უნდა ველოდოთ თუ არა სასკოლო ასაკის კიდევ ერთ ცვლილებას წელსვე? – განმარტება პარლამენტში
როგორც ცნობილია, გასულ წელს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და მიმდინარე, 2022-2023 სასწავლო წელს, სკოლაში სწავლა იმ ბავშვებმაც შეძლეს, ვინც პირველ ოქტომბერს უკვე 6 წლის იყო. მაშინ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება.
აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გიორგი ამილახვარის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში უკვე გაიწერა და განგვიმარტეს, რომ “აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის საფუძველზე, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეიცვლება”. თუმცა, ცნობილი არ არის, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ სასკოლო ასაკის ცვლილება წელსვე მოესწროს. ეს კი, როგორც 22 თებერვალს პარლამენტში ითქვა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ამ დღეებში ვამუშავებთ ანალიტიკურ ინფორმაციას, სასკოლო ინფრასტრუქტურის რა რაოდენობით მატება მოხდა ერთი წლის განმავლობაში, ვინაიდან გვესმის, რომ ახლოვდება უკვე რეგისტრაციის ვადები და ამიტომ, თუ ამ კუთხით დავაინიცირებთ, ეს ძალიან ახლო მომავალში მოხდება. მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში შემეძლება საჯაროდ, კონკრეტულად ვთქვა, წელს გვექნება შესაბამისი ერთი ბიჯით აწევის შესაძლებლობა, თუ სამწუხაროდ, ვერ გვექნება და ეს შემდგომ წელს გადაიწევს.
„თქვენ იცით ჩვენი მიდგომა და პოლიტიკა, რომ ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ. უბრალოდ, ახლა არ მაქვს ხელთ ინფორმაცია, თუმცა, ბოლო ორი კვირაა, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან, რომ დავთვალოთ, ანალიტუკურად შევხედოთ რა ხდება და მაქსიმუმ, ერთი-ორი კვირის ვადაში მექნება ზუსტი ინფორმაცია და გადაწყვეტილება დადგება თუ არა ინიციატივა წელს…“, – განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა პარლამენტის წინაშე გასული წლის ანგარიშით წარდგომის შემდეგ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც ასე ჟღერდა: სკოლაში შესვლის ასაკის რომელ თარიღამდე გადაწევას უნდა ველოდოთ წელს და რაზე იქნება ცვლილება დამოკიდებული.
ასევე იხილეთ:
„შვილის სკოლაში შესვლის ასაკი უნდა იყოს მშობლის არჩევანის თავისუფლება“
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება