GE

უნდა მივცეთ თუ არა უფლება ბავშვებს, უყურონ სერიალს Squid Game

„მშობლებმა გადაიტანეს პანდემია, სკოლების დახურვა და შეფერხებები ბავშვთა განვითარებაში, ახლა ისინი უნდა ებრძოლონ „კალმარის თამაშს“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ვოლ სტრიტ ჟურნალმა.

სამხრეთ კორეული თრილერი Squid Game, იგივე კალმარის თამაში Netflix-ის სერიალია და ის ეკრანებზე 2021 წლიდან გამოჩნდა. სერიალი ადამიანებზეა, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ და ფულის სანაცვლოდ გაურკვეველ, მომაკვდინებელ თამაშში ერთვებიან. ნიჰილიზმი, ძალადობა, აგრესია, მტრობა, სისხლიანი დაპირისპირებები და შიში, რომელიც ცალკეულ სცენებში განსახიერდება, საბავშვო თამაშებში არსებულ მეტაფორებს უცოცხლებს მაყურებელთა მილიონიან აუდიტორიას.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ტიპის სერიალები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდთა ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. ამ შეფასებას Netflix-ის ადმინისტრაციაც ეთანხმება და კომპანიის წარმომადგენლობამ მშობლებს მოუწოდა დააყენონ სპეციალური პროგრამა ,,ნეტფლიქსი ბავშვებისთვის’’, რომ ბავშვებმა მხოლოდ იმ სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებს უყურონ, რომლებიც საგულდაგულოდ მათთვისაა შერჩეული. მიუხედავად ამისა, სერიალი მასშტაბურად გავრცელდა, ის ხელმისაწვდომია ქართველი მაყურებლებისთვისაც და დიდი რეიტინგით სარგებლობს.

რამდენად სახიფათოა სერიალი ბავშვებისთვის და უნდა მისცენ თუ არა მშობლებმა შვილებს მისი ყურების უფლება? ამ შეკითხვით EDU.ARIS.GE-მ ბავშვთა ფსიქოლოგ ირმა როსტომაშვილს მიმართა. დავინტერესდით, იზიარებს თუ არა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებას, რომ მოზარდებისთვის სერიალზე წვდომა შეიზღუდოს.

„როცა ქართულმა საიტებმა აქტიურად დაიწყეს ამ სერიალის თარგმნა და ბავშვებშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა, რასაკვირველია, გადავწყიტე მეც მენახა, რადგან მათ დაიწყეს არა მხოლოდ ამ სერიალში ნანახ თამაშებზე საუბარი, არამედ მათი გამოყენებაც. აგრესია, ძალადობა, ადამიანის სიკვდილის თუ მოკვლის ნორმალიზება, რასაკვირველია, მოქმედებს მაყურებელზე განსაკუთრებით მაყურებელ ბავშვებზე, რომლებიც იმიტირებასაც კი ცდილობენ და ამის მაგალითები ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში გვხვდება, ეს შემაშფოთებელია და საგანგაშოც.

„თუ მეკითხებით რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ დაიცვან საკუთარი შვილების ფსიქიკური სიჯანსაღე და ჰარმონიულ განვითარებას შეუწყონ ხელი, პირველ რიგში, უნდა შეეცადონ შესთავაზონ სხვა არჩევანი, აუხსნან რომ არ უყურონ ამ სერიალს და თან დააყოლონ რა არის ამის მიზეზი, რადგან აკრძალვის შემთხვევაში მათ შეიძლება უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდეთ. უმრავი სერიალია, რომელსაც თუნდაც ნეტფლიქსი სთავაზობს ბავშვებს, არის ასევე საინტერესო თამაშებიც, მშობლემა უნდა უზრუნველყონ არ დაუშვან წვდომა იმ თამაშებზე, რომლებიც მათი შვილების განვითარებას ვნებს, არ უთხრათ, რომ არ უყურონ, უთხარით რატომ არ უნდა უყურონ. ამ პროცესში მასწავლებლებიც და სკოლის ფსიქოლოგებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ეს დღეს სასიცოცხლო აუცილებლობაა“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ბავშვთა ფსიქოლოგი.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ სერიალზე წვდომის უფლება ნეტფლიქსზე მხოლოდ 18 წელს ზემოთ მაყურებლებს აქვთ, Netflix იგივეს მოუწოდებს ინტერნეტსაიტებსა და ტელევიზიებს. საქართველოში არსებულ უმრავ საიტებზე კი, სადაც სერიალი ქართულადაა ნათარგმი და განთავსებული, ასაკობრივი შეზღუდვები სამწუხაროდ არაა დაწესებული.

ისრაელში მცხოვრები დათა ელერდაშვილი სკოლის მოსწავლეა და ამბობს, რომ ფილმის ნახვაზე არსებული შეზღუდვის მიუხედავად, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში არაერთი ამონარიდია ფილმიდან, რისი ნახვაც მის თანაკლასელებსაც და მასაც თავისუფლად შეუძლიათ. გვითხრა რომ ეს არ აშინებს, რადგან მე-5 კლასამდეც არაერთი ვიდეო თამაში ან მსგავსი ვიდეო უნახავს.

„მე იმიტომ დამაინტერესა ამ სერიალმა, რომ აქ ძალიან პოპულარულია, ყველამ ისიც ამ ფილმის შესახებ და მინდოდა მეც მენახა, ცოტა საშიშია“, – გვითხრა დათამ.

დათას დედას კი მიაჩნია, რომ სერიალი უმცროსკლასელების ან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის არ არის გათვლილი, თუმცა არც აკრძალვაა გამოსავალი.

„რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ მშობლისგან ნახვის შეზღუდვა ვერ მოხერხდება და გარდაუვალია, რადგან ვიდეოები განთავსებულია ყველგან, ტიკტოკზე, იუთუბზე, რასაც ბავშვები იყენებენ და რისი კონტროლიც რთულია. ჩვენ სახლში მოვილაპარაკეთ, მე და დათა ერთად ვუყურებთ ერთ სერიას ორ დღეში ერთხელ, ხოლო როცა მძიმე, ან სისხლიანი კადრებია, ამ მომენტებს ვახვევთ“.

EDU.ARIS.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, გიორგი, რომელსაც უფროსი შვილები ჰყავს, კალმარის თამაშების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურად თვლის და შინაარსს საგანგაშოდ სულაც არ მიიჩნევს.

„ეს სერიალი, ჩემი აზრით, განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენს და მეტიც, როგორც პროდუქტი დიდი ხარისხითაც არ გამოირჩევა. არ ვფიქრობ, რომ ბავშვებისა თუ მოზარდების ფსიქიკისთვის განსაკუთრებული საშიშროების მატარებელი შეიძლება იყოს. სერიალის გარშემო არსებული აჟიოტაჟი კი, საზოგადოების შეცვლილ ინტერესებსა და წიგნიერების დონეს ასახავს”, – ამბობს მშობელი.

ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ სამხრეთ კორეულ სერიალი გამოსვლიდან 25 დღეში 111-მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და Bridgerton-ის რეკორდი მოხსნა.

ასევე იხილეთ:

„შვილებზე დაკვირვებით ვიზრდებით, როგორც მშობლები“ – თიკა ფაცაცია

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური