ზოგად და უმაღლეს განათლებაში რეფორმების გატარების ვადები ერთი წლით გახანგრძლივდა – განმარტება განათლების მინისტრის მოადგილისგან
26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში დაწყებული რეფორმების გასატარებლად მეტი დრო სჭირდება. აღნიშნული ეხება როგორც სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას, ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალ წესს.
კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა რატიფიცირებისთვის წარუდგინა 2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ N1 ცვლილების წერილშეთანხმება“.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროებში გათვალისწინებული რეფორმის განსახორციელებლად დადგენილი ვადების ცვლილებას და მათი დაახლოებით ერთი წლით გადავადებას სხვადასხვა პერიოდების მიხედვით.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიზეზი რამდენიმე ასპექტს მოიცავს: “აქ არის საუბარი ზოგადი განათლების სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნაზე და შემდგომ ამ ახალი მოდელის იმპლემენტაციაზე სკოლებში. ასევე საუბარია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესში ახალი რეგულაციების შემუშავებაზე და ეს საკითხები არის რეფორმის პროცესში, მიდის ინტენსიური მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გათვლებით, კიდევ ერთი წელი არის საჭირო, რათა პროცესი სრულყოფილად შედგეს”, – თქვა ნოდარ პაპუკაშვილმა.
ამავე თემაზე:
სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება