„ვაცნობიერებ, რომ ახლა სახელმძღვანელოს ზედმიწევნით „გავლა” არ არის ჩვენი თვითმიზანი“ – ნათია ფურცელაძე დისტანციურ სწავლებაზე
EDU.ARIS.GE-ს სტატიათა სერია „ერთი დღე მასწავლებლის კორონავირუსული ცხოვრებიდან“ გრძელდება და დღეს ჩვენი სტუმარია 2019 წელი ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, სკოლა ,,ქორალის” პედაგოგი ნათია ფურცელაძე.
-უკვე ვიცით, რომ სკოლაში სწავლას სექტემბრამდე დავემშვიდობეთ და ბავშვებთან ერთად წლის დახურვა მასწავლებლებს დისტანციურად მოგიწევთ, როგორია პირადად თქვენი ფიქრები და განცდები ამაზე და რა არის ნათია “მასწის” მთავარი სათქმელი მოსწავლეებისთვის ამ წუთას?
-დიდი მადლობა დავალებების შესრულებისთვის… ძალიან მენატრებით – ამ სიტყვებით ვიწყებ და ვასრულებ ონლაინ გაკვეთილებს და ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი მოსწავლეებისათვის ახლა. ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ მადლობას ნებისმიერი მცდელობისთვის, მით უმეტეს – ამ პირობებში.
-როგორია თქვენი ერთი დღე დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ, ოჯახსა და სამსახურეობრივ საქმიანობაში, რა გიჭირთ, რა გენატრებათ, რას ვერ ეგუებით და რას შეეგუეთ ყველაზე მარტივად?
-ყოველი დღე მრავალფეროვანია. ჩემს სინამდვილეში არ გაჩნდა დროის გაყვანის საჭიროება, თუ ძველად ფიზიკურად დავრბოდი დილიდან საღამომდე, ახლა ფიქრებით „დავრბივარ“ და მუდმივად რაღაცის მოსწრებას ვცდილობ, ან ონლაინ გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა ონლაინ შეხვედრას ვესწრები, ვგეგმავ საგაკვეთილო პროცესს, ვქმნი სასწავლო რესურსებს, ვკითხულობ, ვწერ სტატიას და ეს უჩვეულო რეჟიმი, ცოტა არ იყოს, მთრგუნავს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი განცდა. მოსწავლეების დავალებებს, უკუკავშირს, წერილებს დიდი სიხარული მოაქვს. ეს მიმსუბუქებს სირთულეებს.
ერთი მხრივ – პასუხისმგებლობა ოჯახში, ზრუნვა ოჯახის წევრებზე, დიასახლისის ყოფა, ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ შვილებს ჰარმონიის განცდა არ გაუქრეთ, ითამაშონ, იმეცადინონ, იკითხონ და თავი ბედნიერად იგრძნონ, მეორე მხრივ – საქმიანობის პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად ბრძოლა. მთავარია, ორივე მხარე შევათავსო ერთმანეთს და არ დავკარგო ზომიერება.
თავიდან მეგონა, რომ ყოველდღიური რეჟიმი გამიმარტივდებოდა, რადგან დამეზოგებოდა სულ მცირე – ქალაქში გადაადგილების, მგზავრობის დრო. დღეები რომ გავიდა, ნელ-ნელა მივხვდი, რა რთული ყოფილა ერთ სივრცეში გამოკეტვა და ისე საქმიანობის გაგრძელება. რა ძვირფასი ყოფილა ჩემი კორონამდელი ფუსფუსი.
ყველაზე მეტად გამიჭირდა საყვარელი ადამიანების გარეშე, მოსწავლეების გარეშე. ჩემი პროფესია გულისხმობს ყოველდღიურ ურთიერთობას ბავშვებთან – უეცრად კი ეკრანის მიღმა აღმოჩნდნენ.
შეგუებით შევეგუე, იმაზე ადრე, ვიდრე მეგონა.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდაუზოგავად შრომობენ. მშობლებიც აღნიშნავენ, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად დააფასეს მასწავლებლების საქმიანობა. ეს მახარებს.
ვუსმენ და ვუყურებ ჩემი შვილის მასწავლებლებს და ისეთი მადლიერი ვარ მათი, მიხარია, რადგან ჩემი გოგონა მოუთმენლად ელოდება მათი ხმის გაგონებას, სიხარულით უციმციმებს თვალები, როცა ეკრანზე მასწავლებლებისა და თანაკლასელების სახეებს უყურებს.
რა მაძლებინებს? იმედი, რომ მალე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ეს ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე. მგონია, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მოგვემატება. პირადად მე იმაზე მეტად დავაფასე რაღაცები, ვიდრე აქამდე. საინტერესოა, რას ფიქრობენ სხვები.
-როგორია თქვენი მეთოდები დისტანციური სწავლებისას – გაკვეთილების პროცესში რა მიდგომებს ან ხერხებს იყენებთ, სხვადასხვა კლასებში რითი განსხვავდება ეს მიდგომები და რა არის თქვენი საიდუმლო ხრიკები გაკვეთილის იდეალური შედეგის მიღწევისთვის?
-ნათლად ვაცნობიერებ, რომ ახლა სახელმძღვანელოს ზედმიწევნით „გავლა” არ არის ჩვენი თვითმიზანი, მთავარია, ბავშვები ისე ვამეცადინო, რომ ხელი შევუწყო მათს აზროვნებას, ფიქრს, დავეხმარო თვითშემეცნების პროცესში, ვიმუშაო მათი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზე, შევძლო ის, რომ იკითხონ.
მიდგომა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მაქვს დასახული მიზნად, ამას ემატება კლასის, მოსწავლეების საჭიროების, ინტერესისა და გემოვნების გათვალისწინება.
-სახალისო ისტორიები ან საინტერესო მიგნებები ხომ არ აღმოაჩინეთ დისტანციური გაკვეთილების პროცესში? – მოგვიყევით…
სახალისო ისტორია გვქონდა და თანაც არაერთი, მაგრამ იმდენად ჩვენია, ჩემი და ბავშვების, რომ დავტოვებ ჩვენს უცნაურ საკლასო ოთახში, მხოლოდ ონლაინ სივრცემ რომ მოისმინა. 🙂
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პოდკასტებზე მუშაობა, მოსწავლეებს ვთხოვე, ჩაეწერათ თავიანთი ხმა და ასე გადმოეგზავნათ დავალება. არჩევანი ჰქონდათ, ან მხატვრული ტექსტი მიმოეხილათ, ან მხატვრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ესაუბრათ, რისთვის სჭირდებათ ბავშვთა უფლებების ცოდნა. ვისმენდი მოსწავლეების ნააზრევს, მათ ხმას, თუ როგორ მეტყველებდნენ, მსჯელობდნენ და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.
ემოციური აღმოჩნდა ,,შორიდან” პოეზიის სწავლება და ახლა ამის შესახებ სტატიას ვწერ. მოსწავლეებს ავუხსენი ჰაიკუ – იაპონური ლექსი, მისი ფორმა. ჰაიკუ 3-სტრიქონიანი ლექსია. ვთხოვე, 1 კვირის განმავლობაში ეწერათ – დღეში 1 ჰაიკუ. ისეთ საოცარი დავალებები გადმომიგზავნეს, აღვფრთოვანდი. სტრიქონებით გადმოსცეს ნაფიქრალი, როგორ ენატრებათ სკოლა, მეგობრები და სხვა.
-როგორ ფიქრობთ, დისტანციური სწავლება ფარავს თუ არა ესგ-ის იმ მოთხოვნებს, რაც საგაკვეთილო პროცესში იყო აუცილებელი და რამდენად კარგად ადაპტირდნენ ასეთ რეალობასთან მოსწავლეები, განსაკუთრებით ზედა კლასებში, სწავლობენ?
-ცხადია, ზედმიწევნით ვერ დაფარავს, მაგრამ თუ გონივრულ მიზნებს დავისახავთ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
მოსწავლეები მეტ-ნაკლებად მოერგნენ ამ სიტუაციას, რადგანაც ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ. თუმცა აქ არ შეიძლება დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი, ყველა ბავშვს არ აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა, მაგ.: ინტერნეტზე.
ჩემი მოსწავლეების მაგალითზე თამამად ვიტყვი, რომ ადვილად აუღეს ალღო ამ გამოწვევას, ჩაერთნენ დისტანციური სწავლების პროცესში (ამის გარკვეული გამოცდილება აქამდეც გვქონდა და ეს დაგვეხმარა), ბევრი რამ ერთადაც ვისწავლეთ, მაგრამ იმის თქმის უფლება არ მაქვს, რომ მთელ ქვეყანაში ყველა ბავშვი თანაბრად ჩართულია დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში, რადგანაც ბევრი ოჯახი ახლა იმისთვის იბრძვის, რომ არ იშიმშილოს.
-თქვენ აზრით, როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები წლის ბოლოს, თქვენთვის რა სცენარი იქნებოდა მისაღები წელიწადის წარმატებული დასრულებისთვის?
-მოსწავლეთა შესაფასებლად უნდა გამოვიყენოთ (ვგულისხმობ განმსაზღვრელ შეფასებას) ჩემი აზრით, პირველი სემესტრისა და იანვარ-თებერვლის აკადემიური მოსწრება, რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას – არ არის მარტივად სათქმელი, ისევ და ისევ იმის გამო, რომ სურათი ჭრელია. ახლა ამ პირობებში – მარტიდან მოყოლებული დღემდე (ონლაინ გაკვეთილები და ა.შ.) განმსაზღვრელ შეფასებას არ ვიყენებთ, მხოლოდ -განმავითარებელს.
თითოეული ბავშვის შეფასებისას არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი, მისი ინდივიდუალური პირობები, საჭიროებები და ა.შ. მე ვერ განვსაზღვრავ მხოლოდ იმის მიხედვით, რომ ჩემი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა მესწრება ონლაინ გაკვეთილებზე და ასრულებს დავალებებს.
მთელი ქვეყნის მოსწავლეების შესაფასებლად ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ მექანიზმები და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ. ახლა ისე გვჭირდება თანადგომა, როგორც არასდროს.
-გვითხარით თქვენი და ტელესკოლის შესახებ, (ნათია ფურცელაძე პირველივე დღიდან ჩართულია ტელეგაკვეთილებში. ავტ.) სად უფრო რთული ან საინტერესოა, კამერის წინ, სადაც ათასობით დიდი თუ პატარა გიყურებთ თუ გაკვეთილზე, სადაც ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია გაქვთ?
რამდენიმე დღეს ვიფიქრე, დავთანხმებოდი თუ არა ამ შემოთავაზებას. გავმხდარიყავი თუ არა ტელემასწავლებელი. ცხადია, ვაცნობიერებდი, ეს რამხელა პასუხსიმგებლობა იყო, მაგრამ მეშინოდა. ყველაზე მეტად მეშინოდა სახლიდან გასვლის, მეშინოდა იმის, რომ ჩემს ისედაც რთულ ყოველდღიურ რეჟიმთან, უამრავ პასუხისმგებლობასა და საზრუნავთან ერთად გამიჭირდებოდა კიდევ ერთი ურთულესი საქმის შეთავსება.
მერე იყო ჩვენი ოჯახური ტრაგედია, პირველი გაკვეთილები ჩავწერე და 2 დღის შემდეგ გარდამეცვალა მამამთილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის მამა. თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მეგონა. ამ ყველაფრის მერე ჩაწერა ძალიან რთული იყო, მაგრამ თავს ვიმხნევებდი – როგორც საკლასო ოთახში არ მაქვს უფლება, ჩემი პრობლემები თავს შემოვახვიო მოსწავლეს, ტელეგაკვეთილზე – მით უმეტეს. მუხლები და ხმა მიკანკალებდა, მაგრამ გულწრფელი ვიყავი და ამ გულწრფელობას ყოველთვის გრძნობს მოსწავლე.
ცხადია, უფრო რთულია ტელეგაკვეთილების ჩატარება, რადგან ვერ ვუყურებ ბავშვების თვალებს, არ მესმის მათი ხმა, მაგრამ ვგრძნობ. მასწავლებლური ინტუიცია მკარნახობს სათქმელს. მთელი ქვეყნიდან მწერენ ბავშვები, მშობლები, კოლეგები და ეს მაძლიერებს, სიხარულითა და ენერგიით მავსებს და მიჩენს სურვილს, რომ ძალისხმევა არ დავიშურო ტელეგაკვეთილების ჩასატარებლად.
-დაგვისახელეთ ერთი რამ, რაც კორონავირუსულმა მასწავლებლობამ გასწავლათ და აუცილებლად გამოიყენებთ დისტანციური სწავლების შემდეგ საგაკვეთილო სივრცეშიც
-ონლაინ გაკვეთილის ჩატარების ტექნიკა მასწავლა და ვფიქრობ, სამომავლოდ ხშირად გამოვიყენებ.
კიდევ იმაში დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ჰქონდეთ დისტანციური სწავლა-სწავლების გამოცდილება, რათა ნებისმიერი გამოწვევისთვის იყვნენ მზად.
მივხვდი, რა მაქვს სასწავლი, რა უნდა გავაუმჯობესო. მასწავლებლობა ამიტომაც არის ძალიან საინტერესო პროფესია – მუდმივად სწავლობ და ვითარდები.
-რას ეტყვით სექტემბერში, პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეებს, როგორი წარმოგიდგენიათ ეს დღე?
-იმ მომენტში გულიდან რა სიტყვებიც წამოვა, იმას ვეტყვი.
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება