GE

ვინ უნდა ასწავლოს გავიგეთ და რით ვასწავლოთ?!

ავტორი: მზეო შველიძე, სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია ,,AIA-GESS’’; სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი.

სკოლას, როგორც ინსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ ქმნის გარემოს სწავლა-სწავლებისთვის, არამედ ხელს უწყობს ინდივიდის ფორმირებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისია აქვს. ამ მისიის შესრულება კი წარმოუდგენელია იმ ელემენტთა გვერდის ავლით, რომელზეც დგას ჯანსაღი სისტემის მდგრადობა და სტაბილურობა. მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია, მზარეული, დამლაგებელი და ყველა ის ვინც ამ გუნდის წევრია ერთად ქმნის, და თუ არ ქმნის უნდა ქმნიდეს, მოსწავლის განვითარებისთვის უმთავრესს წინაპირობებს. როცა ამ ერთი მთლიანობის სულ უმნიშვნელო ნაწილის კი განიცდის დეფორმაციას, საფრთხის ქვეშ დგას მთელი ინსტიტუცია და თავად ელემენტი.

სამწუხაროდ, დღევანდელი სკოლაც ასეთ დეფორმირებულ ინსტიტუტად გვევლინება, სადაც საღი, მაშასადამე, დასავლური, ჰუმანური აზრი იშვიათი ფუფუნებაა და გვერდს ვერ ვუვლით ფობიებზე დაფუძნებულ დამოკიდებულებებს. ეს ის დამოკიდებულებებია, რომლებიც შესაძლოა მემკვიდრეობით გადავცეთ და ერთ თაობას კი არა, კიდევ ათასს ეყოს. სრული სტაგნაციისთვის. და სად ჩანს ეს ყველაზე მკვეთრად, სად ვხედავთ ნიშნებს იმის, რომ ნამდვილად საფრთხეში ვართ და საფრთხეშია ყველაზე სათუთი, ჩვენი მომავალი- ბავშვები, რომლებიც როგორც ყველა ჩვენთაგანი დაიბადნენ თავისუფლებისთვის და არ იმსახურებენ ამგვარ ფობიურ მემკვიდრეობას. სად ჩანს და წიგნებში, იმ სასკოლო სახელმძღვანელოებში, სადაც თეორიის გარდა უფრო მნიშვნელოვანს ასწავლიან. თუმცა „მნიშვნელოვანი“ საკმაოდ პირობითი ცნებაა.

მიმაჩნია, რომ არჩევანი, რომელსაც მასწავლებელი აკეთებს არ უნდა იყოს ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ამიტომ, ვფიქრობ, თავად უნდა ვწყვეტდეთ რა ვასწავლოთ, როგორ და რა რესურსებით. ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ სულაც არ მგონია სუბიექტური, რადგან საკმაოდ ბევრი ობიექტური მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ეს წიგნი უბრალოდ თაროზე შემოვდო, თან ისეთ თაროზე ზედ რომ ეწერება: “წიგნები, რომელსაც არასდროს შევეხები“. მოკლედ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. პირველ რიგში ესაა ეთნოცენტრისტული ქვეტექსტი, რომელსაც ვხედავ პირველივე ფურცლიდან. მაგალითად: თუ კი იმ საგნის მიზანი, რომელსაც მე ვასწავლი (სამოქალაქო განათლება), ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, დემოკრატი, აქტიური მოქალაქის აღზრდაა, რატომ შეიძლება დაიწყოს წიგნი სახელმწიფო ჰიმნის ტექსტით, ვიღაც შესაძლოა ჩემსავით კოსმოპოლიტია და სულაც არ მოსწონს, როცა მხოლოდ ერთს იღებს თანაც უპირობოდ, მაშინ, როცა მოზიარეა სხვა ქვეყნის კულტურების ტრადიციებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის. თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემური შეიძლება იყოს, უფრო პრინციპის საკითხია (ჩემ შემთხვევაში) იმასთან შედარებით როგორ სტერეოტიპულადაა ახსნილი სხვადასხვა საკითხები და ამასთან, როგორ სტანდარტულად იმზირებიან ილუსტრაციაზე გამოსახული ადამინები.

ერთადერთი კითხვა ჩნდება თავში. ნუთუ ასეთი ერთფეროვანია ჩვენი ქვეყანა? მაშინ მე რატომ ვიცნობ სხვა ფერის, სოციალური სტატუსის, კონტრკულტურის თუ სუბკულტურის წარმომადგენლებს? თუ არ არსებობენ და ჩემი ფანტაზიაა? – რა თქმა უნდა, არსებობენ ოღონდ ამ წიგნში არა – ჩვენს ცხოვრებაში და რატომ უნდა ვასწავლო იმ წიგნით, რომელიც არ ცნობს, არ აჩვენებს მათ. რა თქმა უნდა, არ უნდა ვასწავლო და კიდე კარგი, რომ მაქვს ამის უფლება.J

რაც შეეხება იმ პრობლემებს, თუმცა პრობლემა ზედმეტად მსუბუქად ჟღერს, რომლებიც მე აღმოვაჩინე და რასაკვირველია სხვებიც აღმოაჩენდნენ ქვემოთ, ჩემი საგნის სახელმძღვანელოს კრიტიკით, ფაქტების სახით აღვრიშნე..

სახელმძღვანელო: სამოქალაქოგანათლება, მე-10 კლასი

ავტორებითამარ ბრეგვაძეივანე პეტრიაშვილინინო ტალახაძეთამარ ქალდანი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013

ნაციონალური მოტივები, გენდერული ასპექტები და უმცირესობები სახელმძღვანელოში:

მხოლოდ ფაქტები!

1. სახელმძღვანელოს პირველი გვერდი დათმობილი აქვს სახელმწიფო ჰიმნს.

2. ილუსტრაციათა უმრავლესობა ქართულია.

3. თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ საქართველოს გამოცდილებაზე და არ ვხვდებით სხვა ქვეყნების ქეისებს.

4. უმრავლეს შემთხვევებში ქალები მხოლოდ საერთო ილუსტრაციებზე არიან წარმოდგენილი. მამაკაცები კი განცალკევებით.

5. “ეს საინტერესოას’’ ბლოკში წარმოდგენილი (3) ცნობილი ადამიანებიდანყველა მამაკაცია.

6. შერეულ ილუსტრაციებში ასახულია ქალთა ჩართულობა დისკუსის პროცესში, თუმცა ილუსტრაციებზე, სადაც ორი მხარე თანხმდება „ხელის ჩამორთმევა“ წარმოდგენილი არიან მხოლოდ მამაკაცები.

7. მოცემული ილუსტრაციეიბიდან მხოლოდ 2-ში ვხედავთ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. (პიროვნული განვითარების თავი, გვ 7).

8. სახელმძღვანელოში არაფერია ნათქვამი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური, რელიგიური თუ სექსულური უმცირესობების შესახებ.

9. წიგნის არცერთი თავის ილუსტრაციაში არ ვხვდებით კონტრკულტურისა თუ სუბკულტურის წარმომადგენლებს.

ილუსტრაციებში ასახული ადამიანები არაბუნებრივად სტანდარტულად გამოიყურებიან.

დასკვნა

სამოქალაქო განათლების მე-10 კლასის სახელმძღვანელოს ანალიზით ცხადი ხდება, რომ კვლავაც ვაძლევთ ლეგიტომაციას ეთნოცენტრულ დამოკიდებულებებს და არ წარმოვაჩენთ ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების მთავარ ფიგურანტებს, რითაც არ ვუწყობთ ხელს მოსწავლეთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას და არ ვზრუნავთ ინტერკულტურული მგრძნობელობისა და ტოლერანტული დამოკიდებულებების არსებობაზე. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოებისა და ზოგადად სახელმწიფოს განვითარებაზეც, რადგან სტერეოტიპული დამოკიდებულებითა და იმ ადამიანური მრავალფეროვნების გადამალვით, რომელიც გვაქვს ვქმინით სექსისტურ, ჰომოფობურ, რასისტულ, არატოლერანტულ და ზოგადად არტიჰუმანურ რეალობას, რომელიც ვერ და არც იქნება თანასწორობასა და ინდივიდის ღირსებაზე ორიენტირებული…

ჩემი რეკომენდაცია მასწავლებლებს: თუ თვლით, რომ სახელმძღვანელო სტერეოტიპულია თავს არაკომფორტულად და უფრო მეტიც, დამნაშავედ გრძნობთ. ფიქრობთ, რომ რომ პარალელურ სამყაროში ასწავლით და რეალობა სულ სხვაა ნუ გამოიყენებთ ამ წიგნს, რადგან პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია.

რეკომენდაცია ავტორებს: ალბათ, იცით, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ წიგნზე მუშაობა, ერთი კუთხიდან არ უყურებენ მოვლენებს და იციან, როგორი მრავალფეროვანია სამყარო მგონი. დროა მათაც მისცეთ შანსი.

რეკომენდაცია გრიფირების კომისიას: როგორც ჩემთვის ცნობილია გრიფირების წესში აქცენტი კეთდება ინტერკულტურულ ასპექტებზეც, თუმცა ამ ასპექტების გაუთვალისწინებლად ხდება სახელმძღვანელოსთვის გრიფირების მინიჭება. ასეთი გადაწყვეტილებებით ზიანს ვაყენებთ არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც, ამიტომ ჯობს ასახოთ ის ასპექტები რომელთა გარეშეც პროგრესსა და დასავლურობაზე საუბარი არ გამოვა და თუ ეს კომპონენტი დაირღვა, უმჯობესია გადაიხედოს სახელმძღვანელოს გრიფირების საკითხი;

რეკომენდაცია მომავალი სახელმძღვანელოს ავტორებისთვის: კარგი იქნება თუ ერთსახოვნად არ შეხედავთ იმას, რაც სამყაროში ხდება. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არ უყვართ, როცა ატყუებენ და საეროდ არც არავის უყვარს. ამიტომ, აჩვენეთ არასექსისტურად, არაჰომოფობიურად, არარასისტულად, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება. (მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური