GE

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები“.

როგორც ცნობილია, ასეთი სისტემა უკვე არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში.

როგორც მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში ვკითხულობთ, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესს, პირობებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ სუბიექტებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანის, შეტანილ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისა და სისტემიდან ინფორმაციის ამოღების წესებს.

სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ.

როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე ამ შემთხვევაშიც სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა).

მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედებულია და განსაზღვრულია, რომ მართვის სისტემა ვალდებულია 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.

რა სამუშაოს შესრულების ვალდებულება აქვს მინისტრის ბრძანებით განათლების მართვის სისტემას, დეტალურად იხილეთ ბრძანებაში.

ბრძანება 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური