GE

უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების საკითხი ვაქცინაციასთან იქნება დაკავშირებული

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ივლისს, საქართველოში არსებული COVID- 19-ის ვაქცინების მარაგს, „ფაიზერის“ ვაქცინაც დაემატა და ქვეყანა უკვე მზადაა მასიური ვაქცინაციის დასაწყებად. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უკვე ხშირად საუბრობენ, რომ ვაქცინაციის პროცესზე ბევრად იქნება დამოკიდებული 2021-2022 სასწავლო წლის დასწრებულ რეჟიმში დაწყება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და საბავშვო ბაღებში.

უცხო ქვეყნების უნივერსიტეტები სასწავლო პროცესზე დასაშვებად სტუდენტებისგან უკვე ითხოვენ ორჯერადი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტებს და გამორიცხული არაა მსგავსი მოთხოვნა საქართველოშიც გაჩნდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, 15 ივლისს  განაცხადა, რომ 2000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შენახულია იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ და მათი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. 19 ივლისიდან ქვეყანაში უკვე ძალაში შედის შეზღუდვების ახალი წესები, რომლის თანახმადაც, ტრენინგებზე და კონფერენციებზე დასწრება, პისიარ ტესტის პასუხის გარეშე  იქნება აკრძალული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, კარგი იქნება, თუ უცხოეთის უნივერსიტეტების პრაქტიკას ქართველებიც გაითავისებენ.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს საზღვარგარეთ მიმავალი სტუდენტების ვაქცინაციას „ფაიზერის“ ვაქცინით, იმიტომ, რომ უცხოეთის თითქმის ყველა კამპუსი კონკრეტულად ითხოვს, რომ სტუდენტი იქნას ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიურ რისკებიდან გამომდინარე, მისი დაშვება კამპუსზე ვერ მოხდება. იგივე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ, აქ, ყველამ, ეს არ არის ძალდატანების თემა, ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის თემა, განსაკუთრებით მედიცინის სწავლების სფეროში. სტუდენტი, რომელიც მიდის სხვა უნივერსიტეტში შესაძლოა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე ვერ იქნება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მიდის საავადმყოფოში და თავადაც არ არის სრულად დაცული, რა თქმა უნდა, ეპიდემიურად არის რისკის მატარებელი. იმედი მაქვს, სამედიცინოს სტუდენტები იქნებიან მაგალითი სხვა სტუდენტებისთვის და მათი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში ეტაპობრივად გაიზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტები ამ ეტაპზე ზოგადი მოწოდებებით შემოიფარგლებიან და საკუთარ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებენ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ და ამით  საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებს მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტში. ვაქცინაცია არის გზა იმისათვის, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სასწავლო და კვლევითი პროცესი. ამ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 40%-მდეა ვაქცინირებული“,- უთხრეს EDU.ARIS.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესზე ბევრად იქნება დამოკიდებული 2021-2022 სასწავლო წლის უსაფრთხოდ წარმართვა და სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაცული უნდა შეხვდეს ახალ სასწავლო წელს. ერთადერთი საშუალება, გავუმკლავდეთ პანდემიას და შევძლოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნება – ეს ვაქცინაციაა. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა კი შეუძლებელია ჩვენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების თანადგომის გარეშე.  მოგმართავთ თხოვნით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) მაქსიმალურად გამოვიყენოთ სრული ვაქცინაციისთვის იმ მიზნით, რომ დავიცვათ, როგორც საკუთარი, ასევე, ჩვენი სტუდენტებისა და კოლეგების ჯანმრთელობა და შევძლოთ სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვა.  გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენს უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. შესაბამისად, 2022 წელი საიუბილეო ღონისძიებებითა და აქტივობებით იქნება დატვირთული,“ – აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახალი ასწავლო წლიდან გეგმავს, სალექციო კურსზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მისცეს.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია; მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021/22 სასწავლო წელი 13 სექტემბერს იწყება. საუნივერსიტეტო ოჯახის თითოეული წევრი გრძნობს პასუხისმგებლობას კოლეგებისა და სტუდენტებისათვის უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით; უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში). ეს არის ერთადერთი საშუალება უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისათვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის. უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 158 000  სტუდენტი აღირიცხა, აკადემიური პრესონალის ოდენობა კი -10 ათასამდეა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური