ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და აკა მორჩილაძის „ობოლე“ – ქართულის გამოცდის III სესიის საკითხები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების ტესტირებას ეთმობა.
ქართულის გამოცდის მესამე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან მტელი საქართველოს მასშტაბით წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ და იმ პარალელებს იხსენებენ, რომლებიც თხზულების წერისას, მსჯელობაში გამოიყენეს.
არაერთი გამოკითხული აბიტურიენტის ინფორმაციით: პროგრამული ნაწილიდან წერით დავალებად მოვიდა ვაჟ-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”, ხოლო არაპროგრამულიდან აკა მორჩილაძის “ობოლე”.
პროგრამული დავალების სამსჯელო თემა დაახლოებით ამგვარად ჟღერდა: “მოწინააღმდეგის ვაჟკაცობამ მტერსაც კი შეიძლება გაუჩინოს სინანულის გრძნობა”; “მოწინააღმდეგის ვაჟკაცობას მტერშიც შეუძლია სინანულის გრძნობა გააჩინოს”.
არაპროგრამული დავალების სამსჯელო თემაა კი დაახლოებით ასეთი იყო: “ნდობის გამოცხადება დაუცველობის ტოლფასია, ადამიანებს სხვების ნდობა დაუცველს ხდის”; “ადამიანისადმი ნდობამ, შეიძლება, მეორე ადამიანი დაუცველი გახადოს”.
აბიტურიენტების ინფორმაციით, რედაქტირების ტექსტი სამხატვრო აკადემიის შენობის შესახებ მოვიდა.
“ძალიან კარგი თეზისი იყო “სტუმარ-მასპინძელზე”, ამიტომ პროგრამული ნაწარმოები ავირჩიე. პარალელი გავავლე ისევ ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონზე”, იქაც გამოკვეთილია მტრების დაპირისპირება და მოწინააღმდეგის სიმამაცის პატივისცემა. რთული ვარიანტი არ იყო, ჩემი აზრით. რედატირებაში 14 შეცდომა ვიპოვე, სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომები იყო”, – იხსენებს ნინი თოლორდავა, აბიტურიენტი თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.
30 წლის ანი ისაკაძე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ფიქრობს, რომ გამოცდა მისთვის საკმაოდ მარტივი იყო, თუმცა, შესაძლოა, ოდნავ დამაბნეველი აღმოჩნდა ორაზროვანი კითხვები წაკითხულის გააზრებაში.
“აქ გეჩვენება, რომ ორი პასუხია სწორი, თუმცა უნდა დაუბრუნდე ტექსტს, რამდენჯერმე კარგად წაიკითხო და სწორ პასუხამდეც მიხვალ. რედაქტირებაც არ იყო რთული. ქართველები ვართ და მცირე გრამატიკული ნაწილი უნდა ვიცოდეთ ყველამ. არ მოვმზადებულვარ გამოცდისთვის, 30 წლის ვარ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ გავიარე. თუმცა, კიდევ ერთი განხრით მინდა სპეციალობის დამატება. რაც შეეხება თხზულებას, მე ვწერე “სტუმარ-მასპინძლიდან”. მოყვანილი იყო ზვიადაურის სიკვდილის ნაწილი ქისტების მიერ, რომლებიც მსხვერპლად წირავდნენ ზვიადაურს თავიანთ გარდაცვლილ ადამიანს. ვფიქრობ, ძალიან მარტივი ტექსტი იყო გასააზრებლადაც. ისეთი ნაწარმოები მოვიდა, რაც ყველა ქართველმა უნდა ვიცოდეთ. თემაში ვისაუბრე იმ ვაჟკაცობაზე, რაც ჩვენშია. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ვაჟკაცობა უცხო არ არის. ჩემი აზრით, 50 ქულაზე მეტს ავიღებ. ვაბარებ არაბისტიკაზე და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები მაქვს არჩეული”, – გვითხრა ანიმ.
მალხაზ ელიაური გორის საგამოცდო ცენტრიდან: “სტუმარ-მასპინძელი” იყო პროგრამული და სხვა აღარც წამიკითხავს, ეგრევე ამის დაწერას შევუდექი. ძალიან საინტერესო თეზისი იყო. “თუ ვაჟკაცი ხარ, შესაძლოა, მტერსაც კი გაუჩინო სინანულიო”. ასეთი შინაარსის იყო. ძალიან ბევრი პარალელების მოყვანის შესაძლებლობას იძლეოდა თემა და კარგი გასაშლელი იყო. საფიქრალიც და საინტერესოც. მე “ალუდა ქეთელაურიდან” მოვიყვანე მაგალითები. ტექსტის რედაქტირებაში 14 შეცდომა ვიპოვე. სასვენი ნიშნები იყო არასწორად დაწერილი, ასევე სიტყვებიც და კიდევ ზედმეტი ასოები ჰქონდა ჩამატებილი ზოგს. საბოლოოდ, რთული არ იყო”.
აბიტურიენტი ქუთაისის მე-17 საგამოცდო ცენტრიდან: დავწერე არაპროგრამული, აკა მორჩილაძი “ობოლე”. პარალელები გავავლე ვახტანგ გორგასალთან. აქტუალობის კუთხით არაფერი დამიწერია. არაპროგრამული ავირჩიე იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა საკითხი.
“მე ექვსი წლის წინ დავამთავრე, ხელახლა გავდივარ, ამიტომ არაპროგრამული და პროგრამული არვიცი რომელია, მაგრამ “ობოლე” იქნებოდა არაპროგრამული აკა მორჩილაძის. მე “სტუმარ-მასპინძელზე” დავწერე, ზვიადაურზე. ვაჟკაცობაზე იყო დასაწერი და მაგის რელევანტურობაზე თანამედროვეობაში, პარალელი გავავლე “ზეციურ სამეფოსთან”, უარყოფითი პარალელი გავავლე “დონ კიხოტთან”, სადაც ამ ვაჟკაცობის საჭიროებისა და რელევანტურობის დაცემა მიმდინარეობს და ეგ არის აქაც პრობლემა, კიდევ თანამედროვეობაზეც ვისაუბრე. რედაქტირება იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობაზე. რაც შეეხება რედქტირებას, შეცდომების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მძიმეები, პუნქტუაციური შეცდომები, ასევე სტილისტური, მაგალითად ეწერა: “შედეგათ” და უნდა გაგვესწორებინა, ასევე დეფისიც იყო ჩასამატებელი”, – გვიყვება 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გიგა ნემსიწვერიძე.
ლალიკო საბაშვილი: “ყველაზე მარტივი თემა, მგონი, დღეს იყო. “სტუმარ-მასპინძელი” მოვიდა და უნდა დაგვეწერა თემა ვაჟკაცობაზე, მტერზე და სინანულზე, რომ შეიძლება, შენმა ვაჟკაცობამ სინანულში ჩააგდოს მტერიო, ასეთი შინაარსის იყო. მე “ჯაყოს ხიზნებიდან” მოვიყვანე პარალელები და ვფიქრობ, საინტერესო თემა გამოვიდა. ველოდები უმაღლეს შედეგებს”.
გიორგი ქუთაისის მე-17 სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირების ტექსტი იყო ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე, ვიპოვე 12 შეცდომა, არ იყო რთული ტესტი. თავად ცენტრშიც არის მშვიდი, კომფორტული სიტუაციაა”.
“დავწერე ვაჟას “სტუმარ-მასპინძელი”. პარალელები გავავლე “ალუდა ქეთელაურთან”. ასევე დავწერე, რომ თანამედროვე საზოგადოებაშიც, საბედნიეროდ, შემორჩენილია ვაჟკაცური სული. ერთხელ უკვე ვიყავი აბიტურიენტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და ეს გარემო ნაცნობი იყო ჩემთვის. შესაბამისად, არც ვნერვიულობდი. ახლა ვაბარებ კოლეჯ “იბერიაში”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო გუგუმბერიძემ, აბიტურიენტმა ზესტაფონიდან.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
თბილისში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდა – ნომრები და მიმართულება
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის აბიტურიენტებიდან 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა – რას ჰპირდება მინისტრი გამოსაცდელებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
თუ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა სტიპენდია შენთვის მნიშვნელოვანია, 1 დღე კიდევ გაქვს – გახდი განათლების ინვესტორი
by ARIS.GE-განათლება