ვინ არიან 2017 წლის ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები
ქიმია-ბიოქიმიის სპეციალისტი გახდება 2017 წლის ეროვნული გამოცდების ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტებს შორის ორი აბიტურიენტი, რომლებმაც სრული სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვეს და შიდა საუნივერსიტეტოც.
ამბობენ, რომ მოინდომეს და დაუფასდათ და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი სახით საქართველოს, რამდენიმე წლის შემდეგ, წარმატებული მეცნიერები შეემატება.
EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ისინი მომავალ აბიტურიენტებს რჩევებს აძლევენ და აღნიშნავენ, რომ ეს წელი მათ ცხოვრებაში ერთდროულად რთულიც იყო და სასიამოვნოც.
ერთ-ერთი მათგანი ფოთის მე–15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნათია ინაძეა. მან ჯერ წინასწარი პირობითი ჩარიცხვით, შემდგომ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს (SDSU_Georgia) ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის შიდა გრანტითა და 100%–იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებს.
ეროვნულ გამოცდებზე მის მიერ მოპოვებული ქულები შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერატურა– 79/80, ზოგადი უნარები – 77/80, ინგლისური ენა – 90/90, ბიოლოგია – 67/70.
ამბობს, რომ ეს უნივერსიტეტი საუკეთესოდ მიაჩნია, რადგან საქართველოდან გაუსვლელად ამერიკულ ცოდნასა და დიპლომს იღებს. რაც შეეხება ფაკულტეტს, ნათიას თქმით, მისი ოჯახისა და მეგობრების მსგავსად, თავად მისთვისაც ცოტა უცნაური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან საბუნებისმეტყველო საგნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ 2 წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, ეს დრო აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ინტერესი გაღვივებულიყო და ნათიას მომავალი პროფესიაც განესაზღვრა.
„რეპეტიტორებთან ვემზადებოდი, თუმცა ამ პრაქტიკის დიდი მომხრე არ გახლავართ. ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბიოლოგიის მოსამზადებლად რეპეტიტორებს მივმართე, ვერბალური ნაწილი სახლში, დედასთან ერთად მოვამზადე, ინგლისურ ენაში კი მხოლოდ საკუთარ თავს მივენდე და, საბედნიეროდ, იმედი არ გამცრუებია. ამისთვის მადლობა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგს – წლების განმავლობაში სისტემატური შრომის გარეშე მხოლოდ ერთი წლის მონდომება უმაღლესი შედეგების მისაღწევად საკმარისი ნამდვილად არ არის.
„სიმართლე გითხრათ, ამ შედეგების დადება არ გამჭირვებია, ვინაიდან პირველი კლასიდან შრომისმოყვარეობით გამოვირჩეოდი და ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა. გამონაკლისი არც აბიტურიენტობის პერიოდი გახლდათ – დაღლილობის, დღეში რამდენიმე საათი გადაბმულად მეცადინეობის, სტრესისა და დაძაბულობის მიუხედავად, ალბათ, ერთ–ერთი საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ მასწავლა და გამომაცდევინა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თუკი საკუთარ თავს ყოველთვის იმაზე მეტს მოსთხოვ, ვიდრე ფიქრობ, რომ შეგიძლია, შემდეგ კი ეცდები, იმ მიზანს მიაღწიო, აუცილებლად ასეც მოხდება,“ – ამბობს ნათია.
გარდა ამისა, იგი დაკავებულია ხატვით, ცეკვითა და ჩანახატების წერით, ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური სფეროთი დაინტერესება სულაც არ უშლის ხელს, თავისუფალ დროს ხელოვნებითა თუ ლიტერატურით ისიამოვნოს.
ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმართავს ცხოვრებას ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, თუმცა მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. შესაძლოა სწავლა უცხოეთშიც განაგრძოს.
მათ კი, ვინც აბიტურიენტი წელს გახდა, ნათია ურჩევს ეს წელი მათთვის სტრესულ და დამღლელ პერიოდად არ აქციონ.
„შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ამგვარი განწყობა ხელს შეგიშლით. ეცადეთ, აკეთოთ ყველაფერი პასუხისმგებლობის მაქსიმალური გრძობითა და სიამოვნებით. მაშინ წლის ბოლოს იტყვით იმას, რასაც ასე თამამად ვამბობ ახლა – აბიტურიენტობა ყოველმხრივ საუკეთესოდ დამამახსოვრდა,“ – დასძენს იგი.
ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტი არჩია ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა სერგი ბეთხოშვილმა. მან რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და მაღალი ქულებით 100%-იანი დაფინანსებაც მოიპოვა (უნარები -77, ქართული- 77, ინგლისური -90, ქიმია- 75).
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტომ ჩავაბარე, რომ საქართველოს ფილიალი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებზეა კონცენტრირებული, პროფესიული მიმართულების შესწავლა როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად მიმდინარეობს ამ სფეროს თითქმის ყველა ასპექტში.
„ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტი, პირველ რიგში, იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მაინტერესებს მეცნიერება, განსაკუთრებით ქიმია, ამასთანავე, დღესდღეობით ორგანული ქიმია და ბიოქიმია სწრაფად ვითარდება და მრავალ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს შევისწავლოთ ბუნება და ადამიანი ფუნდამენტურ დონეზე, შევქმნათ ახალი და გამოსადეგი ნივთიერებები, განვკურნოთ დაავადებები, დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და გამოვიყენოთ რესურსები ეფექტიანად,“ – ამბობს სერგი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარდა კი გატაცებულია ფსიქოლოგიით, თუმცა სხვა ინტერესებს პროფესიულ არჩევანზე გავლენა არ მოუხდენია.
ამბობს, რომ მიუხედავად მონდომებისა, რეპეტიტორებთან მომზადება მაინც მოუწია. მისი აზრით, განათლების სისტემა ახალგაზრდებს არ აძლევს საშუალებას, რომ ზოგადი უნარების გამოცდისთვის სკოლაში მოემზადონ. რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, სერგის თქმით, სასწავლო პროგრამა და ეროვნული გამოცდებზე მოთხოვნა ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სკოლიდან მიღებული ცოდნა ხშირად არაა საკმარისი ეროვნული გამოცდებისთვის.
„ეს ქულები, რა თქმა უნდა, შრომის შედეგია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. დღეში საშუალოდ 2 საათს ვმეცადინეობდი და ქიმიის ოლიმპიადისთვის მომზადებას ვუთმობდი დროს. ვფიქრობ, ეს ქულებიც გამოცდილებისა და შესაბამისი მობილიზების დამსახურებაა,“ – ამბობს სერგი.
მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას ისიც აპირებს. მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს, რომ მაქსიმალურად აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ.
„წლევანდელ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ სასწავლო ოლიმპიადებში მიიღონ მონაწილეობა. ოლიმპიადები გამოცდილების შეძენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თანაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პროცესი გარკვეულწილად ჰგავს ეროვნული გამოცდების პროცესს. ცხადია, სასწავლო ოლიმპიადები ცოდნის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს ამა თუ იმ საგანში. ასე რომ, აბიტურიენტს, რომელსაც ოლიმპიადებზე მონაწილეობის გამოცდილება ექნება, ეროვნული გამოცდები გაუმარტივდება,“ – ამბობს სერგი.
გაიცანით 2017 წლის აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით ჩააბარა
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება