GE

უნივერსიტეტი ისევ რჩება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ინსტრუმენტად – კვლევა

„უნივერსიტეტში ჩაბარებამდე სტუდენტთა დიდი უმრავლესობის (80%) უმთავრესი მოლოდინი დასაქმებაა, ხოლო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მათი მოლოდინი იცვლება და მხოლოდ 22% ფიქრობს რომ უნივერსიტეტი მათ დაეხმარება დასაქმებაში“, – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის ავტორებიც არიან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო გორგოძე, მაგისტრანტი ანა კამლაძე, მაგისტრანტი ლაშა მაჭარაშვილი.

კვლევა, რომელიც ილიას უნივერსიტეტის და განათლების საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა და რომლის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია 26 დეკემბერს გაიმართა, ძირითადად ეხებოდა სტუდენტთა მოლოდინებს უნივერსიტეტისგან.

საქართველოს მასშტაბით სტუდენტები 5 უნივერსიტეტში გამოკითხეს. ეს უნივერსიტეტებია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამოკითხვაში 800-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ძირითადად, ბაკალავრიატის საფეხურის I, II, III, IV კურსის სტუდენტები. საკვლევი კითხვა იყო, რას მოელოდნენ უნივერსიტეტიდან სტუდენტები ჩაბარებამდე და როგორ გამართლდა მათი მოლოდინები.

სტუდენტთა მოლოდინები გაიშალა რამდენიმე მიმართულებით. ეს იყო დასაქმებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოლოდინები; სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინები და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მოლოდინები.

როგორც სოფო გორგოძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს სტუდენტთა დიდი უმრავლესობისთვის უნივერსიტეტში განათლების მთავარი მოლოდინი დასაქმებაა. დასაქმების მოლოდინი მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა შესაძლო მოლოდინს. მოლოდინი არ განსხვავდება ქალაქად და სოფლად მცხოვრებთა მიხედვით.

სტუდენტთა უმრავლესობა აღიარებს უნივერსიტეტის მნიშვნელობას სოციალური კაპიტალის გაზრდის (უნივერსიტეტი დამეხმარებოდა ნაცნობების წრის გაფართოებაში) თვალსაზრისით, თუმცა როდესაც პრიორიტეტებზე მიდის საქმე, მონაცემები იცვლება  და პრიორიტეტად მას სტუდენტთა 1.5% მიიჩნევს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობას ჰქონდა მოლოდინი, რომ უმაღლესი განათლება გააუმჯობესებდა მათ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა პრიორიტეტების დალაგებისას 7% მიიჩნევს ამ მოლოდინს პრიორიტეტულად. სტუდენტთა 88,2 პროცენტის მოლოდინი იყო, რომ საუნივერსიტეტო კურსებში ინტეგრირებული იქნებოდა პრაქტიკული საქმიანობა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი კვლავ რჩება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ინსტრუმენტად. მამრობითი სქესის რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მიუთითებდა, რომ უნივერსიტეტი დაეხმარებოდა  სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევაში.

„გამოკითხული მამაკაცების ნახევარი ფიქრობს, რომ ჩაბარებისას მოლოდინი ჰქონდა სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევაში. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცმები არ გაგვაჩნია, მაგრამ თვითონ თვისებრივი კვლევის დროს ერთ-ერთმა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ბიჭების ძალიან დიდი ნაწილი აბარებს უფასო პროგრამებზე, თუმცა არ დადიან უნივერსიტეტში. იხდიან გარკვეულ თანხას, ისევ არ დადიან.  მთავარი მიზანი კი ჯარისთვის თავის არიდებაა“- უთხრა EDU.ARIS.GE-ს სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება კვლევის სხვა მონაცემებს, ასეთია: „სტუდენტები მიიჩნევენ (80%), რომ უნივერსიტეტმა მათ პირველ რიგში პრაქტიკული უნარები უნდა გამოუმუშაოს. უნარებს პრიორიტეტულად მხოლოდ 11% მიიჩნევს.

პროფესიის არჩევისას რესპონდენტების უმრავლესობა (79%) მიუთითებს საკუთარ ინტერესს. პროფესიის არჩევისას ბაზრის მოთხოვნაზე სტუდენტთა 16% ფიქრობს.

დასაქმების მაღალი მოლოდინის კონტრასტულად, რესპონდენტების მხოლოდ 22% მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლება დაეხმარა ან დაეხმარება დასაქმებაში. კითხვაზე –  უნივერსიტეტი დამეხმარა ან დამეხმარება დასაქმებაში კურსების მიხედვით – მონაცემები ასე გადანაწილდა: I კურსი – 27%, II კურსი – 22%, III კურსი – 19%, IV კურსი – 22%. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კურსების მიხედვით“, – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც სოფო გორგოძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი უმაღლეს პროფესიულ განათლებას მოითხოვს, რომელიც შედარებით ნაკლებ დროში ვიწრო სპეციალობას მისცემს მათ და დასაქმდებიან ბაზარზე, მაგრამ რეალურად ასეთ პროგრამებს მათ არ სთავაზობენ.

კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები წარმოადგინეს:

„შემუშავდეს კანონმდებლობა რომელიც: გამიჯნავს სახელობო და უმაღლეს პროფესიულ განათლებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე; გაამრავალფეროვნებს უმაღლესი განათლების მიღების ფორმებს, კერძოდ გამიჯნავს აკადემიურ და უმაღლეს პროფესიულ განათლებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგების შეფასებისას ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გიგი თევზაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ განათლების “სისტემა არ ვარგა” და სტუდენტების მოლოდინის გაცრუება სწორედ ამის ბრალია.

„სტუდენტები შედიან უნივერსიტეტებში. უნდათ აითვისონ უნარები, რომელიც დასაქმებაში დაეხმარებათ და ხვდებათ აკადემიური პროგრამები, რომელიც 80%-ით არ ვარგა. ეს ურტყამს შინა მეურნეობის ჯიბეებს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა უმაღლესი პროფესიული სპეციალობაა, რომლის შესწავლასაც  4 წელი სჭირდება.

როგორც წესი, ბევრად ნაკლები დრო უნდა და სახელმწიფო და უნივერსიტეტი ერთობლივად, ყაჩაღურად ართმევენ სტუდენტს ფულს. ამდენი ხანი სწავლა კი მას არ სჭირდება. მაგალითად, ბიზნესის სპეციალობის ათვისებას 2 წელიწადი სჭირდება, 4 წელი რომ არ ისწავლოს.

ერთი მხრივ, სისტემაა თვითონ ხისტი, რომელიც სტუდენტს არ უკმაყოფილებს მოლოდინებს, მეორე მხრივ, ფულს ართმევს სტუდენტს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალია, რომ საკანონმდებლო ბაზა უფრო მოქნილი გახდეს“, – აღნიშნა გიგი თევზაძემ.

ამავე თემაზე:

„პოსტსაბჭოური რეალობა“- ქართული განათლების სისტემა ევროპული სტანდარტების ჭრილში

საქართველოს უნივერსიტეტებში მაღალკვალიფიციური პროფესორების დეფიციტია

„ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური