GE

უნილაბი სკოლაში – ილიაუნის საგანმანათლებლო პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ყოველკვირეულად გაგაცნობთ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები, „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

ანა ბაზიერაშვილი
ერეკლე მეორის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით
ბავშვობიდან აქტიური შეხება მქონდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, ამ დროიდან მაინტერესებს მათი გამოყენების მიზნები. უშუალოდ მომავლის პროფესიით დაინტერესება კი 15 წლის ასაკიდან დავიწყე. ბევრ ინფორმაციას გავეცანი პროგრამირების და მისი პერსპექტიულობის შესახებ. თანდათანობით ჩემი ინტერესი უფრო გაიზარდა ამ სფეროს მიმართ.

რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?
პროგრამირების მიმართულებით ამ კურსამდე გამოცდილება არ მქონია.

საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ სოციალური მედიით კერძოდ Facebook გვერდის მეშვეობით შევიტყვე.

რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?
კურსის ფარგლებში ცოდნა შევიძინე ტექნოლოგიების შესახებ, ვისწავლე პროგრამირების საფუძვლები და ახლა ჩემით ვქმნი მარტივ პროგრამებს.

რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?
კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული იყო ჩემთვის. ეს იმაშიც გამოიხატება რომ შევძელი დამოუკიდებლად დამეწერა პროექტი.

რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?
ფინალური პროექტისთვის შევქმენი კონსოლური აპლიკაცია. დავწერე ეგრეთ წოდებული “snack machine”-ის მუშაობის პრინციპის კოდი. აპარატში განთავსებულია სხვადასხვა წასახემსებელი პროდუქტი, თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს კოდი. მომხმარებელი უთითებს კოდს, რის შემდეგაც აპარატი წერს პროდუქტის ღირებულების თანხას. ის ასევე აბრუნებს ხურდასაც.

რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?
თუ სამომავლოდ პროგრამირების განხრით გავაგრძელებ სწავლას, კურსში მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო სწრაფად და მარტივად განვაგრძო სწავლა უნივერსიტეტში.

რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21- საუკუნეში?
თანატოლებს ვურჩევ, თუ გააჩნიათ ამ სფეროსადმი ინტერესი აუცილებლად გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება, რადგან XXI საუკუნეში ტექნოლოგიების შესაძლებლობები უსაზღვროა და ასევე მისი სამუშაო არეალის პერსპექტივებიც. მათ კი, ვინც ჯერაც არ დაინტერესებულა და არ გაცნობია ამ პროფესიის შესაძლებლობებს, ვურჩევ აუცილებლად მეტი შეიტყონ პროგრამირებაზე. მათ შეიძლება საკუთარი თავი იპოვონ იქ, სადაც მათი ადგილია და ჰქონდეთ უსაზღვროდ წარმატებული და პერსპექტიული მომავალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური