GE

„ვფიქრობ, არ შეიტანეს ის საკითხები, რაც პროგრამულად მეორე სემესტრში უნდა გაგვევლო“ – აბიტურიენტების შეფასებები ისტორიის გამოცდიდან

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა სავალდებულო არჩევითი საგნებიდან (ისტორია/მათემატიკა) ისტორია აირჩია და აღნიშნული საგანის გამოცდაზე 22 850-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტებმა, გამოცდებამდე კარგა ხნით ადრე იცოდნენ, რომ წლევანდელი ისტორიის ტესტები შეცვლილი ფორმატით მოვიდოდა. ცვლილების თანახმად, გაიზარდა ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდა. აღნიშნული ცვლილების ფონზე, ჩვენ დავინტერესდით არის თუ არა ამ საგანში საგამოცდო ტესტი გართულებული.

ისტორიის გამოცდის პირველი სესიიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა ტესტი არაერთგვაროვნად შეაფასეს. რაც შეეხება მეორე სესიიდან გამოსულ აპლიკანტებს, ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ცალსახად ამბობენ, რომ საკითხები მარტივი იყო და მეორე სემესტრის მასალა ტესტში არ შეუტანიათ.

ნოდარ ლაცოშვილი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან მარტივი გამოცდა იყო და ამიტომ გამოვედი მალე. შევეცდები გავიხსენო საკითხები. ღია და დახურული შეკითხვები იყო როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიიდან და ძირითადად შუა საუკუნეების ეპოქას ეხებოდა. უახლესი ისტორიიდან რომ ყოფილიყო რამე ნამდვილად არ მახსოვს, ან მსოფლიო ომებსა და რევოლუციებზე. ისტორიული წყარო იყო გიორგი სააკაძესა და ბაზალეთის ომზე. თეიმურაზის, სვიმონის და ზურაბის დაპირისპირებასა და ომზე 12 შეკითხვა იყო და ყველას ვუპასუხე. მსოფლიო ისტორიიდან ასევე მახსოვს რომ ალექსანდრე მაკედონელზე მოვიდა დავალება. რუკა ძალიან გამიმარტივდა, იმიტომ რომ ოსმალების ლაშქრობებს ეხებოდა და ბევრჯერ გამიკეთებია. კარიკატურაზე ფულის ერთეული იყო. ვფიქრობ, არ შეიტანეს ის საკითხები, რაც პროგრამულად მეორე სემესტრში უნდა გაგვევლო. საგამოცდო ოთახშიც იმის მიუხედავად, რომ მეორე სესიაა და უფრო ცხელა, სიგრილე იყო და შესაბამისად, პირბადეები არ გვეკეთა.”

ელენე ქურთიშვილი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია შეკითხვები უფრო მეტი იყო ვიდრე დახურული, თუმცა არ გამჭირვებია, იყო როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიიდან, ალექსანდრე მაკედონელზე, ასევე მონღოლების ლაშქრობებზე. ერთი დიდი ისტორიული წყარო იყო 12-კითხვიანი, რაც ეხებოდა ბაზალეთის ომს. რუკა იყო ოსმალეთის იმპერიის ბრძოლებზე და ჩემი აზრით, რუკა ყველაზე მარტივი იყო დავალებებს შორის. ადვილი გამოცდა იყო. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ უნარების მოხსნის შემდეგ სავალდებულო საგნებიდან ისტორია უფრო გართულდებოდა, მაგრამ დღევანდელი დღით რომ ვიმსჯელო, სავალდებულო უნარების გამოცდას ისტორიის გამოცდა მერჩივნა. ანუ იმდენად მარტივი იყო, სულ რომ არაფერი გცოდნოდა მაინც დაწერდი.”

 დაჩი ნატროშვილი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია და დახურული კითხვებიდან უფრო მეტი საქართველოს ისტორიას ეხებოდა, ეს იყო დავით აღმაშენებელსა და თურქ-სელჩუკების ხანაზე, ოსმალების პერიოდზეც. ასევე “ქართლის ცხოვრებიდან” იყო თემა ამოღებული. მსოფლიო ისტორიიდან მცირე იყო და როგორც მახსოვს შუა საუკუნეებამდე ეპოქას ეხებოდა. ისტორიული წყაროც ქართლის ცხოვრებიდან იყო ამოღებული, თეიმურაზის, სვიმონისა და ზურაბ ერისთავის შესახებ ნაწყვეტი. ჩემთვის მარტივი იყო. რუკა ეხებოდა ოსმალებს და ჯვაროსნულ ლაშქრობებს. კარიკატურაზე ბონი იყო, ფულის ერთეული კუპიურა. არ ველოდი, რომ უახლოესი ისტორიიდან არაფერი იქნებოდა. რაც ვიცი წინა წლების აბიტურიენტებისგან, მგონი, ყველაზე მარტივი ეროვნულები ესაა და მგონი, ამ ეროვნულებში ვინც ჩაიჭრება, აღარც უნდა სცადოს სხვა დროს.”

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია კითხვები, ძირითადად, შუა მდინარეთსა და ძველ ეგვიპტეზე იყო. წყარო – სააკაძეზე, ბაზალეთის ბრძოლა. ილუსტრაცია იყო ბონის გამოსახულება. ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან, ფაქტიურად, ყველანაირი ინფორმაცია ზედვე ეწერა. შესაბამისად, დასმულ კითხვებზე მარტივად ვპასუხობდი. ასევე, მოვიდა კითხვა დარიოსთან დაკავშირებით – უნდა დაედო თუ არა დარიოს მესამესთან შეთანხმება ალექსანდრე მაკედონელს. ტესტი ისეა აგებული, რომ ლოგიკურად მაინც დაწერ. წესით, არავის უნდა გაუჭირდეს.”

ქეთი კვალიაშვილი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ილუსტრაციაზე წარმოდგენილი იყო პირველი რესპუბლიკის ფული, ბონი და კითხვები იყო დასმული ასეთი – რა არის გამოსახული ილუსტრაციაზე, საიდან მივიღეთ ეს პასუხი, რომელ სახელმწიფოში შეიქმნა და რით დავამტკიცებთ ამას. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ზედვე ეწერა. საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა მოცემული და ამიტომ პასუხების გაცემა რთული არ არის. რუკა ოსმალეთის ბრძოლებზე იყო და დასავლეთის მიმართულებით დაპყრობებზე. ზუსტად ყველა კითხვა არ მახსოვს, მაგრამ გვეკითხებოდნენ რომელი ქალაქების აღება მოახერხა საზღვაო ბრძოლებით და რომლების – ვერა. რუკებზეც ყველანაირი ინფორმაცია იქვე იყო მოცემული. ღია კითხვებში საფრანგეთის რესპუბლიკაზე გვეკითხებოდნენ ქრონოლოგიას, საქართველოს რესპუბლიკაზე იყო საქართველო-სომხეთის ბრძოლა, კონსტიტუციის შექმნა და საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. წყარო ბაზალეთის ბრძოლაზე იყო, სააკაძე რომ დაუპირისპირდა თეიმურაზ პირველს. ისტორიული მოვლენის შეფასებაში კი მონღოლეთის იმპერიის შექმნაზე მოვიდა კითხვები – რა შედეგი ჰქონდა იმპერიას და მსოფლიოსთვის რა შედეგი მოიტანა. ყველა საკითხი გამიმარტივდა, რადგან ვსწავლობდი. ახალი საკითხია დამატებული და თავდაპირველად მაგან დამაბნია. მოცემულია წყარო და ნახაზი ბრძოლის ვითარებაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე კითხვებია დასმული. ნახაზი თითქოს დამაბნეველია, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინო. ზოგადად, მაინც კმაყოფილი ვარ და მაღალ შედეგს ველოდები.”

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია კითხვები იყო მიდიის სამეფოზე, ვახტანგ მეექვსის ეპოქაზე, ალექსანდრე მაკედონელსა და მონღოლებზე. ესენი კარგად დამამახსოვრდა. წყარო იყო სააკაძეზე. უფრო კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, სამწუხაროდ. ისტორიული მოვლენა მონღოლების ეპოქაზე მოვიდა, რუკები კი – თურქეთზე. ზოგადად, გამიმარტივდა. წინა წლების ტესტებთან შედარებით იოლი იყო. მეთორმეტე კლასის მასალა, ფაქტიურად არ შეუტანიათ. მხოლოდ ერთი კითხვა მოვიდა მეთორმეტე კლასიდან – საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მოვლენები უნდა დაგელაგებინა ქრონოლოგიურად.”

დღეს, ისტორიის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. ისტორიაში გამოცდას აბიტურიენტები ხვალაც, 13 ივლისს, 2 სესიად ჩააბარებენ.

ცნობისთვის, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური