„უკვე მერვედ ვარ ისევ 6 წლის, შვიდი ჯადოსნური სიტყვით შეგიძლია შეუდგე პირველკლასელების მეგზურობას“
ახალი სასწავლო წლის დაწყებას EDU.ARIS.GE იმ წამყვანი მასწავლებლის გულშიჩამწვდომი სიტყვებითა და გამხნევებით მოგილოცავთ, რომელიც წელს უკვე მერვედ იქნება პირველკლასელების მასპინძელი ცხოვრების ახალ გზაზე და როგორც თავად ამბობს, ეცდება თითოეულს აღმოაჩენინოს „მისი წილი მზე“.
ნათია ბოლქვაძე მასწავლებლობას 19 წლიდან შეუდგა და 30-წლიანი გამოცდილების ამ ეტაპზე სსიპ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელია.
სწორედ მისგან მივიღეთ პასუხი მშობლებისა თუ ახალბედა მასწავლებლებისთვის, რას ნიშნავს პირველკლასელის მასწავლებლობა:
„უკვე მერვედ ვარ ისევ 6 წლის.
დაწყებითი კლასების მასწავლებლობა გამორჩეული პატივია სასკოლო ცხოვრებაში. ჩემი პროფესიის უპირატესი ხიბლი პირველი კლასის მასწავლებლობაა, როგორც ხშირად მოგვიხსენიებენ ხოლმე – „აი იას მასწავლებელი“.
პირველკლასელების მეგზურობა განსაკუთრებული პატივია, რადგან გიწევს, პატარა ადამიანებს დაეხმარო საკუთარი თავის აღმოჩენაში; ეცადო, აპოვნინო მიმართულება სამყაროში სამოგზაუროდ; აღმოაჩენინო ფერები, აპოვნინო მისი წილი მზე. გინდა, დაიჯერონ: თუ მზეს იპოვიან, მხოლოდ მაშინ მოიპოვებ ნათების უფლებას. უნდა მოინდომო, დააკვირდე, მოუსმინო, გახდე სასურველი და მოიპოვო ნდობა.
ბავშვი უნდა შეიყვაროო, ამბობენ ხშირად. მათი შეყვარება მარტივი ამბავია. მთავრია, თვალები გაუსწორო და უხილავი კი არა, ხილული სხივები გააბა. თუ ამას შეძლებ, სიყვარულსა და უპირობო ნდობას მოიპოვებ. ჰოდა, გზის გაგრძელებაც გაგიადვილდება.
ისევ 6 წლისა მერვეჯერ-მეთქი… არ არის უბრალო ამბავი. თაობები იცვლებიან. მათი შესაძლებლობები, ინტერესები, მზაობა, ბოლო წლებია, თვალშისაცემად განსხვავებულია. პირველ კლასში შესვლის დროს განსაკუთრებით ვამხნევებ საკუთარ თავს: მეტი ფიქრი, მიზნობრივი დაკვირვება, უკვე პროფესიად ქცეული ინტუიცია, სამზადისის სწორად წარმართვაში გეხმარება.
7 ჯადოსნური სიტყვით შეიძლება, საკუთარი თავი გაამხნევო და შეუდგე პირველკლასელების მეგზურობას: „თქვენ სამუდამოდ პასუხისმგებელი ხართ იმათზე, ვინც მიიჩვიეთ“.
ასევე იხილეთ:
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება