GE

უნარების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 13% არ გამოცხადდა – როგორ აფასებენ წლევანდელი ტესტის სირთულეს 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს და ხვალ გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად წერენ. პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებული აბიტურიენტების 87%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

წელს პირველი შემთხვევაა, როცა ზოგადი უნარები უმაღლესში მოსახვედრად სავალდებულო საგანი აღარ არის და მან არჩევითი საგნების ნუსხაში გადაინაცვლა. ზოგად უნარებს სამ სესიად 4500 -ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს, სწორედ ამდენმა აპლიკანტმა დააფიქსირა დამატებით საგნად ზოგადი უნარები.

უმაღლესების ნაწილმა კონკრეტულ მიმართულებებზე ზოგადი უნარები სავალდებულო ჩასაბარებელ გამოცდად დააფიქსირეს. რომელმა უმაღლესებმა დატოვეს და რა მიმართულებაზეა უნარების გამოცდა სავალდებულო, იხილეთ აქ.

შეიცვალა თუ არა ზოგადი უნარების ტესტის სირთულე ამ ცვლილების შემდეგ და როგორ გაართვეს თავი აბიტურიენტებმა ტესტებში მოცემულ დავალებებს, ამაზე გამოცდის დასრულების შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ:

ნანუ მამედოვა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “კარგია რომ სავალდებულო გამოცდაში აღარ შედის ეს გამოცდა, ამიტომ შედეგზეც არ ვნერვიულობ და არც გამოცდის პროცესში ვნერვიულობდი, ბევრ პასუხში არც ვარ დარწმუნებული, უბრალოდ შემოვხაზე. მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი მეჩვენა. ბარიერს გადავლახავ ვიცი და დანარჩენი ვნახოთ.”

აბიტურიენტი 175-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ჯავახიშვილის სამართლის პროგრამა მაქვს არჩეული და მომიწია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებაც. რთული იყო-თქო ვერ ვიტყვი, სავალდებულოც რომ ყოფილიყო წინა გამოცდების გათვალისწინებით, ვფიქრობ, არც ეს იქნებოდა განსაკუთრებული სირთულის. ისე არ უნდოდა არავის უნარების გამოცდა, მეგონა მარტო მე მექნებოდა არჩეული. მე პირადად არც სავალდებულო საგნის შემთხვევაში შემიშლიდა ხელს. რაც შეეხება ლოგიკურ და მათემატიკურ ნაწილს, მათემატიკური იყო უფრო მარტივი, ელემენტარული მათემატიკა და თუ რამეს მაინც სწავლობ არ უნდა გაგჭირვებოდა. ლოგიკა უფრო სააზროვნო და დამაბნეველი შეკითხვები იყო, რამდენიმე ვარაუდით შემოვხაზე, თუმცა საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ.”

აბიტურიენტი 173-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “სამართალმცოდნეობაზე ვაბარებ, ამიტომ ჩემთვის უნარების გამოცდის ჩაბარება აუცილებელი იყო, რომ გითხრათ ძალიან მინდოდა-თქო, მოგატყუებთ. არ იყო რთული ტესტი, მათემატიკა კარგად ვიცი და ჩემთვის მათემატიკური ნაწილი უფრო ადვილი დასაძლევი გამოდგა. გასული წლის ტესტებიც ნანახი მქონდა ნიმუშები და, ვფიქრობ, წლევანდელი უფრო მარტივი იყო, არცაა გასაკვირი, რადგან წელს უნარების გამოცდაზე აღარაა დამოკიდებული არც გრანტი და არც უნივერსიტეტში ჩაბარება. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა სწორია, რა მიმართულებაზეც აპირებს უმაღლესში სწავლას აბიტურიენტი იმ მიმართულების გამოცდა უნდა ჩააბაროს და არა ზოგადი საგნები, მომავალ წლებში ალბათ ამ კუთხით კიდევ უფრო დაიხვეწება გამოცდები.”

ნინო გოგაშვილი 173-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან კარგი გამოცდა იყო, ორივე ნაწილი ვწერე და ვფიქრობ, კარგი შედეგი უნდა მქონდეს. კონკრეტული საკითხების გახსენება მიჭირს, მაგრამ ჩვეულებრივი ტესტი იყო ანალოგიებით, ტექსტის გააზრებით და მათემატიკური ნაწილით. თან გასული წლის ტესტებთან შედარებით მე ადვილად მომეჩვენა, არამარტო ეს გამოცდა, არამედ სხვა დანარჩენი გამოცდებიც, რაც უკვე ჩავაბარე. შერბილებული იყო ყველანაირად და ჩვენი მდგომარეობაც გათვალისწინებული იყო, არც ერთი არ გამჭირვებია. საგამოცდო სივრცეებიც მოხერხებულად იყო მოწყობილი, უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ტემპერატურაც არ ყოფილა შემაწუხებელი. არ მჯერა, რომ გამოცდები დასრულდა.”

ანი ზაქაიძე 173-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მსურს მოხვედრა და უნარების გამოცდის ჩაბარება ამიტომ დამჭირდა. სულ სამი თვე ვემზადებოდი და რთულად არ მომეჩვენა. ორი ტექსტი იყო, პირველი ეხებოდა ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობას, ჩრდილოეთში მათ ერთობლივ ცხოვრებას, ეს ძაღლები რომ თავიდან მგლები იყვნენ და მერე გახდნენ შინაური ცხოველები. მეორე ტექსტი იყო ფილმების გადაღებაზე, პროექციულ ფილმებზე, ანუ გამოქვაბულებში პირველყოფილი ადამიანების მიერ შექმნილი ნახატებიც შეიძლება ამ კუთხით ჩაითვალოსო. მათემატიკური ნაწილიდან გეომეტრია ძალიან მცირე იყო, ამოცანები იყო, ყველა საკითხი გავაკეთე, რადგან კარგად ვიცოდი. უკვე ყველა გამოცდა დავასრულე, უნარების გარდა ქართული, უცხო ენა და ისტორია ჩავაბარე. მგონია, რომ წელს შარშანდელთან შედარებით უფრო ადვილი გამოცდები იყო. წინა ტესტები ნანახი მქონდა. ინგლისურის მეშინოდა ძალიან, რადგან ისე კარგად არ ვიცი, მაგრამ არ იყო რთული და მგონი, შევძელი. გამოცდები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ჩვენც, აბიტურიენტები დისტანციას ვიცავდით, რასაც ვერ ვიტყვი გარეთ პერიმეტრზე. გამოვიდოდით გამოცდიდან და ათასი მშობელი შემოგვეხვეოდა ხოლმე. მიხარია, რომ ჩემთვის გამოცდები დასრულდა და ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს სესიები.”

აპლიკანტი 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ცენტრიდან: “როგორ გითხრათ, შარშანდელთან შედარებით უფრო რთული ტესტი იყო, ზოგადად თუ მათემატიკა გესმის გააკეთებდი, მე გავაკეთე არ გამჭირვებია. ისე წელს ურთულესი იყო ყველაფერი, მაგალითად ისტორია და ქართულიც ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს.”

ნინი ჯოლბორდი გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “გამოცდა არ იყო რთული. ტექსტი იყო ადამიანების გადასახლებაზე და ცხოველების მოშინაურებაზე. ეს ტექსტი უნდა წაგვეკითხა და გაგვეაზრებინა. ანალოგიები იყო, რაც ძალიან გამიადვილდა. მთავარია არ დაიბნე და ყველაფერს გაართმევ თავს.”

გივიკო საბაშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არ ყოფილა რთული არც ვერბალური და არც მათემატიკური ნაწილი. ამოცანები იყო. რამდენიმე ვერ გავიგე. გეომეტრიული ფიგურები იყო და ეს ძალიან გამიადვილდა. ვფიქრობ შესაბამისი რაოდენობის ქულებს მივიღებ. ერთი პრობლემა რაც იყო ძალიან ცხელოდა და ცოტა ფირი გამიჭირდა.”

თორნიკე გელაშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ამოცანები ვერ ამოვხსენი. “გამიჭირდა, რადგან ვერ ვიგებდი რას მეკითხებოდნენ. ტექსტის გააზრება იყო ადვილი. ადამიანებზე და ცხოველებზე იყო. მგელზე და ძაღლზე იყო. წინადადებების შევსებაც ძალიან კარგი იყო. ”

გიორგი ეგაძე გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ლოგიკა, წინადადებების შევსება, წაკითხული ტექსტის გააზრება ცხოველებზე და ადამიანებზე იყო. ანალოგიები იყო ადვილი, არ გამჭირვებია საერთოდ. თავი კარგად გავართვი. სხვა არაფერი არ იყო.”

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური