GE

ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა – ქართულის გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის საკითხები აბიტურიენტებისგან

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი და საგამოცდო ცენტრებში არავის დაუგვიანია.

სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან უკვე გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან იხსენებენ, რომ ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი” და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა “ჭადრაკის მსხვერპლი” შეხვდათ.

პირველი სესიის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხები გუშინდელზე გაცილებით რთული იყო და მუშაობისთვის იმაზე მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ვარაუდობდნენ.

გიორგი ფაცია, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა, რედაქტირებასაც რთულად აფასებს:

“პროგრამულიდან ვწერე ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონი”. თეზისი იყო საზოგადოებასა და მართალი, უდანაშაულო ადამიანის გაკიცხვაზე. არაპროგრამულიდან შემოვიდა შოთა ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი”. მე ავირჩიე პროგრამულიდან. რთული იყო რედაქტირების ნაწილიც. მგონი, იმაზე მეტი შეცდომა ვიპოვე, ვიდრე უნდა მეპოვა”.

კიდევ ერთმა აბიტურიენტმა კი გვითხრა, რომ არაპროგრამული საკითხი აირჩია: ავირჩიე არაპროგრამულიდან. ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი”. თეზისი იყო, რომ “არარეალურ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის”, საკმაოდ კარგად შევასრულე”.

ჩვენ გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც გაგვესაუბრნენ.

ლუკა კოკაურმა პროგრამული დავალების თეზისი ასე გაიხსენა: ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი” მოვიდა.  აქედან უნდა დაგვეწერა ასეთი თეზისი: „საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რომ სხვას ცილი არ დასწამოს“. მე პარალელი გავავლე მარიტასთან, რომ საზოგადოებამ მას უსაფუძვლოდ დასწამა ცილი, რამაც მისი სიცოცხლე ფატალურად დაასრულა. კარგი საკითხებია და თავი კარგად გავართვი.

ნუკი მარკოზაშვილი კი გვიყვება, რომ არაპროგრამული თემა აირჩია და, აი, რატომ: არაპროგრამული დავწერე, რადგან საკითხი დღევანდელ რეალობას კარგად ერგება. მოვიყვანე მაგალითი ვიდეოთამაშებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დამოკიდებულინი არიან ამ თამაშებზე, ცდებიან რეალურ ცხოვრებას და პარალელურ სამყაროში გადადიან.

გურანდა ყავლაშვილი, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: “რატომ არ უნდა დავსაჯოთ მართალი, უდანაშაულო ადამიანი” – ამ თემაზე ავირჩიე თხზულება. პარალელებად მოვიყვანე პერსონაჟები „სტუმარ-მასპინძლიდან“ და გამსახურდიას „დიდოსტატის მაჯვენიდან“ მთავარი გმირი. არაპროგრამული არ წამიკითხავს. რედაქტირებას რაც შეხება, თითოეული სიტყვა იყო შეცდომით და გავასწორე. ასევე, იყო გამოტოვებული სასვენი ნიშნები და დეფისი.

გიზო მაისურაძე გვიხსნის, რომ არაპროგრამული მოთხრობა აირჩია და რადგან თავიდან დამაბნევლად იწყებოდა, რამდენჯერმე წაკითხვა მოუწია:

“რამდენჯერმე წავიკითხე, რომ ძირითადი აზრი გამეგო. კითხვები იყო ასეთი: რაში ადანაშაულებდნენ მთავარ პერსონაჟს, ვინ დაურეკა… ტექსტზე მორგებული კითხვები იყო. ასევე, ტექსტში ნახსენები იყო საბჭოთა კავშირიც, უარყოფითი კონტექსტით. პოლიციაც, ოღონდ დადებითი კუთხით. თეზისი ასეთი იყო: არარეალური სამყარო რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ადამიანს. მოვიყვანე პარალელები ფილმებიდან. საკმაოდ რთული დავალება იყო”.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური