„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია, რომ აბიტურიენტები პირველ გამოცდას 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო ბოლო გამოცდას 22 ივლისს, ფიზიკაში ჩააბარებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისაღებ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 43 000-ზე მეტ აპლიკანტს გამოცდები, ფაქტობრივად, კარს მოადგა და უშუალოდ საგამოცდო სივრცეში მოხვედრამდე რამდენიმე დღე დარჩა.
როგორი წინასაგამოცდო განწყობა და მოლოდინები აქვთ, როგორ აფასებენ აბიტურიენტობის პერიოდს, რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს ირჩევენ, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა სურთ თუ კერძო უმაღლესია პრიორიტეტული, რა არის მათი მთავარი სათქმელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი თანატოლებისთვის – ამ შეკითხვებზე EDU.ARIS.GE-მ სწორედ 2026 წლის გამოსაცდელების პასუხები მოისმინა.
ჩვენი პირველი რესპონდენტი მარიამ ნოზაძეა, რომელმაც წელს, თბილისის 166-ე საჯარო სკოლა დაასრულა და ახლა მისაღებ გამოცდებზე გასასვლელად ემზადება. ის სამ საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ისტორიაში ერთდროულად ემზადება და ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ აბიტურიენტის რუტინა საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს:
„როგორც აბიტურიენტების უმრავლესობა საქართველოში, მეც პრაქტიკულად მთელ დღეს რეპეტიტორებთან მომზადებას ვუთმობ. სახლში მისვლის შემდეგ, ჩემთვის აუცილებელია განვიტვირთო, რადგან პაუზის გარეშე წიგნებთან დაჯდომას და კონცენტრირებას ვერ ვახერხებ. განტვირთვის შემდეგ, საღამოობით, დამოუკიდებელ მეცადინეობას ვიწყებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა შემდეგია – როცა ვაცნობიერებ, რამდენი მაქვს სასწავლი, ქვეცნობიერად ვნერვიულობ და ტვინი ცდილობს, ამას გაექცეს. იზოლირება ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ ძალას მაქსიმალურად ვიკრებ ხოლმე.
ვიცნობ აბიტურიენტებს, რომლებიც უმეტეს დროს მეცადინეობას უთმობენ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ სწავლაზე ფოკუსირება დიდ სტრესს იწვევს და აუცილებელია არ დავივიწყოთ, რომ ცხოვრება სწავლის მიღმაც არსებობს“.
მარიამს ფსიქოლოგობა სურს და პრიორიტეტს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ანიჭებს. აბიტურიენტის აზრით, უმაღლესი განათლების რეფორმამდე, ახალგაზრდები კერძო უმაღლესებში სახელმწიფო სასწავლო გრანტების მოპოვების იმედით აბარებდნენ, საგრანტო წესის გაუქმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ კი, უმრავლესობისთვის პრიორიტეტული სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტები გახდა, რაც კონკურენციას ზრდის.
„ჩემი მოტივაცია არ არის მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება და დიპლომის აღება, ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ფსიქოლოგია უმაღლეს დონეზე შევისწავლო. რაც შეეხება უნივერსიტეტს, უფრო კერძო სასწავლებლებისკენ ვიხრები. ვფიქრობ, იქ უფრო თანამედროვე მიდგომები და მასალა დამხვდება, რასაც დიდ უპირატესობას ვანიჭებ.
ზოგადად, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს ორი მხარე. ერთი მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება და ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ, გრანტების გაუქმება კერძო უნივერსიტეტის მსურველებს დიდ პრობლემას უქმნის, რადგან აბიტურიენტები, რომლებსაც კერძო უნივერსიტეტები უფრო მოსწონდათ, სწორედ სახელმწიფო გრანტის მოპოვების იმედად აბარებდნენ. ახლა კი, ხშირ შემთხვევაში, აპლიკანტი, გრანტის არარსებობის გამო, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ფოკუსირდება, რაც კონკურენციას ზრდის. ესეც დამატებითი სტრესია. ჩემი აზრით, კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა, ბევრ ბავშვს სწავლის შესაძლებლობა არ მიეცეს“.
როგორც აბიტურიენტი გვეუბნება, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ცუდი მოლოდინი არ აქვს და ცდილობს, წინასაგამოცდოდ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოს – იმავეს ურჩევს სხვა აპლიკანტებსაც.
„ძალიან ვღელავ, თუმცა ცუდი მოლოდინი არ მაქვს. რომ ვთქვა, ბოლომდე თავდაჯერებული ვარ-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ რაღაც მხრივ ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. გამოცდის წინა დღეებში, ალბათ, ძალიან დიდ სტრესში ვიქნები, მაგრამ ვეცდები, კარგი განწყობა შევინარჩუნო.
აბიტურიენტებსაც ვეტყვი, რომ ნერვიულობა ბუნებრივია, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ შიშით დადებით შედეგებს ვერ მივიღებთ. ამიტომ, უფრო მეტად მობილიზება გვმართებს. ყველაზე მთავარია, არ დავკარგოთ საკუთარი თავის იმედი. ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესი საკუთარ თავში არ ჩავკეტოთ და ემოციები გავუზიაროთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან მასწავლებლებს. ეს გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, თუმცა თუ დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ, ეს არ იქნება სამყაროს დასასრული. ცხოვრება მაინც გრძელდება და სხვა გზებიც არსებობს“, – აღნიშნავს მარიამ ნოზაძე.
EDU.ARIS.GE-ს მეორე რესპონდენტი თბილისის 166-ე საჯარო სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული თეკლა ამანათაშვილია, რომელსაც სურს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობა ისწავლოს. აბიტურიენტს ახარებს შესაძლებლობა, რომ თუკი სახელმწიფო უმაღლესში ჩაირიცხება, მშობლებს მისი სწავლის დაფინანსება არ მოუწევთ.
„დიდი ხნის განმავლობაში მიჭირდა ფაკულტეტის არჩევა, თუმცა შევძელი, ამერჩია ის, რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. სახელმწიფოსთან ერთად, კერძო უნივერსიტეტებიც მაქვს ჩამონათვალში მონიშნული. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფოში მოვხვდები თუ კერძოში, რადგან მთავარი მაინც განათლების მიღებაა.
მართალია, ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ კონკურენცია სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახლა გაიზრდება, მაგრამ მე პირადად, ძალიან მახარებს ის, რომ თუკი შევძლებ სახელმწიფო უმაღლესში მოხვედრას, ჩემს მშობლებს არ მოუწევთ თანხის გადახდა და მათ ამ კუთხით არ შევაწუხებ“.
თეკლა მეორე წელია, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში რეპეტიტორთან ემზადება. როგორც აბიტურიენტი აღნიშნავს, მიზნის მისაღწევად ყველა სირთულეს უძლებს, სტრესის მიუხედავად კი, დრო მეგობრებისთვისაც რჩება.
„აბიტურიენტებისთვის ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდია. ჩემს შემთხვევაში ასეთი ვითარებაა – სამ საგანს – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურს და ისტორიას ვაბარებ და სამივეში ვემზადები. კვირის განმავლობაში სამივე საგანი სამჯერ მიტარდება. ცოტა არ იყოს, რთულია ამ ყველაფრის გაძლება მით უფრო იმ სტრესის ფონზე, რაც ამ პერიოდს ახლავს თან. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, მიზნის მიღწევისთვის ვუძლებ.
გამიმართლა და შაბათ-კვირას გაკვეთილები ნაკლებად მაქვს და შეგვიძლია ხოლმე, რომ მეგობრები შევიკრიბოთ, სადმე გავისეირნოთ. მუდმივად მეცადინეობით გონება იღლება და განტვირთვა აუცილებელია“.
როგორც აბიტურიენტი გვეუბნება, წინასაგამოცდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების მართვა და იმის გააზრებაა, რომ გამოცდაზე კარგი შედეგის მიღწევა არა ნერვიულობით, არამედ ცივი გონებით არის შესაძლებელი.
„უნდა ვაღიარო, რომ აქამდე არ ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა ბოლო თვე რომ არის და დაიდო უკვე საგამოცდო განრიგიც, ცოტა არ იყოს, ნერვიულობამ შემიპყრო. თუმცა, ვცდილობ, რომ თავი მოვთოკო, რადგან ნერვიულობა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს გამოცდების შედეგებზე. მინდა, ყველას ვურჩიო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. მხოლოდ ცივი გონებით შევძლებთ კარგი შედეგის მიღებას.
ოჯახის წევრები ძალიან მიდგანან მხარში და მამხნევებენ. კარგად ესმით, რამდენად რთული პერიოდი მაქვს. ყველანაირად ცდილობენ, რომ კარგი გარემო შემიქმნან, მეცადინეობის დროს ხელი არ შემიშალონ. მეუბნებიან, რომ ნერვიულობა საჭირო არ არის, მამხნევებენ, რომ ამ ყველაფერს შევძლებ“, – აცხადებს თეკლა ამანათაშვილი.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 მილიონი ლარი გადაეცემა – საჭიროება კი 7 მილიონამდე იყო
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – პროცედურა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
რომელი სტუდენტების სტიპენდია გახდება შემოდგომის სემესტრიდან 1 000 ლარი – თბილისის მერიის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება