„ვერ დავტოვებდი ჩემს საქართველოს და სხვა ენაზე ვერ ვისწავლიდი, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული ენა ჩემი მშობლიური ენაა“ – პირველკურსელი ბიჭის საოცარი ჩანაფიქრი
ახალგაზრდა, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სტატიაზე მუშაობისას გავიცანი. მაშინ ის აბიტურიენტი იყო, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი. ჩემი მაშინდელი სტატია იმ სირთულეებს ეხებოდა, რომლებიც კორონავირუსმა აბიტურიენტებს შეუქმნა. იმ სტატიაზე მუშაობისას არაერთ აბიტურიენტს ვესაუბრე. შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილებას ისინი ღიად გამოთქვამდნენ. აპროტესტებდნენ გამოცდაზე პირბადეების კეთების აუცილებლობას და ბევრი მათგანი გამოცდების გადადებას, ან შეღავათებსაც მოითხოვდა. ამ ახალგაზრდამ კი ყურადღება საოცარი მობილიზებით, შემართებითა და მხნეობით მიიქცია. არც შეღავათებს ითხოვდა, არც არანაირ შეზღუდვას აპროტესტებდა და სუნთქვის შეკავებაც რომ მომიწიოს, გამოცდას მაინც დავწერო, ამბობდა.
მოგვიანებით, იგი უფრო ახლოს გავიცანი და მთელი გამოცდების პერიოდში განსაკუთრებულადაც ვგულშემატკივრობდი. მას ბაბეკ მამედოვი ჰქვია, 18 წლისაა და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში ცხოვრობს. მშობლები საზღვარგარეთ არიან და 18 წლის ბიჭი აბიტურიენტობის სირთულეებს მარტო უმკლავდებოდა.
ბაბეკი ქართულ ენასა და საქართველოზეა შეყვარებული. ამიტომ, არც უფიქრია, რომ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა და ცხოვრება სხვაგან გაეგრძელებინა, რაც, სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში აპრობირებულია. მან მიზნად ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება დაისახა და გამოწვევა კიდევ უფრო იმით გაართულა, რომ გამოცდების გავლაც ქართულ ენაზე გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრებისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა 1+4, რომელიც გულისხმობს ერთწლიან მოსამზადებელ პერიოდს და შემდეგ, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უგამოცდოდ გაგრძელებას, ბაბეკმა იოლი გზა არ აირჩია და გამოცდები ქართულად წარმატებით ჩააბარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაბეკს არც რეპეტიტორები ჰყავდა. მხოლოდ ზოგად უნარებში ემზადებოდა და ქართული ენის პედაგოგი ეხმარებოდა.
ახლა ის უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ბაბეკს უამრავი გეგმა აქვს. მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებასაც აპირებს და მერე უკვე, მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ქართულის სწავლებაა. უამრავი რესპონდენტი მყოლია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და ქართულ ენაზე ასე შეყვარებულ ადამიანთან არასდროს მისაუბრია. ბაბეკი ლექსებსაც წერს, რა თქმა უნდა, ქართულად და, რა თქმა უნდა, საქართველოზე.
–ბაბეკ მამედოვი: ჩვენი სკოლა ნახევრად აზერბაიჯანულენოვანი და ნახევრად ქართულენოვანია. ძალიან მიხარია, რომ ჯერ კიდევ 12 წლის წინ ჩემმა მშობლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ქართულ სექტორზე შემიყვანეს. ყოველთვის მიყვარდა სწავლა. დაწყებითებში ათოსანი ვიყავი. გარდატეხის ასაკში ვზარმაცობდი. მერვე კლასში კი ჩვენს კლასში ქართულის ახალი მასწავლებელი, ლიკა მუკბანიანი შემოვიდა და სწორედ ამ დიდებულმა ქალბატონმა შემაყვარა სწავლა და რაც მთავარია, ქართული ენა. გაკვეთილებს ისე სხვანაირად და საინტერესოდ გვიხსნიდა, რომ არ შემეძლო არ მესწავლა. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა.
–როგორ ფიქრობ, არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი პირობები ქართული ენის შესასწავლად? და თუ არის, რისი დამსაუხრებაა ის, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართულად საუბარი არ შეუძლია?
–როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დროს სწავლა არა სახელმწიფო ენაზე, არამედ რუსულ ენაზე იყო და ამის გამო, წინა თაობამ ქართული ენა შესაბამის დონეზე არ იცის. მერე კი ბნელი 90-იანები იყო და სოფლის სკოლებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ჩემი აზრით, ეს იყო წინა თაობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები. ვფიქრობ, უკვე კარგა ხანია, რაც პიროვნებაზეა დამოკიდებული მისი ცოდნა, რადგან ხელისშემშლელი პირობები, გარდა მატერიალური პრობლემებისა, არ არსებობს. ჩემი თაობის დიდი ნაწილი ქართულ ენას უკვე ეუფლება.
–როგორც წესი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, სკოლის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანში ამჯობინებენ ხოლმე სწავლისა და ცხოვრების გაგრძელებას. რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ თბილისში გესწავლა?
–ადრე აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული სექტორი მე-12 კლასამდე არ იყო, რომ მოსწავლეებს ბოლომდე ქართულად ესწავლათ და ჩვეულებრივად ჩაებარებინათ. მე-9 კლასის მერე ავტომატურად აზერბაიჯანულ სექტორზე გადადიოდნენ და სწავლას აზერბაიჯანულად აგრძელებდნენ. რასაც შედეგად მოჰყვებოდა სწავლის აზერბაიჯანში, ანუ აზერბაიჯანულად გაგრძელება. თან ადრე არც იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მხოლოდ ზოგადი უნარების ჩაბარებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა (გულისხმობს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამას- ავტ.). ეს პროგრამა 2012 წლიდან ძალაშია და მას შემდეგ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების თითქმის 95% სწავლას საქართველოში აგრძელებს. მე ვერ დავტოვებდი ჩემს საქართველოს და სხვა ენაზე ვერ ვისწავლიდი, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული ჩემი მშობლიური ენაა.
–რა ნიშნით შეარჩიე პროფესია, რატომ გაგიჩნდა სურვილი გესწავლა ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე?
–ყველაფერი 1 წლის წინ დაიწყო. სოციალურ ქსელში ერთი მოხუცი ქალის მიერ წაკითხული ლექსი, ნანა მეფარიშვილის “მინდა გაგეცნოთ” შემხვდა. ძალიან მომეწონა. სკოლის პირველ დღეს ეს ლექსი საჯაროდ წავიკითხე. ვენებში სისხლს მიჩქროლებდა. პოეზიისადმი სიყვარული ამ ლექსის მერე გამიჩნდა. ამას ჩემი ქართულის მასწავლებელიც ატყობდა. ამის მერე ქართულის გაკვეთილებს უკვე სხვანაირად ვსწავლობდი. „დიდოსტატის მარჯვენა“, „ჯაყოს ხიზნები“, „მთაწმინდის მთვარე“… გავიხედე და უკვე ჩავვარდნილვარ ამ უსასრულო და უტკბეს სამყაროში. მეც მაქვს რამდენიმე ლექსი დაწერილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემში ქართული ლიტერატურისადმი სიყვარული ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გააღვიძა და საკუთარი თავი მაპოვნინა. ზუსტად ასე გადავწყვიტე, რომ ქართული ენა თავისი ყველა დეტალით უნდა მესწავლა და ასე ჩავაბარე ქართულ ფილოლოგიაზე.
–რაში შეგიშალა ხელი პანდემიამ?
–სწავლაში შემიშალა ხელი, რა თქმა უნდა. სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვე მქონდა დარჩენილი. მე კერძო რეპეტიტორთან მხოლოდ უნარებში ვემზადებოდი. დანარჩენ საგნებში კი ჩემი მასწავლებლები მამეცადინებდნენ, სკოლაში. როცა პანდემიის გამო სკოლები დაიკეტა, სწავლა დისტანციურად მომიწია.
რთული აბიტურიენტობა მქონდა, რადგან სწავლის გაგრძელება გვიან გადავწყვიტე, ასე ვთქვათ, გვიან გავიღვიძე და ერთიანად უზარმაზარი პროგრამის გავლა მომიწია. კი გავუმკლავდი, მაგრამ დიდ შრომად და ნერვებად დამიჯდა. ვბრაზობდი, როცა მაცდენდნენ და სწავლას არ მაცდიდნენ. უკვე მჯეროდა, რომ მთლიანი პროგრამის გავლას ვერ მოვასწრებდი. მოკლედ, ემოციურად რთული აბიტურენტობა მქონდა.
–სულ მალე ახალი ეტაპი იწყება – სტუდენტობა, თუმცა განსხვავებულ პირობებში- დისტანციური სწავლა მოგიწევს. როგორი განწყობა გაქვს და გწყდება თუ არა გული, რომ ვერც ლექციებზე ივლი ჯერჯერობით, უნივერსიტეტმა ვერც საზეიმო მიღება მოგიწყოთ პირველკურსელებს და ჯგუფელებსაც არ იცი როდის გაიცნობ?
–რა თქმა უნდა, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მოგვიანებით მომიწევს. მე დისტანციური სწავლების მეთოდს სრულყოფილ და ამომწურავ მეთოდად არ მივიჩნევ. თუმცა ძალიან მონდომებული ვარ. რა სირთულეც არ უნდა იყოს, მაინც გადავლახავ და ჩემს ოცნებას – სტუდენტობას, ავისრულებ.
–რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? აპირებ თუ არა სწავლის გაგრძელებას ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ და როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა?
–რა თქმა უნდა, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მინიმუმ მაგისტრატურაზე. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ინტერვიუს დასაწყისში იმაზე ვსაუბრობდით, თუ რატომ ვერ ეუფლებიან სათანადოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები რეგიონებში ქართულ ენას და ჩემი გეგმებიც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ეთნიკურად აზერბაიჯანელებიდან დაწყებული, სახელმწიფო ენა ისწავლოს და საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე გახდეს. ცნობილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ შექმნილ “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას” ხელახლა აღვადგენ, ოღონდ უკვე ქართველთა შორის კი არა, “საქართველოს მოქალაქეთა შორის” იქნება ეს ყველაფერი…
–რას ეტყოდი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ? მიგაჩნია თუ არა, რომ მათთვის ქართული ენის სწავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მშობლიური ენის შესწავლა და ურჩევდი თუ არა, რომ სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ?
–ყველა ახალგაზრდას, არ აქვს იმას მნიშვნელობა, თუ რომელი ეროვნების წარმომადგენელია, ვურჩევ წაიკითხონ ქართული ლიტერატურა და გამოიკვლიონ საქართველოს ისტორია, რათა დაინახონ, თუ რა ბრძოლა მიმდინარეობდა ქართული ენისა და საქართველოს გადასარჩენად. ქართული ენის სწავლა უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელმწიფო ენაა და თუ გვინდა, რომ უკეთესი სამშობლო ავაშენოთ, ამისთვის ქართული ენის სრულყოფილად ცოდნაა საჭირო. სწავლა აუცილებლად ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გააგრძელონ, ამაში სხვა აზრი არ უნდა არსებობდეს.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება