GE

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი – ყველა დეტალი სიახლეზე

სპეციალური მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას წელსვე, შემოდგომით, შეძლებენ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა სალომე ჩარკვიანმა განუცხადა.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში სხვა ცვლილებებთან ერთად სპეციალური მასწავლებლის პროფესიული წინსვლის შესახებაც გაჩნდა ჩანაწერი. გაიწერა კონკრეტული გზები, როგორ აიმაღლებენ სტატუსს და რა სახის გამოცდების ჩაბარება მოუწევთ სპეციალურ მასწავლებლებს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის განცხადებით, სპეციალურ მასწავლებლებსაც ეძლევათ საშუალება, პროფესიულად განვითარდნენ, დაწინაურდნენ და შესაბამისად, ეს აისახოს მათ ანაზღაურებაზე.

„სქემით განისაზღვრა პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი. მათ 2 წლის მანძილზე უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, გავიდნენ გამოცდაზე, აწარმოონ პორტფოლიო, რომელიც შემოწმდება და ამის საფუძველზე შეძლებენ პროფესიულ წინსვლას. რა თქმა უნდა, შევთავაზებთ სპეციალურ კურსს, რომელიც უნდა გაიარონ.

სპეციალური მასწავლებელი რომ დაწინაურდეს, მისთვის იქნება ორი დონის გამოცდა. პრაქტიკოსებმა უნდა გაიარონ უფროსის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა, უფროსებმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა. პორტფოლიო მათი შეფასების აუცილებელი კომპონენტია. ისინი მხოლოდ პორტფოლიოთი და გამოცდით შეფასდებიან. გარე დაკვირვების გავლა არ უწევთ“, – აღნიშნა მანანა რატიანმა.

სქემაში გაწერილია სპეციალური მასწავლებლის სამი სტატუსი: პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი და წამყვანი სპეციალური მასწავლებელი. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

უფრო დეტალურად, რას გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის წინსვლის სქემა და როგორი იქნება სტატუსების დანამატი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი ესაუბრა.

სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, სპეციალური მასწავლებელს სქემაში სამი სტატუსია: პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი და წამყვანი სპეციალური მასწავლებელი. სტატუსების სახელწოდებები ემთხვევა სხვა მასწავლებლებისას, მაგრამ არ არის მენტორი მასწავლებლის სტატუსი გათვალისწინებული, რატომ?

-ზოგადად, მენტორი მასწავლებლის მოვალეობები რომ ნახოთ, ის მთელს სკოლაში, ყველა მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის, სკოლის საგარეო ურთიერთობებისთვის მუშაობს, ასეთი მიმართულება არ გვჭირდებოდა სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაში.

-რაც შეეხება დანამატს, რამდენი იქნება სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისთვის?

-სახელფასო ბრძანებაში ჯერ ცვლილება არ არის შესული, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ იგივე სახის დანამატი იქნება, როგორიც სხვა სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის არსებობს (უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატია 420 ლარი, წამყვანის – 700 ლარი. ავტ.)

-პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს ყველა მოქმედი სპეციალური მასწავლებელი მიიღებს?

-რა თქმა უნდა, სკოლებში მუშაობენ მასწავლებლები, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მიხედვით სპეციალური მასწავლებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ რადგან ისინი ამ კანონის შექმნამდე დასაქმდნენ, ამიტომ სისტემა აღიარებს მათაც პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად.

-რისი გაკეთება მოუწევთ სპეციალურ მასწავლებლებს უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად?

-დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც შეიცავს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსაც. იქ არის ზუსტად გაწერილი, რისი გაკეთება უწევს უფროს სპეციალურ მასწავლებელს. ძირითადად, ეს არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, კოგნიტურ უნარებზე მუშაობა, ეს არის მასწავლებლებთან მუშაობა. მსუბუქ დონეზე პრევენციაც არის.

-პორტფოლიოს წარმოებაც სპეციალურ მასწავლებელსაც მოეთხოვება?

-პორტოფლიო სპეციალურ მასწავლებლებთან გარე შეფასების მექანიზმად არ არის წარმოდგენილი. მასწავლებლებს, როგორც იცით, გარე შეფასებაც უტარდებათ. სანამ შეიქმნება ისეთი კომპეტენტური ჯგუფი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს შეაფასებს, იქამდე დირექტორთან არის ის ანგარიშვალდებული.

-რაც შეეხება გამოცდას, როგორი სახის იქნება ის და როდის ჩატარდება?

-წელსვე იქნება, შემოდგომაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ბუნებრივია, სპეციალურ განათლებაში. ბავშვთან განვითარების დარღვევებზე, ბავშვთა განვითარების თავისებურებებზე, სწავლების თავისებურებებზე იქნება ეს გამოცდა, რასაც ისინი აკეთებენ სკოლაში. რაც შეეხება წამყვანის სპეციალური მასწავლებლის გამოცდას, იგეგმება რომ მომავალ წელს იყოს, რამემ ხელი თუ არ შეგვიშალა.

-რაც შეეხება სპეციალური განათლების მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალურ მასწავლებლებს, მათ გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ? როგორ მიიღებენ ისინი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს?

-როგორც მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ხდება, სკოლამ უნდა წარადგინოს სტატუსზე, შემდეგ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამოსცემს ბრძანებას და მიენიჭებათ სტატუსი გამოცდის გარეშე.

-რა განსხვავება იქნება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდასა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას შორის?

-სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი იქნება ორიენტირი, რომელის მიხედვითაც მომზადდება უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდები. უფროს და წამყვანს შორის ის სხვაობაა, რომ წამყვანი არის უკვე უფრო კონკრეტულ ჯგუფებთან მომუშავე. სამი მიმართულება გვაქვს ამ შემთხვევაში: ეს არის მსუბუქი ინტელექტუალური დარღვევა და დასწავლის უნარის დარღვევის მიმართულება, მეორე მიმართულებაა საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევა და მესამეა სენსორული დარღვევები, ანუ სმენისა და მხედველობის დარღვევების მიმართულებით. წამყვანის გამოცდის შემთხვევაში უკვე სპეციალიზაცია ხდება მიმართულებების მიხედვით.

-რაც შეეხებათ ფსიქოლოგის განათლების მქონე მასწავლებლებს, რომლებმაც ჩააბარეს საგნის გამოცდა და ისე გახდნენ სპეციალური მასწავლებლები, მათაც მოუწევთ გამოცდის ჩაბარება სტატუსის ასამაღლებლად?

-კი, რა თქმა უნდა, საგნის გამოცდა არ არის ამ შემთხვევაში არაფერ კავშირში. სპეციალური მასწავლებლის გამოცდა სულ სხვაა. ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან სკოლებში, ჩააბარებენ სპეციალური მასწავლებლის გამოცდას და გახდებიან უფროსი მასწავლებლები. ვინც დასაქმებული არ არის და ფსიქოლოგია პროფესიით, ჯერჯერობით, მიმდინარე კანონით ვერ შევა სკოლაში. გამოცდის ჩაბარება შეუძლია, მაგრამ თუ „ზოგადი განათლების შესახებ კანონი“ შეიცვალა და ვფიქრობთ, რომ შეიცვლება, რადგან გზაშია უკვე ეს პროცესი, მაშინ ისინიც შეძლებენ სკოლაში შესვლას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მაისით დათარიღებული 390-ე დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1-ლ იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1-ლი იანვრისა“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გთავაზობთ ამონარიდს დადგენილებიდან, ვინ შეიძლება იყოს პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი და წამყვანი სპეციალური მასწავლებელი:

„პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს პირს, რომელიც:

აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში;

ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ამავე თემაზე:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეცვლილი სქემა ძალაში შევიდა – დოკუმენტი

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში წამყვანი, მენტორი და სპეციალური მასწავლებლისთვის დამატებითი კომპეტენციები აისახა – დოკუმენტი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური