GE

ვენდეტა ქართულად

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში შეახსენეს, რომ მათი რექტორი, ბატონი დავით გურგენიძე, სამჯერ ნასამართლევია. ამის შემდეგ კი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პატარა ნაწილში გურგენიძის ამ თანამდებობაზე ყოფნამ პროტესტის გრძნობა გამოიწვია.

2020 წელს აკადემიური საბჭოს სრული უმრავლესობით არჩეულ რექტორს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, მისი სამგზის ნასამართლობის მიმართ ამჟამინდელი მაღალი ინტერესი უკვირს, რადგან მისი თქმით, აკადემიური საბჭოს წინაშე წარდგენისას, თავის ნასამართლობაზე ტელევიზიების თანდასწრებით ღიად საუბრობდა. სტუდენტებისა და ტელევიზიის განახლებულ ინტერესს კი, პოლიტიკას და საქართველოს უნივერსიტეტს უკავშირებს.

არის კი თავად გურგენიძე პოლიტიკას მოწყვეტილი? რას უკავშირდება სტუდენტთა მცირე ჯგუფის პროტესტი? თავად განსაზღვრეთ.

მაშ ასე, 2021 წლის 25 მარტს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს წერილი მისწერა თხოვნით – ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე გაფორმებული სერვიტუტის (არამესაკუთრის შეზღუდული უფლება მესაკუთრის მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე – ავტ.) გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან „უნივერსიტეტის III-IV და VIII სასწავლო კორპუსების ეზოში შემოსვლა დღის ნებისმიერ მონაკვეთში არა მარტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, არამედ ქვეითებისთვისაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ხშირია საცობები“ და ასევე არსებობს მომიჯნავე ტერიტორიაზე მისასვლელი ალტერნატიული გზა. მომიჯნავე ტერიტორიაზე კი, საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, საქართველოს უნივერსიტეტის სკოლა და სტადიონი მდებარეობს.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის/სკოლის სტუდენტები, ლექტორები და მოსწავლეები გადასაადგილებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიით დღეს ერთად სარგებლობენ. ტექნიკურ უნივერსიტეტს კი, საქართველოს უნივერსიტეტისთვის ამ უფლების ჩამორთმევა უნდა და თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებს სხვა გზით მოუწევთ უნივერსიტეტში/სკოლაში მოხვედრა.

საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, თინათინ ენდელაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და, შესაბამისად, კითხვაზე – უკეთესად იქნება თუ უარესად საქართველოს უნივერსიტეტი და სკოლა, თუ შენობებთან პოპულარულ მისასვლელს დაკარგავენ, პასუხი ვერ მივიღეთ, რაც გაუგებარია, რადგან ეს მარტივი კითხვა იყო, ჩვენ ხომ არ გვიკითხავს, იცის თუ არა, ვინ არის გურგენიძის წინააღმდეგ სტუდენტური დემონსტრაციების ორგანიზატორი.

ეს შემოვლითი გზაა (მონიშნულია შტრიხით), რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სარგებლობას სთავაზობს.

თუ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის ნაკვეთის გავლით საკუთარ შენობებში მოხვედრას ვერ შეძლებენ, ეს ჩვენი აზრით, საქართველოს უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს დისკომფორტს შეუქმნის, რაც შემდგომ, შეიძლება, საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის შემოსავლებზე აისახოს. მეორე მხრივ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტში საკუთარი ტერიტორიის გავლით ბევრად მარტივად შეაღწევენ.

რა კავშირში აქვს ამ ყველაფერს სტუდენტების მცირე ჯგუფის ტელეკამერების წინაშე გამართულ დემონსტრაციასთან, რომლებმაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამჯერ ნასამართლევი რექტორის გადადგომა მოითხოვეს? EDU.ARIS.GE დემონსტრანტების ერთ-ერთ ლიდერს დაუკავშირდა. ლიდერმა კი პასუხებისთვის ვერ მოიცალა და, ალბათ, მართალიც არის, ჩვენ მას მისთვის უხერხულ თემაზე დაველაპარაკებოდით.

ყოფილი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ყოფილი ბიზნესმენი და ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე კითხვებისთვის აბსოლუტურად ღია იყო და ამბობს, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ის რამდენიმე წლის წინ ნაწილობრივ გაამართლა, ნაწილზე კი გამოძიებას აწარმოებს და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს. ამბობს, რომ არ არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ტერიტორია, რომელიც ახლა საქართველოს უნივერსიტეტს ეკუთვნის, 2004 წლამდე ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება იყო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი EDU.ARIS.GE-ს 2020 წლის უნივერსიტეტების კარგად მომზადებული აბიტურიენტების რეიტინგში პირველ ათეულში არ არიან.

საქართველოს რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები (2020)? – EDU.ARIS.GE | RANKINGS

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური