GE

„ვიღაცას კომპიუტერი არ აქვს, ვიღაცას ლეპტოპი, იგივე პრობლემების წინაშეა მსოფლიო სტუდენტობა, არამარტო საქართველო“

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მახარაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ქართული უნივერსიტეტების გამოცდილება უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ გამოწვევები განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში იდენტურია.

„როდესაც პანდემია დაიწყო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანგებო მდგომარეობაში გადაეწყვნენ ონლაინ სწავლებაზე, ეს ვერ იქნებოდა დაგეგმილი, შესაბმისად ჩვენ და სამინისტრომ დავიწყეთ უკუკავშირების მიღება მათგან. ვინ როგორ მოახერხა გადაწყობა, შეფასების რა მექანიზმს იყენებდა სტუდენტთან, რა პლატფორმას აძლევდა უპირატესობას, მათ შორის ტექნიკურ შესაძლებლობებს. ინფორმაცია რაც მოვაგროვეთ, ჩვენს საერთაშორისო ექსპერტები დავიქირავეთ, მივეცით ჩვენი რეალობა და მათ მოახდინეს გაანალიზება როგორ მიდიოდა ონლაინ და შერეული სასწავლო პროცესი საქართველოში. ეს ასეთ დონეზე ჯერჯერობით მხოლოდ უმაღლესების მიმართულებით გავაკეთეთ. მათ, რასაკვირველია, ვთხოვეთ უცხოური გამოცდილების გაზიარება და შეფასება საქართველომ ეს როგორ მოახერხა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის პრეზენტაცია საერთაშორისო ექსპერტმა დაიწყო ინგლისზე საუბრით. ინგლისი, რომელსაც ონლაინ სწავლების გამოცდილება აქვს ძალინ ბევრი წელია, ზუსტად იგივე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორც საქართველო, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის ფორმატში დაიწყო ამ პრობლემების დაძლევა. ვერც ერთ სეგმენტში ვერ გვითხრეს სად ვიყავით ჩვენ უფრო უკან. აქ ხომ ამბობენ, რომ ვიღაცას კომპიუტერი არ აქვს, ვიღაცას ლეპტოპი, იგივე პრობლემები დაასახელეს თითონაც. აქ უტრირებენ მერე რას აკეთებთო, იგივე პრობლემების წინაშეა მსოფლიო, არამარტო საქართველო“, – ამბობს თამარ მახარაშვილი.

მისივე თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უკვე არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც მათ შესაძლებლობა აქვთ სასწავლო პროცესი დაგეგმონ.

„კოვიდმა რა გამოწვევაც მოიტანა საგანგებო აღმოჩნდა ყველასთვის. ჩვენ ვაანალიზებთ ვისით შევძელით რაც შევძელით, ცალსახად მინდა ვთქვა იმ ადამიანებით, ლექტორებით, მასწავლებლებით, ვინც ემსახურება ამ სისტემას, გულით და სიყვარულით აკეთებენ ამ საქმეს. ამ ადამიანებმა შეძლეს შეუძლებელი, ზოგმა კომპიუტერზე მუშაობაც არ იცოდა ხეირიანად და საოცრებები აკეთეს, რომ ამ ყველაფერს გაყოლოდნენ. საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ უკუკავშირი ახლა რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება ეს სიტუაცია, საგანგებო მდგომარეობაში აღარ გვინდა ყოფნა, დაგეგმილში უნდა გადავიდეთ. კონკრეტული რეკომენდაციების მთელი სახელმძღვანელო დაგვიდეს, რომლებიც შეუძლიათ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ნახონ და იხელმძღვანელონ სასწავლო პროცესში“, -ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური