GE

დამტკიცდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2025 წელს სწავლების ხელშეწყობის პროგრამა

საქართველოს მთავრობის 20 იანვრის დადგენილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2025 წელს სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან უნდა უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

რას გულისხმობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზანი

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა.

პროგრამის ბენეფიციარები

ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, გეგმავენ ყოფნას/იმყოფებიან/სწავლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

პროგრამის დაფინანსება

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს დაფინანსება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 02 07).

აღნიშნული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე მემორანდუმებითა და პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებულ მიმართვაში დაფიქსირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას.

პროგრამის ადმინისტრირება

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პროგრამა ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური