GE

„ვენი, ვიდი, ვიცი“ – ისტორიის გამოცდის შიშის დაძლევის რეცეპტი ქუთაისელი მასწავლებლისგან და გამხნევებული აბიტურიენტები

„ვენი, ვიდი, ვიცი – მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!“ – დღეს, 18 ივლისს, ქუთაისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში იულიუს კეისრის სწორედ ამ სიტყვებით გაფორმებული მაისურებით წერა ისტორიის გამოცდა რამდენიმე აბიტურიენტმა.

ახალგაზრდა ისტორიის მასწავლებელი და რეპეტიტორი, რომელმაც საკუთარი აბიტურიენტების გამხნევების მიზნით, ეს ორიგინალური პერფორმანსი შემოგვთავაზა, EDU.ARIS.GE -მ ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან გაიცნო. ის თავადაც კეისრის ამ ისტორიული ფრაზის ამსახველი მაისურით გულშემატკივრობდა გამოცდაზე შესულ მოწაფეებს.

გალაქტიონ სვანიძე ამბობს, რომ დილიდან ასე შეეცადა მოსწავლეებისთვის დადებითი განწყობის შექმნას, რაც ფიქრობს, შედეგებზეც დადებითად აისახება.

ისტორიის გამოცდაზე წელს მისი 26 აბიტურიენტი გავიდა და ყველასგან კარგ შედეგებს ელოდება.

“წყალტუბოს ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი და მეათე წელია, რაც აბიტურიენტებს ვამზადებ. ძალიან მგრძნობიარე თაობა მოდის. უმეტესობას მშობლები ემიგრანტები ჰყავს და აქ არ არიან. შევეცადეთ, კარგი განწყობა შეგვექმნა და თემატური მაისურები ჩაგვეცვა. ერთმანეთს ვეხმარებით და ემოციურად გვერდით ვუდგავართ. ვფიქრობ, გამოცდაზე დადებითი მუხტით შესვლით, შედეგიც დადებითი იქნება”, – გვიყვება პედაგოგი.

EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს სიურპრიზის ადრესატებმაც და გვითხრეს, რომ ეს მათთვის მოულოდნელი იყო.

“ვნერვიულობთ და მასწავლებელი რომ გვამხნევებს, დასაფასებელია. მაისურები გვაჩუქა, არ მოველოდით. ნერვიულობა ამაზე გადავიტანეთ”, – გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ, ელენე ბარდუხაშვილმა, რომელმაც ისტორიის ტესტზეც ისაუბრა და თქვა, რომ საკითხები ვარიანტების მიხედვით განსხვავებული სირთულისაა, რაც არ მოსწონს.

“კარგი იქნება, ცოტა დაბალანსებული თუ იქნება ყველა ვარიანტი. ახალი ფორმატის დავალებაც ჯერჯერობით ყველაზე რთული იყო. ბევრმა აღნიშნა, რომ ასეთ სირთულეს არ მოელოდნენ. საკითხები ძირითადად მსოფლიო ისტორიას ეხებოდა. ანტიკური ხანიდან არაფერი მოვიდა. კარგი იქნებოდა მეტი ყოფილიყო საქართველოს ისტორიის შესახებ”.

საქართველოს ისტორიის შესახებ საკითხები რომ საგამოცდო ტესტებში მცირე რაოდენობით არის, ამაზე ვკითხეთ ელენეს მასწავლებელსაც. გალაქტიონ სვანაძის შეფასებით, საგამოცდო ტესტები წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სააზროვნო, სამუშაო ხდება, თუმცა შენიშვნები მაინც აქვს.

“შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიაში ეროვნული გამოცდების ტესტები პერიოდულად იხვეწება და კარგი სააზროვნო დასაწერია. ამისთვის მადლობა მათ, ვინც მუშაობს ტესტების შედგენაზე. ადრე იყო შემთხვევები, რომ აბიტურიენტები ნაკლები მეცადინეობის გარეშე მაინც ახერხებდნენ ჩაბარებას. ახალი დავალებით ჩვენს საგანში ჩანს ცოდნა და მომზადების დონე. წინა წელსაც იყო თითქოს რაღაც მსგავსი, მაგრამ წლევანდელი სჯობს. რუკებიც გართულებულია. მხოლოდ პირობითი აღნიშვნებიდან აღარ იწერება და ცოდნა ჩანს. ისე, რომ გამოცნობით დაწერო და ისე მიიღო მაღალი ქულა, ასე აღარ არის.

“რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს, საქართველოს ისტორიაზე აქცენტი ძირითადად არ იყო. ჯერ, ბუნებრივია, წლევანდელი ტესტი არ მინახავს, მაგრამ აბიტურიენტებს რა ინფორმაციაც გამოაქვთ, საქართველოს ისტორია უმცირესობაშია. ასევე, საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოვედით კიდევ და სტალინის ფოტოები მოვიდა, წინა წელსაც იყო რაღაც მსგავსი. ეს ძალიან არ მომეწონა, რადგან სხვა საკითხებიც ხომ შეიძლება მოვიდეს. ამის საშუალებას პროგრამა გვაძლევს და კარგი იქნება, რომ გავცდეთ ამ საბჭოთა კავშირს. გავიგეთ, რომ აგრესორია, მაგრამ მაინც არ გვინდა ეს სტალინის ფოტოები. მაგალითად, პირველ ვარიანტში იყო საბჭოთა კავშირის გამარჯვება. დღეს – რუსეთის მარცხი ყირიმის ომთან დაკავშირებით. სხვა საინტერესო მასალებიცაა და არ გვინდა ეს რუსეთი”, – აცხადებს გალაქტიონ სვანიძე.

2023 წლის აბიტურიენტების უმრავლესობამ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაასრულა და ახლა შედეგების მოლოდინში არიან.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური