UNICEF-ის რჩევები იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებიც სექტემბერში სკოლაში ბრუნდებიან
კორონავირუსის აფეთქებამ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. ამას განსაკუთრებულად მწვავედ ბავშვები გრძნობენ. მაშინ, როდესაც მოსწავლეების ნაწილისთვის სკოლაში დაბრუნება სასიხარულო მოვლენაა, სხვებში მან შეიძლება შფოთვა და შიშიც კი გამოიწვიოს. პანდემიის პირობებში საკუთარი გრძნობების მართვა არა თუ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც უჭირთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენ შვილებს სკოლაში დაბრუნებისას წარმოქმნილ რთულ ემოციებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ჩემ შვილს სკოლაში დაბრუნების ეშინია. როგორ დავეხმარო მას, რომ თავი მშვიდად იგრძნოს?
სკოლის ან ახალი სასწავლო წლის დაწყება სტრესული ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი გლობალური პანდემიის პირობებში შეიძლება იყოს. იმისათვის, რომ ბავშვმა თავი მშვიდად იგრძნოს, პირდაპირ ესაუბრეთ მას იმ საკითხებზე, რომლებიც მას აწუხებს. აუხსენით, რომ მისი შფოთვები ბუნებრივი მოვლენაა.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სახლში თვეების განმავლობაში სწავლობდა, მას შეიძლება სკოლაში დაბრუნება საერთოდაც არ მოუნდეს. იყავით გულახდილები თქვენ შვილთან. ესაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელთაც ის სკოლაში დაბრუნებისას შეხვდება. აუცილებლად აუხსენით შვილს დამცავი აქსესუარების ტარების ფუნქციები.
კლასელებისგან და მასწავლებლებისგან ფიზიკური სოციალური დისტანციის დაცვა ბავშვებს შეიძლება განსაკუთრებულად გაუჭირდეთ. ესაუბრეთ ბავშვებს თავდაცვის ამ ხერხის აუცილებლობაზე და ისინი მეგობრებთან დაკავშირების სხვა შესაძლებლობებზე შთააგონეთ.
ბავშვებს სკოლაში დაბრუნების პოზიტიური მხარეები შეახსენეთ, მაგალითად რომ ისინი თავიანთი მეგობრებისა და მასწავლებლების ნახვას, ასევე სასწავლო პროცესის გაგრძელებას შეძლებენ.
ჩემი შვილის სკოლა დამცავი აქსესუარების ტარებას გვირჩევს, რაც ჩემ შვილში მეტ შფოთვას იწვევს? როგორ ვესაუბრო მას?
ამ საკითხს თანადგომით მიუდექით. აუხსენით ბავშვს, რომ კორონავირუსით გამოწვეული შფოთვა და შიში ბუნებრივი მოვლენაა და მათზე საუბარი სასარგებლოა. სირბილისა და თამაშის დროს პირბადის ტარება ბავშვებისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება. აუხსენით შვილს, რომ თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უამრავი ადამიანი ძალას არ იშურებს. აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით, სარეკომენდაციო ზომები უკლებლივ ყველამ უნდა შეასრულოს.
როგორო შთავაგონო ჩემი შვილი უსაფრთხოების ნორმების (ისეთი როგორიცაა ხელების ხშირი დაბანვა, სოცილაური დისტანციის დაცვა და სხვა) დასაცავად?
COVID-19-სგან ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი მათი ხშირი წახალისებაა. აუხსენით ბავშვებს ხელების ხშირი დაბანვის აუცილებლობა. ეცადეთ ეს საუბარი არა სერიოზული, არამედ სახალისო გახადოთ. ხელების დაბანვისას იმღერეთ ბავშვის საყვარელი სიმღერა. აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ მიკრობები უხილავია და მათ მოსაშორებლად ხელების საგულდაგულოდ დაბანვა არის საჭირო. თუ ბავშვი ამ ყველაფერს გაიგებს, ის ჰიგიენის ნორმების დაცვას დიდი ალბათობით დაიწყებს.
როგორ გავიგო უმკლავდება თუ არა ჩემი შვილი სტრესსა და შფოთვას?
მნიშვნელოვანია შვილებთან საუბრისას სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ჰკითხეთ როგორ გრძნობენ ისინი თავს, როგორ მიდის მათი საქმეები? აუხსენით, რომ მათი ემოციური ფონი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა.
შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ხელოვნებით დაკავდეთ. მაგალითად დაიწყეთ ხატვა. აუხსენით ბავშვს, რომ ამგვარად მას თავისი ნეგატიური ემოციების, ისეთი როგორიცაა ბრაზი და შიში, გამოხატვა შეუძლია. გახსოვდეთ, რომ ბავშვი თავს განსაკუთრებულად კომფორტულად უსაფრთხო გარემოში გრძნობს.
ვინაიდან ბავშვები მთავარ სიგნალებს უფროსებისგან იღებენ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავიანთ ემოციებს გაუმკლავდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ბავშვების სადარდებელი გულთან ახლოს მიიტანონ.
რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება სკოლაში დაბრუნების შემდეგ?
ამ დროს ყურადღება ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა მის მენტალურ მდგომარეობასაც უნდა მიაქციოთ. დააკვირდით სტრესის ნიშნებსა და შფოთვებს. მსოფლიოში მიმდინარე პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე რთულად ბავშვებს გადააქვთ. ამ დროს მათ შეიძლება თავი გულჩათხრობილად იგრძნონ. მდგომარეობიდან გამოსავალს ბავშვის თანაგრძნობა და მხარდაჭერა წარმოადგენს.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს სტიგმატიზაციისა და ბულინგის შემთხვევების რაოდენობა. ამის მიზეზი კი COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია შეიძლება გახდეს. ამიტომ, აუცილებლად უნდა აუხსნათ თქვენ შვილს, რომ ვირუსს ადამიანის გარეგნობასთან, ეროვნებასთან და სხვა მახასიათებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
თუ თქვენ შვილს სკოლაში, ან ინტერნეტ სივრცეში აბულინგებენ, უთხარით მას, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააგებინოს უფროსს, რომელსაც ის ენდობა. აუხსენით მას, რომ მსგავსი საქციელი არასწორია და თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთის მხარდასაჭერად და სიკეთის გავრცელების მიზნით თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
სკოლასა და ინტერნეტ სივრცეში ჩემი შვილი ბულინგის მსხვერპლია. როგორ შემიძლია მას ამის შესახებ ვესაუბრო?
ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავი მარტოსულად არ იგრძნოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენთან ნებისმიერ დროს შეუძლია საუბარი. რაც უფრო მეტს ესაუბრებით ბავშვებს ამ პრობლემაზე, მით უფრო მარტივი გადასატანი იქნება მათთვის.
ბავშვის ინტერნეტთან წვდომა უსაფრთხო და კონტროლირებადი უნდა იყოს. თუ მან ონლაინ თამაშები, სოციალური ქსელები და ვიდეოჩატის პროგრამები მიზნობრივად გამოიყენა, მას უამრავი შესაძლებლობა ეძლევა. ამიტომ, აუცილებლად შთააგონეთ თქვენი შვილები, რომ ციფრული ტექნოლოგიები მიზნობრივად გამოიყენონ.
წყარო: UNICEF
მოამზადა თეა ინაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება