„ვინც ამართლებთ რეფორმას ლოგიკით: „უმაღლესში არა, კოლეჯში წავიდეს, ან საერთოდ ნუ წავა ნურსად“, 10-დან რამდენ აბიტურიენტს პასუხობთ მასე?“
ავტორი: მეა ჩერქეზიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსისტიკის პროგრამის კურსდამთავრებული
მასწავლებლებო, ვინც ამართლებთ რეფორმას იმ ლოგიკით, რომ „უმაღლესში ყველა არ უნდა წავიდნენ – კოლეჯში ჩააბარონ“, ან საერთოდ „არ წავიდეს არსად“ – დაფიქრებულხართ, 10 აბიტურიენტიდან რამდენს ეუბნებით ასე?
მე გეკითხებით: სახლის აშენება რომ მოგინდეთ, რომელ არქიტექტორს მიანიჭებთ უპირატესობას – მას, რომელმაც მხოლოდ კოლეჯის კურსები გაიარა, თუ მას, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო?
ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ენდობით თავად თქვენ კოლეჯდამთავრებულს?
თუ შეიძლება, დამისახელეთ კოლეჯები, სადაც ასწავლიან იმ მიმართულებებს, რასაც უნივერსიტეტები სთავაზობენ. მაგალითად:
რომელი კოლეჯი ასწავლის ლიტერატურათმცოდნეობას, როცა უნივერსიტეტებში ამ მიმართულებაზე ადგილები საერთოდ აღარ არის გამოცხადებული?
ანუ, აღარ გვჭირდება ლიტერატორები და მთარგმნელები?
რომელი კოლეჯი ასწავლის არქიტექტურას – მაშინ, როცა ზოგ უნივერსიტეტში ადგილები გაუქმდა და მხოლოდ 2 უნივერსიტეტში დარჩა, ისიც შემცირებული რაოდენობით?
რომელი კოლეჯი ამზადებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს?
რომელი – ენათმეცნიერებს?
რომელი – ფილოლოგებს? და ა.შ
მე არ ვამბობ, რომ ყველამ აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს. მაგალითად, დიზაინის მიმართულებით კოლეჯიც და კურსებიც შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს.
მაგრამ ვერ ხედავთ დისკრიმინაციას იმაში, რომ უმაღლესში ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე მიღება ან საერთოდ აღარ არის გამოცხადებული, ან 2–3-ჯერ არის შემცირებული?
ანუ, როცა ერთ უნივერსიტეტში 60 ადგილი იყო და ახლა 20 დარჩა – ნიშნავს, რომ 60 ადამიანის მაგივრად მხოლოდ 20-ს აქვს ამ პროფესიის სწავლების შესაძლებლობა. დანარჩენებს – სად უშვებთ?
ან რატომ არ უნდა ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა?
ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ მომავალში პროფესიონალების რაოდენობაც შემცირდება – 20 ადამიანიდან შესაძლოა მხოლოდ 1–2 გახდეს მაღალი დონის სპეციალისტი, მაშინ როცა 60-დან ეს რიცხვი ბევრად მეტი იქნებოდა.
ანუ, რა გამოდის – მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილები შემცირდა, საერთოდ არ უნდა მივცეთ აბიტურიენტებს შესაძლებლობა, ეს მიმართულებები ხარისხიანად შეისწავლონ?
რეალობაში უკვე დღეს ხდება ეს: აბიტურიენტებს აღარ ჰყოფნით ადგილები სასურველ მიმართულებებზე. მათ უწევთ ან დიდი ფინანსური ხარჯის გაღება, რომ კერძო უნივერსიტეტში მაინც მიიღონ განათლება, ან კოლეჯში წასვლა ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ხშირად არც შინაარსით და არც ხარისხით არ შეესაბამება უნივერსიტეტურ სწავლებას (სილაბუსების მიხედვითაც კი). აღარ დავსვამ იმ კითხვას, ვის მოაფიქრდა საუნივერსიტეტო სისტემის შერევა პროფესიული სწავლების სისტემასთან…
და ამ ყველაფერში დისკრიმინაციას ვერ ხედავთ?
ვერ ხედავთ, რომ ამით იზღუდება როგორც არჩევანის თავისუფლება, ისე განვითარების პერსპექტივა?
ვიღაც ამბობს: „ყველამ არ უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში“.
კი, მაგრამ ეს რეფორმა საერთოდ არ არეგულირებს ამ საკითხს – პირიქით, ქმნის უსამართლო გარემოს.
ამ პირობებში დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც მოქმედი სტუდენტები, ისე აბიტურიენტები.
ავიღოთ საშუალო სტატისტიკური აბიტურიენტი, რომელსაც საშუალო ან საშუალოზე მაღალი ქულები აქვს.
თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში 60 ადგილიდან მხოლოდ 20 დარჩა (ზოგან — 10–15), ბუნებრივია, იქ მოხვდებიან მხოლოდ ყველაზე მაღალი ქულების მქონენი.
მაშინ ამ „საშუალო“ აბიტურიენტმა რა უნდა გააკეთოს?
რეალურად, ერთადერთი გზა ხდება კერძო უნივერსიტეტი.
მაგრამ:
გრანტი გაუქმებულია.
შიდა გრანტის მოპოვებაც ხშირად მოითხოვს ძალიან მაღალ – მაგალითად, 2200+ საკონკურსო ქულას, და ისიც სრულად არ ფარავს სწავლის საფასურს.
და ამ ფონზე სთავაზობთ, წავიდეს კოლეჯში იმ მიმართულებით, რომელიც იქ საერთოდ არ ისწავლება?
კიდევ ერთხელ გეკითხებით:
ლიტერატურათმცოდნეობა რომელ კოლეჯში ისწავლება?
ფილოლოგია?
კლინიკური ფსიქოლოგია? და მრავალი სხვა მიმართულება, რომელიც დღეს ან ამოღებულია ან შემცირებულია.
მაჩვენეთ კოლეჯი და კოლეჯში არსებული მომიჯნავე კონკრეტული პროგრამები – ვინ ასწავლის, რა მოდელით, რა ხარისხით.
რეალობა კი ისაა, რომ კოლეჯის დიპლომი ვერ უტოლდება უნივერსიტეტის დიპლომს.
ანუ, საბოლოოდ რას ვიღებთ?
ადამიანს ერთდროულად ერთმევა: არჩევანის უფლება, განათლების ხარისხიანი მიღების შესაძლებლობა, და განვითარების პერსპექტივა. სანაცვლოდ კი სთავაზობთ მოუწესრიგებელ სისტემას.
ასევე იხილეთ:
მოსწავლის დედის სათქმელი: „მასწავლებლებო, გვასწავლეთ, ნუ გეზარებათ!“
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
დაიმალენ თუ დაიმალნენ, გათბენ თუ გათბნენ? – სუბიექტური პირის ნიშნების მართლწერა აბიტურიენტებისთვის და არა მხოლოდ
by გრამატიკული ცნობარი
-
კერძო უნივერსიტეტების დუმილი, რომელიც ყვირის – უმაღლესი განათლების რეფორმა კერძო ბიზნესში ერევა?
by ARIS.GE-განათლება