„ვხედავ საჭიროებას, რომ სპეციალურმა მასწავლებლებმაც ჩავაბაროთ საგნობრივი გამოცდა“ – მოქმედი პედაგოგის პოზიცია
თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპეციალური მასწავლებელი, თამარ ჯიხვაძე ამბობს, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ დაწყებით კლასებში სწავლების მსურველი პედაგოგებისთვის, არამედ – სპეციალური მასწავლებლებისთვისაც.
სპეცმასწავლებელმა დაწყებითი კლასების კომბინირებული გამოცდა 19 ივლისს, ქართულში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარა და საკუთარი გადაწყვეტილება საინტერესოდ აგვიხსნა.
“სპეციალური პედაგოგის კვალიფიკაცია მაქვს. სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობა რთული ქცევის მქონე მოსწავლის მეცადინეობაა. როცა მასწავლებელს სათანადო ცოდნა არ აქვს იმ საგნებში, რომელშიც მოსწავლე უნდა ამეცადინოს, მას აუცილებლად სჭირდება ამ ცოდნის შეძენა, ამიტომ გადავწყვიტე ამ გამოცდაზე გავსულიყავი. ვხედავ საჭიროებას, რომ სპეციალურმა მასწავლებლებმაც ჩავაბაროთ საგნობრივი გამოცდის ტესტი. სწორედ ამიტომ ვარ აქ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE– ს თამარ ჯიხვაძემ.
როგორც პედაგოგი ამბობს, ის გეგმავს, რომ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც გაიაროს, რადგან როცა მისი მოსწავლეების წრე გაფართოვდება, სურს, ყველა საჭირო კომპეტენცია ჰქონდეს დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის.
“როცა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვამეცადინებთ მოსწავლეს, ეს არც ისე მარტივი პროცესია. რაც მეტი გვეცოდინება, მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამჯერად, მე 4 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე მყავს. როცა დაწყებით კლასებში შევალ, ჩემი უფლება-მოვალეობებიც უფრო გაფართოვდება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ვგეგმავ, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარო და უფრო მეტი ცოდნა შევიძინო. ეს აუცილებლად მიმაჩნია, რადგან მხოლოდ ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ მომავალს”, – განმარტავს მოქმედი პედაგოგი.
საუბრის ბოლოს სპეციალურმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ საგნობრივი გამოცდების არსებული ფორმატი, მისთვის, როგორც სპეციალური მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან პროფესიული ზრდისა და უფრო მეტი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა აქვს.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება