GE

უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებების პირველი პაკეტი ძალაში შევიდა – რა წერია პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონში

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის მიერ ათ დეკემბერს დამტკიცებულ უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ საკანონმდებლო პაკეტს, რითაც ცვლილებები უკვე ძალაში შევიდა.

რა შეიცვალა/შეიცვლება რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების შემდეგ

მთავრობა ამბობს, რომ:

-დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას უფასოს გახდის; (ჯერ უცნობია კონკრეტულად როგორი იქნება ეს სისტემა. ავტ.)

-საუნივერსიტეტო სისტემაში იმპლემენტირდება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას დაეთმობა (გამონაკლისი სპეციალობების გარდა);

– ბაკალავრიატი მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურა – არანაკლებ 60 კრედიტს. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი იქნება;

– დოქტორანტურაში სწავლის უფლება ექნება პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა არანაკლებ 120 კრედიტიანი/ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად;

– საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

– საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს;

– სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ყოველწლიურად დამტკიცდება ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით (ან მის გარეშე) მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა; (მთავრობის მიერ. ავტ.)

სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ყოველწლიურად მთავრობა დაამტკიცებს – რა წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში

როგორ აისახა ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში

პარლამენტის მიერ მიღებული პირველი საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან სხვა ცვლილებებსაც.

კანონი უცვლელად:

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;“;

ბ) „ფ​​​2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ​2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;“;

გ) „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ჰ​10“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ჰ​28“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ჰ​32“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ და „ბ​1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“–„გ​3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „გ​5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს, და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;“;

ე) „დ​​​1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ​2“ და „დ​3“ ქვეპუნქტები:

„დ​2) სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით;

დ​3) სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესსა და პირობებს;“;

ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს, და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;“;

ზ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესს“;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებას;“;

ბ) „ნ​​​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ​1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესსა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს;“;

გ) „ნ​2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „პ​6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „პ​8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ​8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესს;“;

ზ) „პ​14“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „პ​​​16“ და „პ​​​17“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ​16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესსა და პირობებს;

პ​17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესს;“.

4. 8​2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს;“.

5. 8​4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს;“.

6. 8​5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს;“.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობების ძირითად მიმართულებებს;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობების ძირითად მიმართულებებს, აგრეთვე ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;“.

8. 10​1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში;“.

9. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება ამ დაწესებულების სახელწოდება და მიზანი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს მას, და დაწესებულებისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები, აგრეთვე ინიშნება მისი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნული დაწესებულების დროებითი წესდებით განისაზღვრება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის გავლასა და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებები დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევამდე.“.

10. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ი​1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;

ი​1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის;“.

11. 31​4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს;“.

12. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ​​“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ა.ბ) „თ​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

13. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები

1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.

2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:

ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;

ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს;

გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.

3. მინისტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა 1 სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.

6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.

7. ამ კანონის 47​​​2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.

8. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.“.

14. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა.“.

15. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.“.

16. 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 52​1 მუხლის 4​1 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებას.“.

19. 54-ე−54​2 მუხლები ამოღებულ იქნეს.

20. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

21. 79-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 პუნქტი:

„1​1. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სხვა პირის სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. მე-80−82-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

23. 89​20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 89​​​20. ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. ამ პირების ამ მუხლის შესაბამისად დაფინანსების წესი და პირობები დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება გავრცელდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

როგორც რეფორმის ავტორები განმარტავენ, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული შვიდივე პრიორიტეტის მიხედვით მომდევნო საკანონმდებლო პაკეტების ინიცირება.

ამავე თემაზე:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური