GE

„ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა მშვიდად დატოვეს“ – ლია გიგაური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა. მისი ინფორმაციით, სკოლიდან ამოღებულ ვიდეოკამერებში ჩანს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია ცამეტ საათსა და ორმოცდარვა წუთზე მშვიდად დატოვეს.

„სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. უკვე ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები. კარგად ჩანს,13:48 წუთზე თუ როგორ ტოვებს სკოლის შენობას ეს ორი მოსწავლე თანაკლასელებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად, მშვიდად და წყნარად”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით სკოლაში მოსწავლეებზე მონიტორინგი ხორციელდებოდა.

„მიმდინარეობდა მონიტორინგი სკოლაში მოსწავლეების ქცევაზე და რა ნივთებს ატარებდნენ ისინი სკოალში. მომავალშიც გაგრძელდება ეს მონიტორინგი და, რა თქმა უნდა, ეს მონიტორინგი გაძლიერდება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ასეთი ინციდენტი მოსწავლეებთან დაკავშირებით არ გვქონია”, – აღნიშნა ლია გიგაურმა.

მომხდარ ფაქტს ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშიც.

„დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არც მანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ჰქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ასეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდა გვქონდეს“, – ნათქვამია მარიამ ჯაშის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სკოლის მაღალკლასელ მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაჭრილი ერთ–ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დაჭრილ მოსწავლეს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამდრომდე მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური