელი მუდმივად უნდა ფასდებოდეს გარე ინსტიტუციების მიერ და ეს შეფასება იყოს ობიექტური. შესაბამისად, სახელმწიფომ სისტემა ისე უნდა მოაწყოს, რომ პერიოდულად უნდა ფასდებოდეს პედაგოგი გარე სტრუქტურების მიერ – ძალიან უხერხული სიტუაციაა, 2100-მდე სკოლა გვაქვს და 65 ათასამდე პედაგოგი. აქ ცხადია, შეიძლება გვქონდეს ნეპოტიზმის შემთხვევები. ამიტომაც, ამ სირთულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ სქემა უნდა გამარტივდეს,”- განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.
მასვე ვთხოვეთ, შეეფასებინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმიჯი და პედაგოგებთან მისი ურთიერთობა. ჩვენს კითხვაზე: ,,ხომ არ მიდის მინისტრი ბევრ დათმობაზე და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მას,” განათლების საკითხის ექსპერტმა ასეთი პასუხი გაგვცა:
,,მოდით, ვთქვათ, რომ ჩვენი მინისტრი ძალიან პოზიტიური ადამიანია, სანამ მინისტრი გახდებოდა, მანამდეც, მისი ყველა ლექცია თუ გამოსვლა პოზიტივზე იყო აგებული და ეს თავისთავად კარგია, მაგრამ როდესაც მასწავლებლები მინისტრს ხვდებიან, მათ უნდა ახსოვდეთ რომ მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და ეს არ გულისხმობს, რომ ეს ადამიანი არის სფეროს ექსპერტი და არ უნდა მოერიდოთ კრიტიკული შეკითხვების დასმის. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მისი ტკბილი სიტყვები ,,ეს არ გინდათ – მაშინ ეს არ იქნება” ჩვენს სისტემას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი. სკოლებში ახალი თაობები იზრდებიან, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება მეტი პროფესიონალი მასწავლებელი. თვალს ხომ არ დავხუჭავთ იმ ფაქტზე, რომ სკოლებში დღეს ასწავლიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციები ვერ დაადასტურეს – თვალის დახუჭვა სისტემას არ წაადგება. ამიტომაც, რესურსები ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა, გადაღება – შეფასებაზე კი არ უნდა დავხარჯოთ, არამედ პროფესიონალი კადრების შემოყვანაზე უნდა ვიზრუნოთ,”- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.
მანანა ნიკოლაიშვილი
განათლების საკითხების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ პედაგოგის საქმიანობას უნდა აფასებდეს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კომისია და არა რესურსცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ არიან პედაგოგები.
,,მთავარია მინისტრმა ჩამოთვალოს, კონკრეტულად ვინ არიან ის პირები, რომლებიც გაკვეთილებს დააკვირდებიან. ითქვა რესურსცენტრების წევრები დააკვირდებიანო – იცის კი საერთოდ მინისტრმა რესურსცენტრებში ვინ ჰყავს?! არაპროფესიონალები არიან – იურისტებით და ბუღალტრებითაა დაკოპლექტებული. რომ ყოფილიყო რესურსცენტრები, როგორც განათლების განყოფილებები და საგნობრივი ინსპექტორებით დაკომპლექტებული – ამ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ, დღევანდელ რესურსცენტრებში ჯერ ერთი შტატებია შეზღუდული და მეორე, საგნის სპეციალისტები ფაქტობრივად არ ჰყავთ. არაპროფესიონალები კი როგორ უნდა შევიდნენ და დააკვირდნენ გაკვეთილს, მითუმეტეს როგორ უნდა შეაფასონ?! რაც შეეხება თავად პედაგოგების მიერ ერთმანეთის შეფასებას – ეს საერთოდ აბსურდია. კოლეგამ კოლეგა როგორ უნდა შეაფასოს?! ეს გამოიწვევს კოლექტივში დაპირისპირებას. სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ თუ სახლობანას ვთამაშობთ?! გაკვეთილზე უნდა შევიდეს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კომისია. პროფესიონალი პედაგოგი დირექტორისგან, პროფესიონალი პედაგოგი დირექტორის მოადგილისგან, მეთოდისტისგან და საგნის ინსპექტორისგან დაკომპლექტებული კომისია. სხვა კუთხით ეს არ იქნება შეფასება, ეს იქნება აბსურდის თეატრი. თუ სახელმწიფო ხარ და აკონტროლებ, უნდა გააკონტროლო ინსპექტორების საშუალებით,”- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
გია მურღულია
,,იცით რა, ვიდეოგაკვეთილები არ არის პანაცეა. ვიდეოგაკვეთილი ერთ-ერთი შესაძლებლობა უნდა იყოს მასწავლებლისთვის და არა სავალდებულო ამბავი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება მართებული იყო. კრიტიკა ყველაფრის ადვილია, ყველაფერს ახლავს თავისი რისკები. შემოთავაზებულ ვერსიაში რისკი ადამიანური მომენტია. ვიდეოგაკვეთილებში რისკი ის იყო, რომ ადამიანები არ აფასებდნენ. მასწავლებლის შეფასება კი ძალიან რთული საკითხია. ერთი გაკვეთილით ვერ შეაფასებ. მისი რამდენიმე გაკვეთილი უნდა ნახო. სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მეთოდიკით ჩატარებული გაკვეთილები უნდა ნახო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მინისტრმა არჩევანის შესაძლებლობა გააჩინა და ეს ძალიან კარგია. მართალია, არსებობს ბევრი კითხვა – ვინ შეაფასებს, შემფასებლები როგორ შეაფასებენ, როგორ უნდა მოემზადონ – ნებისმიერ მართებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის აქვს კონტრკითხვები.
თამარ მოსიაშვილის მსგავსად, გია მურღულიასაც ვთხოვეთ შეეფასებინა პედაგოგებთან ალექსანდრე ჯეჯელავას დამოკიდებულება. ექსპერტის თქმით, მთავარია, მინისტრმა ის ადამიანური და პროფესიული კაპიტალი, რომელიც აქვს, ეფექტიანად გამოიყენოს.
,,სისტემა რომ გამართულად მუშაობდეს ერთ-ერთი წინაპირობა არის კეთილგანწყობა სისტემის შიგნით, ნდობა ხელმძღვანელი პირის მიმართ – ეს კარგი ამბავია. მე რამდენადაც ვიცნობ, მინისტრს პოზიტიური იმიჯი აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი პრინციპულობას არ გამოიჩენს რიგი საკითხების მიმართ. ანუ, იმის მოლოდინი, რომ მუდამ დამთმობ ნაბიჯებს გადადგამს არ მაქვს. ჯერ-ჯერობით კი, რასაც ვუყურებ, და რამდენჯერმე პირადად შევხვედრილვარ, კეთილგანწყობას ბადებს. ეს ყოველთვის კარგია. ახლა მთავრი ის არის, რომ ეს კაპიტალი ადამიანური და პროფესიული კარგად და შედეგიანად იყოს გამოყენებული,”- ამბობს მურღულია.
რა ჩაანაცვლებს პედაგოგების შეფასებას ვიდეოგაკვეთილით – განათლების მინისტრის კომენტარი
რას ამბობს მაია მიმინოშვილი პედაგოგთა ვიდეოგაკვეთილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით
მინისტრი: სხვა ცვლილებებთან ერთად, პედაგოგებისთვის ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება