GE

„ვმუშაობთ, რომ საპოლიციო საქმის შემსწავლელი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები არსებობდეს“ – შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო საქმის შემსწავლელი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის შექმნის იდეა გვაქვთ.

ამის შესახებ დღეს, 1-ელ აპრილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა. ალექსანდრე დარახველიძემ წარმოადგინა 2023-2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში.

“ვფიქრობთ და ვმუშაობთ, იდეის დონეზე, რომ არსებობდეს სპეციალური პროგრამები, იქნება ეს საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამები, სადაც ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ საპოლიციო საქმიანობა, მართლწესრიგი და ა.შ. მათთვის არსებობდეს სპეციალური პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოძიებას შსს-ის სისტემაში”, – , – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კიდევ ერთი სიახლე, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, სკოლადამთავრებულთათვის სამინისტროს ბაზაზე საზაფხულო სკოლის არსებობას ეხება.

“ასევე, აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ დავნერგოთ ე.წ. საზაფხულო სკოლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე იარსებებს, რაც ახალგაზრდა, სკოლადამთავრებულ პირებს მისცემს საშუალებას, რომ ჩაერთონ საგაზაფხულო სკოლაში, მიიღონ ინფორმაცია პოლიციის სხვადასხვა დანაყოფების მუშაობის შესახებ, გაეცნონ პოლიციის საქმიანობას, მიიღონ გარკვეული ინფორმაცია და შემდგომში, თუკი, რა თქმა უნდა, მათ სურვილი ექნებათ, ბუნებრივია, შეეძლებათ, რომ დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურის მოადგილემ.

მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება იმისთვის, რათა ბავშვებს პოლიციის, საპოლიციო საქმიანობის მიმართ ინტერესი გაუჩნდეთ და ნახონ როგორ მუშაობენ სისტემაში შემავალი სტრუქტურები.

ასევე იხილეთ:

„ჩვენი საბოლოო მიზანია, ეს საგანი სკოლაში სავალდებულო გახდეს“ – „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან კიდევ 40 სკოლაში შევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური