GE

VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს

16 ივლისს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას მათემატიკაში აბარებენ, VII-XII კლასებში სწავლების უფლების მოსაპოვებლად. როგორც ირკვევა, ამ გამოცდას წელს ბევრი მოქმედი მასწავლებელი აბარებს, რადგან უმრავლესობა ამ საფეხურზე სერტიფიცირებული არ არის (სერტიფიცირებული არიან I-VI კლასებში) და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სექტემბრიდან ეს მათ ხელფასზე აისახება.

გამოცდის წინ, ტესტირებაზე გამსვლელებს, მანანა ხვედელიძე, მათემატიკოსი, სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერი პრაქტიკულ რჩევებს აძლევს და საუბრობს, რისი სწავლებაა მოსწავლისთვის არსებითი მათემატიკასთან ერთად:

“მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო!

ხვალ მათემატიკის 7–12 კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაა.

ვიცი, ბევრს გაწუხებთ კითხვა: „ღია დავალებებში რა მოვა?

ჩემი პასუხია: ყველაფერი, რაც პროგრამაშია.

მე არ ვიცი კონკრეტულად რომელი საკითხები მოვა. მე ვარ მათემატიკოსი, ვაანალიზებ წინა წლების ტესტებს, თემების მონაცვლეობას და ვაკეთებ დასაბუთებულ ვარაუდებს, მაგრამ არც ერთი პროგნოზი არ ცვლის საფუძვლიან ცოდნას.

ამიტომ თქვენგან ყოველთვის ერთ რამეს მოვითხოვდი:

არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ გამოცდის ჩაბარებით.

იბრძოლეთ ცოდნისთვის, პროფესიონალიზმისთვის და საკუთარი საუკეთესო ვერსიისთვის.
დღეს მასწავლებლის როლი მხოლოდ თეორიის გადაცემა აღარ არის. თეორიულ ცოდნას მოსწავლე ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც მიიღებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ აზროვნება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სწორი კითხვის დასმა, ინფორმაციის შეფასება და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება.

და ყველაზე მთავარი:

ჩვენ უნდა აღვზარდოთ თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანები.

ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ ვასწავლით. ამას ვასწავლით ჩვენი ქცევით, დამოკიდებულებით, სამართლიანობითა და სიყვარულით.

როცა მოსწავლეს ვეუბნებით: „შენ შეგიძლია“, ზოგჯერ სწორედ ამ სიტყვებით იწყება მისი ყველაზე დიდი გამარჯვება.

დღეს მეც იმავეს გეუბნებით: თქვენ შეგიძლიათ.

ჩემი პრაქტიკული რჩევა გამოცდისთვის

წელს მეც გავედი ერთ-ერთ გამოცდაზე და ამოხსნა ღია დავალებებით დავიწყე. ამოვხსენი კიდეც, მაგრამ როცა საათს შევხედე, უკვე საათ-ნახევარი იყო გასული და წინ უამრავი ერთქულიანი დავალება მედო.

ცოტა ვინერვიულე და მაშინვე თქვენზე ვიფიქრე. ამიტომ გირჩევთ:

დაიწყეთ დახურულბოლოებიანი დავალებებით. აკონტროლეთ დრო და თანაბრად გადაანაწილეთ. ერთ რთულ ამოცანას ნუ შესწირავთ მთელ გამოცდას.

თქვენ მხოლოდ ცოდნას არ ამტკიცებთ. გამოცდაზე ასევე მოწმდება თქვენი მობილიზება, დროის მართვა, სიმშვიდე და რისკების სწორად შეფასება.

შეიძლება, წინა წლის ტესტიც დაგხვდეთ – არ ინერვიულოთ, ეს თქვენი შეცდომა არ არის. დაკარგული დრო გამოიყენეთ საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გონების მოსაწესრიგებლად.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ:

გამოცდის დაწყებამდე ნუ გაიხსენებთ ყველა პრობლემას, უსამართლობასა და უბედურებას. ყველაფერი ნეგატიური გარეთ დატოვეთ. შედით იუმორით, სიმშვიდითა და მსუბუქი გულით.
ზოგჯერ აბიტურიენტები სწორედ იმიტომ გვჯობნიან, რომ უფრო ლაღად შედიან გამოცდაზე და საბოლოოდ იმაზე მეტ ცოდნას აჩვენებენ, ვიდრე თავად ეგონათ. თქვენც ასე მოიქეცით:

-შედით მშვიდად.
-იმუშავეთ გონივრულად.
-არ აჩქარდეთ.
-არ შეშინდეთ.
-ენდეთ საკუთარ ცოდნას.

თქვენ უკვე ბევრი იშრომეთ, ახლა თქვენი დროა, მე მჯერა თქვენი. თქვენც აუცილებლად უნდა დაიჯეროთ საკუთარი თავის. წარმატებებს, მაღალ ქულებსა და ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ!”

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური