GE

„ვეფხისტყაოსნის“ სწავლების მეთოდი

თეონა ბექიშვილი

„ვეფხისტყაოსნის“ სწავლების მეთოდიკასთან მიმართებით ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როგორ მივცეთ ბავშვებს კვლევისა და აზროვნების საშუალება, რადგან ტექსტი საკმაოდ რთულია.

კვლევის საშუალება, თავისუფალი სააზროვნო სივრცე, ერთი მხრივ, ახალისებს მოსწავლეთა მოტივაციას, მეორე მხრივ კი უვითარებს მათ შესაბამის უნარებს, ეხმარება, მოაზროვნე მკითხველებად ჩამოყალიბდნენ.

თანამედროვე მოსწავლეებისთვის უმრავლეს შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტერნეტი. უფროსკლასელებისთვის არც პროგრამა ვორდის ელემენტარულ ფუნქციებში გარკვევაა ძნელი, მით უმეტეს, მის ამა თუ იმ ფუნქციაზე ინტერნეტსივრცეში ვიდეოგაკვეთილებიც იძებნება და ამისთვის საჭირო უნარები თანამედროვე მოსწავლეებს ხშირად მასწავლებლებზე მეტად აქვთ განვითარებული. კომპიუტერი და ინტერნეტსივრცე მათთვის ბუნებრივი გარემოა და ურიგო არ იქნება, ლიტერატური კვლევისას საშუალება მივცეთ, გამოიყენონ ის და ადვილად მიიღონ ისეთი შედეგები, რომელთა მიღებასაც კომპიუტერულ ეპოქამდე გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.

დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია „ვეფხისტყაოსნის“ ონლაინ ვერსიები, მათ შორის – ვორდის ფაილებიც. მათ პოვნა-გადმოწერას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.

ასევე მარტივია ამ გადმოწერილ ტექსტში ctrl-f-ის საშუალებით ნებისმიერი სიტყვის პოვნა, ეს განსაზღვრული საკითხების თავმოყრისა და მსჯელობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეიძლება ვორდის საძიებო ველში ჩაიწეროს სიტყვები: ემოსა, შემოსვა, სამოსი. ეს მათ საშუალება მისცემს, უკეთ დაინახონ, ვთქვათ, ტარიელთან მიმართებით რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სამოსს.

ინდოეთის პრობლემები ფარსადანის მიერ სიტყვის გატეხით იწყება. მართალია, ტარიელი ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, მაგრამ დღესავით ნათელია, ნათქვამი იყო სიტყვა და ეს სიტყვა გატყდა, მეტიც – წესი დაირღვა. ჯერ იყო და ტარიელს ისედაც ეკუთვნოდა მეფობა, ის სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო და კანონი არ ითვალისწინებდა ტახტზე ქალის აყვანას; მეორე – ფარსადანმა მიიერთა სარიდანის მფლობელობაში არსებული ინდოეთის მეშვიდედი და ტარიელი იშვილა. სწორედ ამიტომ დათმო სარიდანმა მეფობა, თორემ მოწყენის გამო ტახტზე უარის თქმა მეტისმეტად სუსტი არგუმენტი იქნებოდა, ავტორი თავადვე რომ არ მიგვანიშნებდეს სხვა გარემოებაზე. თუმცა დაიბადა ნესტან-დარეჯანი და როდესაც ის სამეფო ქალად მიიჩნიეს, მაშინვე დაუბრუნეს ტარიელი მამას. რას ნიშნავდა ეს დაბრუნება, თუ არა იმას, რომ ტარიელი ვეღარ გამეფდებოდა?!

ეს მშვენივრად იცის ტარიელმა. იცის და თითქოს შეგუებულია, თითქოს მეფობის კანონიერი ამბიცია მასში მხოლოდ ნესტან-დარეჯანის საშუალებით იღვიძებს. ის ამბობს პირველად, ნუ მოსთხოვ მამაჩემს ჩემს თავს, ტახტი მოსთხოვე და იძულებული გახდება, ჩემი თავი თავად შემოგაძლიოსო. საინტერესოა, რომ ტარიელს ნესტან-დარეჯანის გარეშე ტახტი არ უნდა, მას აზრადაც არ მოსდის, დაბრუნდეს ინდოეთში და კუთვნილი მეფობა მოითხოვოს. ასეც უნდა იყოს, რადგან ტარიელი მიჯნურია და ნესტანის გარეშე ის არათუ მეფე არ არის, არამედ მასში დათრგუნულია ადამიანური, გონიერი საწყისი. დათრგუნულია იმდენად, რომ ტარიელი ვეფხისტყაოსნადაა ქცეული:

„მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა“.

ამრიგად, ერთი მხრივ, ის ვეფხის ტყავის ტარებით თან ატარებს გაბრაზებულ ნესტანს („ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული“), მეორე მხრივ კი ეს ტყავი სიმბოლურად გამოხატავს პერსონაჟის გაველურებასა და გაცხოველებას, გონიერების, კულტურის კვდომას დიდი ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე.

თუ მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით დაინახავენ (პროგრამა გააყვითლებს) ყველა იმ მონაკვეთს, სადაც ეს სიტყვებია გამოყენებული, მათ საშუალება მიეცემათ, ცალ–ცალკე განიხილონ სამოსის ჩუქებასთან, შემოსვასთან დაკავშირებული ყველა ფრაგმენტი და იმსჯელონ, ვთქვათ, ერთ-ერთ მომენტზე, როდესაც ტარიელი ხატაელებთან ომიდან ახალდაბრუნებულია და მეფე და დედოფალი საზეიმო ნადიმს მართავენ.

როგორც ჩანს, – და ამას მოსწავლეები ადვილად დაინახავენ თავიანთი კვლევის ფარგლებში, – შემოსვა, ტანსაცმლის ჩუქება ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ფარსადანი და მისი მეუღლე ამ ეტიკეტს არღვევენ, უფრო სწორად, ფულის ჩუქებით ანაცვლებენ:

„აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან,

არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან,

აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,

თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან“.

აქ ადვილად შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არღვევენ მეფე და დედოფალი წესს, მართლა იმიტომ, რა მიზეზიც მოჰყავთ – რომ ისედაც კარგადაა ჩაცმული, თუ შეიძლება ვეძებოთ ქვეტექსტიც? მაგალითად, ხომ არ ნიშნავს ფარსადანისა და მისი მეუღლისგან ტანსაცმლის ჩუქებაზე უარის თქმა იმას, რომ ტარიელი ამირბარია და ამირბარად დარჩება, ანუ ვერასდროს მოიპოვებს უფრო მაღალ, სამეფო სტატუსს?

ვფიქრობ, უეჭველი პასუხის გაცემა ძნელი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ურყევ ჭეშმარიტებამდე მისვლაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოსწავლეებმა იგრძნონ თავიანთი ინტელექტისთვის შესაფერისი სააზროვნო სივრცე და ილაპარაკონ, იკამათონ. ეს მათ მხოლოდ შესაბამის უნარებს კი არ განუვითარებს, არამედ შეაყვარებს ტექსტს, რადგან მათ ის უყვართ და ხიბლავთ, რაც აზროვნების საშუალებას აძლევთ.

კიდევ მრავალნაირი კვლევის საშუალებას იძლევა კომპიუტერი.

მაგალითად:

„ვეფხისტყაოსანში“ 65 თავია. ეს თავები შეიძლება დაიყოს და კლასს დაურიგდეს, მიეცეს საშინაო დავალებად ან შესრულდეს კომპიუტერებით აღჭურვილ კლასში. ერთ მოსწავლეს შესაძლოა შეხვდეს ორი ან სამი თავი კვლევისთვის. თითოეულმა მათგანმა ფერების აღმნიშვნელი სიტყვები ვორდის საშუალებით მონიშნოს ამავე ფერად. შემდეგ თავ–თავიანთი მონაკვეთები გადაგზავნონ რომელიმე ერთ მისამართზე და ტექსტი გააერთიანონ.

მიიღებენ „ვეფხისტყაოსანს“, სადაც „გიშერი“ შავად წერია, „ლალი“ – წითლად, „ფირუზი“ – ლურჯად და ა. შ.

შეიძლება მოინიშნოს მხოლოდ ქვები და მათი სახელწოდებები, ან გაფერადდეს ისეთი საგნის აღმნიშვნელი ყველა სიტყვა, რომელიც ფერს არ იცვლის და ყოველთვის ერთი კონკრეტული შეფერილობა აქვს. საინტერესოა სამოსის ფერთა გამაც. შეიძლება, შექმნან „ვეფხისტყაოსნის“ ტანსაცმლის პალიტრა და შეადარონ ფერად ილუსტრაციებს. ასეთი კვლევა არ არის წმინდად ლიტერატურული, მაგრამ ასეთ პროცესებში მოსწავლეები „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკას უკეთ აითვისებენ, ენობრივ, ესთეტიკურ ველს ერთიანობაში წარმოიდგენენ და ა. შ.

ვფიქრობ, თუ მასწავლებელი ბავშვებს ცოტას მოუყვება ვ. ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ფერთა მეტყველების“ შესახებ, ისინი თავიანთი ნამუშევრის მიხედვით ბევრ საკითხზე შეძლებენ მსჯელობას.

ასევე მნიშვნელოვანია თავად სიტყვა „ფერის“ სხვადასხვა დატვირთვა, რომელთა შესახებაც მასწავლებელს შეუძლია მინიშნებები მისცეს ვ. ნოზაძის იმავე ნაშრომიდან.

არანაკლებ საინტერესო იქნება, ვორდის საძიებო ველში ჩაიწეროს სიტყვა „მეფე“. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ნათლად დაინახონ, როდის როგორ მიმართავენ ტარიელს და როგორ ნელ-ნელა შემოდის ტექტსში მის მიმართ ნათქვამი „ინდოთ მეფე“ მაშინ, როდესაც ნესტან-დარეჯანის კვალი ნაპოვნია.

საინტერესო იქნება კონკრეტული ეპითეტების ჩაწერა-დაძებნაც. ვთქვათ, რამდენჯერაა ნახსენები „მდაბალი“ და ვისი კუთვნილი ეპითეტია; რა კონტექსტში გვხვდება „ლომი“, რამდენჯერაა ნახსენები „ვარდი“ და რას აღნიშნავს იგი, რამდენჯერაა მეტაფორად გამოყენებული და სად და რა კონტექსტში აღნიშნავს თავად მცენარეს; აქვს თუ არა მას, როგორც მცენარეს სიმბოლური დატვირთვა.

ამ ტიპის კვლევები (ეს შესაძლოა უფრო სავარჯიშოები იყოს, მაგრამ, მოდი, მოსწავლეთათვის თვითშეფასების ამაღლების, საკუთარი უნარების რწმენის განმტკიცების მიზნით ვუწოდოთ „კვლევები“) ლიტმცოდნეობითი ტერმინების დამახსოვრებას შეუწყობს ხელს. თუ მოსწავლეს ნაძებნი აქვს რომელიმე ეპითეტი ან მეტაფორა, მათ მნიშვნელობას მაინც აღარ აურევს, უკეთ დაიმახსოვრებს ლექსიკას და ტექსტთან ახლო ურთიერთობა უფრო გასაგებს, ახლობელს და საყვარელს გახდის მისთვის „ვეფხისტყაოსანს“.

ვფიქრობ, ვორდის ეს ფუნქცია, მოძებნოს, დათვალოს და გააფერადოს რომელიმე ერთი სიტყვა, მასწავლებლებს კიდევ მრავალგვარი სავარჯიშოს მოფიქრების საშუალებას მისცემს.

ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური