GE

ვის შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი და როგორია პროცედურები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ. უწყების ცნობით, ეს ცვლილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სურთ მობილობით გადმოსვლა საქართველოს სასწავლებლებში.

საზღვარგარეთიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული სტუენტებისთვის მობილობა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულზე გამოცხადდება. სტუდენტები ზოგად უნარებს სასურველ ენაზე ჩააბარებენ, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი შესთავაზებს.

გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ხოლო გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ.

„უცხოეთში თუ სწავლობს და გადმოდის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად, მან უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, კერძოდ, ზოგადი უნარები. ეს ცვლილება არ ეხებათ მათ, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ჩაბარებული და მერე გააგრძელებს უცხოეთში სწავლას, ის ბრუნდება ჩვეულებრივად.

თუ უცხოეთში აბარებს და იწყებს სწავლას, მაგრამ აქ არ აქვს გავლილი ერთიანი ეროვნული გამოცდები, თუ დაბრუნდება საქართველოში, ჩააბარებს ზოგად უნარებს, დაჯდება იმ კურსზე, რომელ კრედიტებსაც უღიარებენ და გააგრძელებს აქ სწავლას.

აქ მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე გასვლით, ხვდება ან ვერ ხვდება ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში. სხვა უნივერსიტეტები კი რიცხავენ გამოცდების ჩაუბარებლად. თუ ჩვენთან ბრუნდება და უცხოეთში ნასწავლი აქვს ერთ, ან ორი წელი, საგნები უკვე ჩათვლილი აქვს იქ, აქ გადმოსვლისას მხოლოდ უნარებს აბარებს და იმ საგნებს უღიარებენ. სხვა შემთხვევაში აქ ვერ გააგრძელებენ სწავლას“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

როგორც უწყებაში დაგვიდასტურეს, ეს ცვლილება იმიტომ განახორციელა განათლების სამინისტრომ, რომ გამოცდების ჩაუბარებლად ირიცხებოდნენ საზღვარგარეთის სასწავლებლებში სტუდენტები, ხშირად არ სწავლობდნენ იქ და აქ გადმოდიოდნენ უპრობლემოდ, აქაურ აბიტურიენტებთან შედარებით კი ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, იყო კორუფციის საშიშროება. გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ გამოდიოდა, რომ ადამიანები უგამოცდოდ ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ახლა ეს ასე აღარ არის. სავალდებულო გახდა, იქ სწავლების და ცხოვრების დადასტურება დოკუმენტურად და როგორც ახალი ცვლილებით გახდა ცნობილი, ასეთ სტუდენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაც მოუწევთ.

იხილეთ მოქმედებს თუ არა აბიტურიენტზე სასწავლებლების „თავგამოდებული პიარი“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური