GE

უნივერსიტეტებს აკადემიური თავისუფლების დაცვის საკითხებზე რჩევებს განათლების სამინისტროს სსიპ აძლევს – დოკუმენტი

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შეიმუშავა აკადემიური თავისუფლების დაცვის საკითხებზე რჩევები”, – ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის (EQE) მიერ სამ აქგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აქვე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი იმედოვნებს, რომ “შემუშავებული დოკუმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ უფრო მეტად დაეხმარება დაინახონ სხვადასხვა პერსპექტივა აკადემიური თავისუფლების დასაცავად და განავითარონ შესაბამისი მექანიზმები, რომელიც მნიშვნელოვანია განათლებისა და კვლევის ხარისხისთვის”.

უწყების განმარტებით, შემუშავებული რჩევებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კიდევ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობაზე, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებასა და ღირებულებაზე.

იხილეთ დოკუმენტი:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რჩევები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის აკადემიური თავისუფლების მხარდაჭერისათვის

“როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკადემიურ თავისუფლებას აფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში. კერძოდ, ავტორიზაციის მეორე სტანდარტი – დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვა, ფარავს აკადემიური თავისუფლების დაცვის საკითხებს. ამავე სტანდარტის მიხედვით, აკადემიური თავისუფლების დაცვის შეფასების კრიტერიუმებია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის მარეგულირებელ აქტებში აკადემიური თავისუფლების პრინციპების დაცვის დეკლარირება და აკადემიური თავისუფლების კონცეფციის გაზიარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოების (პერსონალი, სტუდენტი და სხვა) მიერ”, – წერია განათლების სამინისტროს სსიპ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ხარისხის ცენტრი აღნიშნავს, რომ აკადემიური თავისუფლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ფუნდამენტური ღირებულება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული და დაცული. ამასთან, იგი განხილულია, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება. ასევე, საქართველოს, როგორც ბოლონიის პროცესისა და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის წევრ ქვეყანას, აღებული აქვს პასუხისმგებლობა აკადემიური თავისუფლების, როგორც უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულების მხარდაჭერისა და დაცვისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური