GE

ვინ ჩაატარებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს და რა როლი ექნება ამ პროცესში მასწავლებლის სახლს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაციას და გარე მიმწოდებლებსაც აძლევს საშუალებას, პედაგოგთა გადამზადების პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად ჩაატარებს სასწავლო დაწესებულებები და ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, საგნობრივი ასოციაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ყველა ის მიმწოდებელი, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნია. თუმცა ცენტრი კვლავ რჩება პედაგოგებისთვის სერვისის მთავარ მიმწოდებლად.

დეცენტრალიზაციის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გამოაცხადა არაერთი საგრანტო კონკურსი. ამ ეტაპზე ცენტრი აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, სამი თემატური მიმართულებით. რომელია ეს მიმართულებები, რამდენია საგრანტო თანხა, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება და ზოგადად, რამდენად სასარგებლოა დეცენტრალიზაციის პროცესი განათლების სისტემისთვის, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესაუბრა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია რას გულისხმობს და  ეფექტიანობის თვალსაზრისით როგორი შედეგი ექნება?

–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უკვე წლებია, რაც ახორციელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს. ამ ხნის მანძილზე,  დიდი შრომა იქნა გაწეული ამ პროგრამების შექმნისა და ორგანიზებისათვის. ცენტრი ჩამოყალიბდა ძლიერ ინსტიტუტად, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ხარისხის ექსპერტული და პროფესიონალური რესურსი. ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები ყოველთვის გამოირჩევა საჭიროებებზე ორიენტირებულობით, ინოვაციურობით და მაღალ ხარისხზე სწორებით. თუმცა, სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს ხარისხზე ორიენტირებული სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას და გაფართოებას.

პარალელურად გვხვდება ბევრი მაღალკვალიფიციური მიმწოდებლის შესაბამისი პროექტი და მომსახურება, რომელიც ამ სივრციდან განყენებულად არსებობს და პედაგოგებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. აგრეთვე არ არის მოთხოვნადიც, რადგან ეს პროდუქტები სისტემატიზებულ სივრცეში არ მოიაზრება. მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია გულისხმობს ამ დისბალანსის გამოსწორებას და კვალიფიციური დამატებითი სუბიექტების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაში ჩართვას. ეს მოხდება ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. კონკურენციის გაჩენა ხელს შეუწყობს პროდუქტის და მიწოდების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანიც.

დეცენტრალიზაციის დროს, თქვენს ცენტრში არსებულ სერვისებს გარე მიმწოდებლები მიიტანენ პედაგოგებამდე.  ვის ექნება ამის უფლება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ თქვენ მაგივრად გაუწიოს მომსახურება პედაგოგებს?

–მინდა განვმარტო, რომ ცენტრი კვლავაც დარჩება მასწავლებლებისთვის სერვისების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად. იგი განახორციელებს აუცილებელ მიზნობრივ პროგრამებს, რომლებსაც არ ან ვერ დაფარავს გარე მიმწოდებელი. მაგრამ, ამასთან, ცენტრი კონკურენციას არ გაუწევს  სხვა მიმწოდებლებს. ამავე დროს, ცენტრი იქნება გარე მიწოდების ხარისხის მაკონტროლებელიც. წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, ცენტრი წელიწადში რამდენიმეჯერ გამოაცხადებს საგრანტო კონკურს. შემოტანილი წინადადებებიდან შეირჩევა საუკეთესოები და შერჩეულ ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი პროგრამების განსახორციელებლად. ცენტრი გაუწევს მონიტორინგს პროგრამების მიმდინარეობას და ჩაიბარებს საბოლოო შედეგებს. გარდა ამისა, დამოუკიდებელ მიმწოდებლებს ექნებათ საშუალება პროგრამების აკრედიტირებისა და ამ გზით დაფინანსების, კრედიტების გაცემის უფლების, ან ორივეს ერთად მოპოვებისა. ამ პროცესში შეიძლება ჩაერთოს სასწავლო დაწესებულებები და ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, საგნობრივი ასოციაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ყველა ის მიმწოდებელი, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნია.

–დეცენტრალიზაციის სიკეთე ყველაზე მეტად ვისთვის იქნება სასარგებლო?

–ჩვენი, მართალია, არაპირდაპირი, მაგრამ მთავარი სამიზნე არის მოსწავლე და მისი სასწავლო შედეგების გაუმჯობესება. პედაგოგების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი გზაა ამ მიზნის მისაღწევად. პედაგოგს უნდა ჰქონდეს აუცილებელი ხელშეწყობა პროფესიული განვითარებისათვის. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, შეთავაზებული საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების კურსებიდან შეარჩიოს ოპტიმალური და მის საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული.

–როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობენ საქართველოში კვალიფიციური გარე მიმწოდებლები, რომლებიც რეგიონებში, ადგილებზე, თქვენი ცენტრის ნაცვლად გაუწევენ მომსახურებას პედაგოგებს? ვინ იქნება თქვენი დასაყრდენი ასეთ დროს?

–კვალიფიციური მიმწოდებლები ბაზარზე უკვე არსებობენ. შეიძლება სასურველი რაოდენობით არა, მაგრამ თვითონ დეცენტრალიზაციის პროცესი იქნება მათი მომძლავრებისა და გამრავალფეროვნების მასტიმულირებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ თვითონ პედაგოგების მიერ ჩამოყალიბებული ასოციაციები და გართიანებები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში.

–ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, სამი თემატური მიმართულებით. რომელია ეს მიმართულებები და  მოიცავს თუ არა მთელი საქართველოს სკოლებს? (ანუ ექნება თუ არა ყველა სკოლას საშუალება ჩაერთოს ამ პროცესში და როგორია საგრანტო პირობები ამ მიმართულებით?)

–თემატური მიმართულებები შერჩეულია ამ ეტაპისათვის არსებული პრიორიტეტების მიხედვით და მთლიანად პასუხობს იმ ახალ ინიციატივებს, რომელიც განათლების სამინისტრომ გააჟღერა. ასევე გათვალისწინებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის პრიორიტეტებიც. თემატური მიმართულებებია: სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის და სკოლის ინსტიტუციურ განვითარებას; სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა; სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.

გამოცხადებული კონკურსი გათვლილია საქართველოში მოქმედი სკოლებისათვის და პრიორიტეტთა ნუსხაში გათვალისწინებულია მაქსიმალურად ფართო გეოგრაფიული დაფარვა, ინოვაციურობა, შემოქმედებითი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ბენეფიციარების მაქსიმალური რაოდენობა და სხვა.

–რამდენია გრანტის მთლიანი მოცულობა, როგორ ნაწილდება ის სამივე მიმართულებაზე და რა ფინანსდება, ან არ ფინანსდება გრანტის ფარგლებში?

–მოცემულ საგრანტო სამივე მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, რომელიც გადანაწილებულია თითოეული მიმართულების მიხედვით. სკოლის საერთო კულტურის გაძლიერებაზე გამოყოფილია 165 000 ლარი. სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობაზე განსაზღვრულია 60 000 ლარი. ხოლო სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობის საერთო ბიუჯეტია 75 000 ლარი.

გრანტის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი აქტივობები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება პროექტის მიზნებსა და ამოცანებს და იქნება მაქსიმალურად ხარჯთეფექტური. ბუნებრივია, არ დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომელთა მიზნები და შინაარსი არ იქნება გამოცხადებულ პრიორიტეტებთან ბმაში.

–საგრანტო პროექტის შერჩევისას პრიორიტეტი ვის მიენიჭება?

–პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ პროექტებს, რომლებიც დასაბუთებულად წარმოაჩენენ დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის ეფექტიან, ინოვაციურ, ხარისხიან გზებს და ამისთვის გამოიყენებენ თანამედროვე მიდგომებსა და საშუალებებს. აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა მაქსიმალური გეოგრაფიული დაფარვა, ბენეფიციარების მაქსიმალური რაოდენობის ჩართულობა და რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორობა პროექტის ფარგლებში.

რა სიახლეების ინიცირებას და დანერგვას გეგმავს მასწავლებლის სახლი 2017 წელს – ინტერვიუ გიორგი მაჩაბელთან

რა პრინციპით შეირჩევიან სკოლები და ორგანიზაციები, რომელთაც პედაგოგებისთვის ტრენინგების შეთავაზება შეეძლებათ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური