GE

ვინ შევა განათლების რეფორმის მოსამზადებელი საბჭოს შემადგენლობაში – მინისტრის პასუხი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხიელ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმირების პაკეტი შემოდგომის დასაწყისისთვის იქნება მზად და ის განათლების ხუთივე საფეხურს შეეხება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბატიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად  განაცხადა, რეფორმების პაკეტის შემუშავებისას ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე.

„ვემზადებით ძალიან მალე, შემოდგომის დასაწყისისთვის იმ რეფორმების პაკეტისთვის, რომელსაც გამოვიტანთ. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს განათლების რეფორმირება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რაც მთავარია, რეფორმის პრეზენტაციამდე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან  ვინც ჩართულია ან აინტერესებს განათლების სფერო. ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის რომ  შემოდგომაზე გვქონდეს მომზადებული სისტემური რეფორმები, რომელიც იქნება ძალიან მნიშნელოვანიდა ძირეული და ვფიქრობთ რომ იქნება რადიკალური  ნაბიჯები გადადგმული სისტემის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მომავალი კვირების განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტში, მათ შორის განათლების კომიტეტში.

„მთელი აგვისტო და სექტემბრის დასაწყისი  ჩართული ვართ ამ პროცესში. ეს რეფორმა იქნება შეჯერებული, ყველა მხარეს მოვუსმენთ ყველა მხარე იქნება ჩართული. ყველა მიმართულებას მოიცავს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა, გრიფირების პროცესთან დაკავშირებით და განმარტა, რომ გამომცემლებს პირადად შეხვდება, რათა პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.

„პირადად მე მექნება შეხვედრები გამომცემლებთან. თვის ბოლოს სექტემებრის დასაწყისში გვექნება დასკვნა, სადაც ვიმსჯელებთ იმ ხარვეზებზე რომელიც უნდა ვაღიაროთ რომ არსებობს. სექტემბერში კი ჩვენი მოსწავლეები 1-დან – 6 კლასის ჩათვლით მიიღებენ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური