GE

ვინ შეძლებს უგამოცდოდ სერტიფიცირებას და როგორ მოხდება ექთნებისა და მეანი ექთნების კლასიფიკაცია – დეტალები მთავრობის ახალ საკანონმდებლო პაკეტზე

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის დამტკიცების შემდეგ საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება, პარლამენტს უკვე წარუდგინა.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილებები ჯამში 4 კანონში განხორციელდება და მათ შორის არის “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. მასში შესატანი ცვლილების ძირითადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს ემატება საექთნო და მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამები. ხოლო კანონპროექტის მიღებით გაიზრდება საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მიზნად ისახავს ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნას.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან ვიგებთ, საპროგნოზოდ ყოველწლიურად 1500 ექთანი და მეანი-ექთანი გაივლის სარეგისტრაციო და სასერთიფიკაციო გამოცდებს.

რაც შეეხება შესაბამის გამოცდას და მასზე გასვლისთვის აპლიკანტის გადასახადს, პროექტის ავტორები განმარტავენ, ეს დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა, სარეგისტრაციო საფასურის ოდენობა განისაზღვროს 60 ლარით (ამჟამად, ექიმების სასერთიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურია არის 120 ლარი). გარდა ამისა, შესაძლოა, ექთნებსა და მეან-ექთნებზე სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადის თანხის ანაზღაურება მოხდეს სახელმწიფოს მიერ.

“კანონპროექტის საბოლოო მიზანია ექთნისა და მეან – ექთნის როლისა და სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა, მათი განათლებისა და წოდების პროპორციულად, რისთვისაც ექთნის, მეან – ექთნის პროფესია ხდება რეგულირებადი პროფესია – შესაბამისი განათლების დონის მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი დაექვემდებარება სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. მოცემულ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული, აღნიშნულ გამოცდებზე გასვლა, დაინტერესებული პირისათვის, დაკავშირებული იქნება თუ არა შესაბამისი საფასურის გადახდასთან. გარდა ამისა, კანონპროექტით მოწესრიგებულია ექთნისა და მეანი-ექთნის მოკლე ციკლის პროგრამის გავლის საკითხები. აღნიშნული, დაინტერესებული პირებისათვის შესაძლოა, დაუკავშირდეს შესაბამისი საფასურის გადახდას, რა დროსაც, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა მოუწევს უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას და დამოკიდებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკაზე, შესაბამისად, კონკრეტული ფინანსური გავლენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, დამოკიდებული იქნება შესაბამისი პროგრამების მოცულობაზე და საფასურებზე”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება პირობები დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის.
  • მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინიდამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).
  • ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის გათვალისწინებულია დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება.
  • კანონს ემატება ახალი-„V1 თავი. ექთნის და მეანი-ექთნის განათლება და საქმიანობა“, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ექთნის და მეანი-ექთნის უფლებების, მოვალეობების, ეთიკური ღირებულებების და მათი პრაქტიკის შინაარსის და მოცულობის განსაზღვრას.
  • კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები, მათ შორის პროფესიული განათლების კრედიტების აღიარება
    მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა და ბაკალავრთან
    ასოცირებული ხარისხის მიღების მიზნებისთვის.
  • ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.
  • იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1 სექტემბრამდე სერტიფიცირება განხორციელდება უგამოცდოდ. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ მოხდება 2030 წლის 1 იანვრამდე.
  • დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით. საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.
  • ამასთანვე, კანონპროექტით დარეგულირდება უცხოეთში მიღებული ექთნის და მეანი-ექთნის განათლების და საქმიანობის უფლების საქართველოში აღიარების წესი.
  • კანონპროექტის შესაბამისად, ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.
  • ამავე კანონპროექტით განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის სახეები.
  • ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმფხვრის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულ იქნა დაშვება, 2020 წლის 1 იანვრამდე მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც ამავდროულად აქვთ 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟი, მიეცეთ უფლება მოიპოვონ ექთნის წოდება.
  • კანონპროეტით ხდება ტერმინოლოგიური დაზუსტებები.

ცვლილება შევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რის შემდეგაც საექთნო საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით და ასევე, მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური